დღეს, 14 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისთვის უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე ღვთისმსახურების ხელშეშლის ფაქტს გააპროტესტებენ და რელიგიური უმცირესობის უფლებებისა და ტოლერანტობის დაცვის მნიშვნელობას ადგილზე გამართული სოლიდარობის აქციით გამოხატავენ.
„ბოლო 3 კვირის მანძილზე სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ქრისტიან მრევლს მიაკუთვნებს თავს აშკარად უკანონო ფორმით ხელს უშლის უმცირესობაში მყოფ მუსლიმ თემს პარასკევის ტრადიციული ლოცვის (ჯუმას) სალოცავ სახლში გამართვას. ადგილობრივი ქრისტიანების ქცევა, მათი განცხადებები ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელია აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი მუსლიმების მიმართ და რელიგიური კონფლიქტის გამწვავების საფრთხეს ქმნის", - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.