12 ივნისს, რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებლობის დღეს, 14 საათზე ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" რუსეთის საელჩოს ყოფილი შენობის წინ (ჭავჭავაძის 51) აწყობს აქციას რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ.
ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია ”მტერსაც და მოყვარესაც ღიად და ორაზროვნად განვუცხადოთ, რომ ქართველი პატრიოტები ვერასოდეს შევურიგდებით ქვეყნის დეზინტეგრაციას და ტერიტორიების დაკარგვას”.
აქციაზე "ეროვნული ფრონტი" წარმოადგენს თავის ხედვას თუ რატომ მივიდა საქართველო არსებულ ჩიხამდე, ვინ და რა მიზეზით და მიზნებით შეუწყო ხელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ქვეყნისგან სეპარატიზაციის პროცესს. ორგანიზაცია, ასევე, საქართველოს მთავრობას წარუდგენს მისეულ ხედვას თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
"ეროვნული ფრონტი" თვლის, რომ ქვეყნაში დეზინტეგრაციული პროცესები გამოიწვია ზესახელმწიფოთა პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების ჭიდილმა და დაპირისპირებამ, ქართველთა ცნობიერების დენაციონალიზაციამ, ეროვნული იდეოლოგიის დაკნინებამ, მორალურ-ზნეობრივი პრინციპების გაუფასურებამ. ვთვლით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი არის ეროვნულ და ქრისტიანულ მორალურ-ზნეობრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება და არანაირ თვითმიზანს არ წარმოადგენს ამა თუ იმ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში თუ კავშირში გაწევრიანება, იქნება ეს ნატო თუ ევრაზიული კავშირი. პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი მხოლოდ ქართული ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა განისაზღვროს და ის ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნულ-ქრისტიანული ღირებულებების უზენაესობის პრინციპებს.