ავღანეთში დაღუპული შვიდი ქართველი სამხედრო სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრიდან საკუთარ ოჯახებში გადაასვენეს.
ჰელმანდის პროვინციაში ტერაქტის შედეგად დაღუპული სამხედროებიდან სამი გორის რაიონიდანაა. კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი ქალაქ გორში, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი კი სოფელ კარალეთში გვიან ღამით გადაასვენეს.
დაღუპულები საკუთარ ოჯახებში ჩოხოსნებმა მიასვენეს. გადასვენების პროცესს გარდაცვლილების ახლობლები, თანასოფლელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი კი ჩოხოსნებმა და სამხედროებმა საკუთარ სახლში, რუსთავში გადაასვენეს. სამგლოვიარო პროცესიაში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 26 წლის იყო. მას მეუღლე და 3 შვილი დარჩა. ნარინდოშვილი ავღანეთში 3 თვე მსახურობდა.
რაც შეეხება პირველი კლასის რიგით გიორგი ღუჭაშვილს, ის სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ მარტყოფში გადაასვენეს. ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.
ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში კი კაპრალი თეიმურაზ ორთავაძე გადაასვენეს. ცხედარი საკუთარ სახლში ჩოხოსნებმა და სამხედროებმა ჩაასვენეს. ორთავაძის გადასვენებას სოფელში მოსახლეობა ელოდა. კაპრალი თეიმურაზ ორთავაძე ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა.
გვიან ღამით მცხეთაში გადაასვენეს პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი. ის ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გვიანობამდე გაგრძელდა. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა.
სამგლოვიარო ცერემონიას პრეზიდენტი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, მეუღლესთან ერთად.
დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა მიუსამძიმრეს.