საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სჭირდება ამომრჩეველთა დაზუსტებული ერთიანი სია, რომელიც სანდოობის მაღალი ხარისხით ისარგებლებს და ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს კითხვის ნიშნებს.
"ზუსტი და სანდო ერთიანი საარჩევნო სიის შედგენაში ეფექტიანი მონაწილეობის მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მის სამოქალაქო რეესტრს შეუძლია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც ის ფლობს. ამ მიმართულებით მუშაობა სააგენტოში დღესაც გრძელდება.
თუ რამდენად ფართო ფუნქციები დაეკისრება სამოქალაქო რეესტრს ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებაში, ამ საკითხზე მსჯელობას ინტერფრაქციული ჯგუფი აგრძელებს. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუკი ინტერფრაქციული ჯგუფი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, სამოქალაქო რეესტრი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეძლებს მაქსიმალურად გამოასწოროს ის ცდომილებები, რაც აქამდე არსებობდა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სამოქალაქო რეესტრი ჩვეულ რეჟიმში ითანამშრომლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომელიც, ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, არის ერთიანი საარჩევნო სიის შემდგენელი ორგანო"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიიჩნევს, რომ ერთიანი საარჩევნო სია საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესის საგანია და ამ თემის პოლიტიზირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არ ღირს.