ENG / RUS       12+

ოცნების გაუგებრობათა კვირა - ბედუკაძე, უნივერსიტეტები და აშშ-ის კონგრესი

ბედუკაძის თავისუფლება, საუნივერსიტეტო ელიტათა ბრძოლა და ამერიკელ კონგრესმენთა პრაგმატიზმი

გასულ კვირას, სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნით, პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა „ციხის კადრების" ავტორი ლადო ბედუკაძე, რომელსაც, გლდანის ციხისა და „სასჯელაღსრულების" მაღალჩინოსნებთან ერთად, თავდაპირველად ასამართლებდნენ სისხლის სამართის კოდექსის უმძიმესი მუხლით - „წამება", რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ „ციხის კადრებმა" ნამდვილად გადამწყვეტი როლი შეასრულა „ნაციონალთა" დამარცხებაში 1 ოქტომბერს. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრვალესობა თვით ამ ფაქტმა აღაშფოთა (ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა), არამედ იმის შედეგად, რომ ხელისუფლებამ ვერაფრით უპასუხა, ვერაფერი დაუპირისპირა აგორებულ საპროტესტო ტალღას, ანუ „წაიშალა", დაიბნა და „დაჩმორდა" იმ ობივატელის თვალში, რომელიც ყველა არჩევნებზე მუდამ ძლიერსა და თავდაჯერებულს აძლევს ხმას - სუსტისა და დაბნეულის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ამომრჩევლის ეს კატეგორია ან საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, ან ხმა უფრო ძლიერებს და წარმატებულებს, ესე იგი ივანიშვილის გუნდს მისცა. მაგრამ რა გამოვიდა ამ სკანდალური საქმიდან და „საუკუნის პროცესიდან" საბოლოოდ? 1-2-3 წელი მისცეს ჩინოსნებს, ვინც თითქოსდა ასოცირდებოდა ცოცხით და ხელჯოხით გაუპატიურებასთან, ესე იგი ადამიანის გაუგონარ წამებასთან და ღირსების შელახვასთან!

არადა, სინამდვილეში, განაჩენი ლოგიკურია, ვინაიდან ყველა მათგანი გაასამართლეს არა „ცოცხისთვის", არა „ხელჯოხისთვის", არა „სიგარეტის მოწევინებისთვის" (კიდევ ერთი ამაზრზენი ეპიზოდის მიხედვით), არამედ მხოლოდ და მხოლოდ „კარანტინის დაშლის" იმ კადრების საფუძველზე, როდესაც ჩინოსნები პატიმრებს სცემენ. საშინელებაა, რასაკვირველია, მაგრამ „ცოცხით გაუპატიურებას" ვერ შეედრება.

აქედან გამომდინარე, საოცარი დასკვნა იკვეთება: იმისთვის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, (ანუ, ვიმეორებ - ცოცხით და ხელჯოხით გაუპატიურებისთვის და ა.შ), რამაც ვითომ „შეძრა საქართველო", საერთოდ არავინ დასჯილა! იმიტომ, რომ იმის დასჯა, ვინც ამ სცენებში ფიგურირებდა და ვისი ხმაც ისმოდა კადრს მიღმა („გეტკინააააააა?"), პოლიტიკურად „არ გამოდიოდა". ამიტომ განაჩენიც ასეთი დადგა და გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში სწორედ „ცოცხების პროტესტის" ტალღაზე მოვიდა, სხვაგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე! უბრალოდ, ჩვენ ნუ დავემსგავსებით ახლადშობილ „ბოჩოლებს", რომლებიც ვერაფერს ამჩნევენ და ვერაფერს ხვდებიან.

ასევე „მიზანშეწონილად" მოქმედებს ხელისუფლება „განათლების კანონში" ცვლილებებთან დაკავირებით. მისი მთავარი აზრი ისაა, რომ არ მისცენ სახელმწიფო უნივერსიტეტთა „ნაციონალურ" აკადემ-საბჭოებს იმავე რექტორთა არჩევის საშუალება, რომლებიც უნივერსიტეტებს წლების განმავლობაში მართავდნენ „ნაციონალური ხელისუფლების" ხელდასხმით. ახალ ხელისუფლებას კი სჭირდება ელიტათა ცვლა ყველა სფეროში: საგანმანათლებლოში, ბიზნესში, პოლიციაში და ა.შ. ანუ აქ სამიზნე არა რექტორები, არამედ თვით აკადემ-საბჭოები არიან.

ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) ხელისუფლება ელიტებს ეყრდნობა და თუ ძალაუფლების მოპოვების შემდეგ იგი „ძველ ელიტებს" დატოვებს, მაშინ ადრე თუ გვიან ძნელადგადასალახი პრობლემები შეექმნება. „ოცნება", საგანმანათლებლო კანონით, სწორედ ელიტათა ცვლის პროცესის დაწყებას (პირობითად „მიშას ელიტების" - „ბიძინას ელიტებით" ჩანაცვლებას) ცდილობს ძალიან მნიშვნელოვანი, - „საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო" მიმართულებით.

პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ესეც ბუნებრივია და „ახლადშობილი ბოჩოლას" როლში უკვე ისინი წარმოჩინდებიან, ვისაც ძველი და ახალი ელიტების გარდაუვალი შეტაკება „უნივერსიტეტთა ავტონომია-ცენტრალიზაციის" პრიმიტიულ დისკურსში გადაჰყავთ.

 

პოლიტიკური პრაგმატიზმი და „მიზანშეწონილობის ტექნოლოგია" ამერიკელებისგან უნდა ვისწავლოთ. კონგრესმა თითქმის საბოლოოდ გააფორმა სანქციები საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, - ვითომდაც „პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების გამო".

„რაღა გვეშველება, ამერიკა ჩვენთან სამხედრო მოკავშირეობას წყვეტსო" - ატყდა ვაება. სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს მოკავშირე რეალურად არც არასდროს ყოფილა, ხოლო ყბადაღებული „სამხედრო თანამშრომლობა" მხოლოდ და მხოლოდ 20 მილიონი დოლარის „ტექნიკურ დახმარებაში" გამოიხატებოდა, ანუ კონსულტაციებში და არა იარაღისა და სამხედრო სპეციელისტების გამოგზავნაში.

კონგრესის რეზოლუცია, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონს უკვე ამ მიზერულ ფასადაც კი „აღარ უღირს" მოსკოვის გაღიზიანება. ხოლო ხელისუფლების ცვლა, ისევე, როგორც ვანოსა და ბაჩოს დაპატიმრება, მხოლოდ საბაბია. ოღონდ რეალური საბაბი. ჩვენში ხშირად არ ესმით (ან არ უნდათ გაიგონ) დასავლური პოლიტიკის ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი: როდესაც, მაგალითად, ამერიკელები და ევროპელები საუბრობენ „პოლიტიკურ მოტივებზე" ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრისას, ისინი იმას კი არ გულისხმობენ, რომ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი საქმის აღსაძრავად, არამედ იმას, რომ თვით საქმის აღძვრა იყო პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი და, მათი აზრით, სწორედ ეს მოტივი აქცევს საქმეს „პოლიტიკურად", როგორი „მტკიცეც" არ უნდა იყოს ბრალდება სამართლებრივი თვალსაზრისით!

სხვაგვარად რომ ვთქვათ, არჩევნებამდე ამერიკელები ჩვენთან რეალურ სამხედრო-სტრატეგიულ მოკავშირეობაზე იმ საბაბით არ თანხმდებოდნენ, „ჯერ არჩევნები ჩაატარეთ დემოკრატიულადო", ახლა კი იმ საბაბით, რომ „კი დემოკრატიული იყო, მაგრამ არადემოკრატიულად იქცევითო". თუმცა ამ საბაბის მიუხედავად, ნამდვილი მიზეზი, ორივე შემთხვევაში, პრაგმატული გათვლაა და, რას იზამ, არც მათ გაემტყუნებათ, რაკი პოლიტიკა, ზოგადად, უშვერობამდე ცინიკური საქმეა.


"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი

ავტორი: . .