დავით დარახველიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება. მინისტრი და მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე უკვე შეხვდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცეპრემიერს ალი ჰასანოვს, რომელიც ასევე გახლავთ დევნილთა და ლტოლვილთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
საქართველოს მსგავსად, დევნილებისა და ლტოლვილების პრობლემა აზერბაიჯანსაც წლებია აწუხებს. მათ მილიონამდე დევნილი და ლტოლვილი ჰყავთ ქვეყანაში და მათი საცხოვრებელი პირობების მოგვარების მრავალწლიანი გამოცდილებაც გააჩნიათ.
მინისტრმა და ვიცეპრემიერმა სწორედ დევნილთა და ლტოლვილთა საკითხები განიხილეს და თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დევნილთა პრობლემის მოგვარებას აზერბაიჯანში ხელს უწყობს, დევნილთა სახელმწიფო კომიტეტის ბუჯეტია, რომელიც 800 მილიონ დოლარს აღწევს.
"აზერბაიჯანის რესპუბლიკას დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით სერიოზული შედეგი აქვთ. მათ დაახლოებით 1 მილიონიანი კონტიგენტის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის საკითხები თითქმის გადაწყვიტეს მშენებლობების ხარჯზე. მათ ჩვენ გაგვიზიარეს გამოცდილება, გვაჩვენეს თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ დევნილები, როგორი კორპუსები და მიკრო ქალაქები აუშენეს მათ და ეს პროცესი გრძელდება. ასევე, გამოთქვეს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის" - აღნიშნა დავით დარახველიძემ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩა და სურვილი გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის: „ქართულ დელეგაციასთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ, კერძოდ განვიხილეთ თუ რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად, ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზეც, თუ როგორ უნდა მოგვარდეს მსგავსი პრობლემები საქართველოში.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დღეს ქვეყნის პრეზიდენტსაც შეხვდება.