,,ახალი მემარჯვენეები" ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და უსამძიმრებენ დაღუპულების ოჯახებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია სამძიმრის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,მთელი საქართველო თავზარდაცემულია ავღანეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი 7 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად თითოეული ჩვენგანის - საქართველოს მოქალაქეების სახელით იდგნენ და დგანან მსოფლიოში მშვიდობის სადარაჯოზე და ჩვენი სახელით შეაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ტერორიზმის - თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავიანთი სიკვდილით მათ არა მხოლოდ საკუთარი მხედრული ვალი მოიხადეს კაცობრიობის წინაშე, არამედ მოიხადეს საქართველოს ვალიც, რომელსაც აქვს ღიად გამოხატული სურვილი იყოს იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც იბრძვიან მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის, მსოფლიოში მცხოვრები ყველა მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლის უფლებისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს და ახლობლებს ამ უმძიმესი დანაკლისის გამო და ქედს ვიხრით მათი გმირობის, მათი ვაჟკაცობის წინაშე. ამ საშინელი ტრაგედიის, ინტერნეტით გავრცელებული საქართველოსადმი მუქარის შემცველი ვიდეო რგოლების გამო საზოგადოების შეშფოთება და ის დიდი ვნებათაღელვა, რაც სოციალურ ქსელებშია გამოხატული, სავსებით გასაგებია, გასაგებია ის ემოციებიც, რაც ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვას მოჰყვა, მითუმეტეს, როცა ეს ერთეული შემთხვევა არ არის და ჩვენ ადრეც განვიცადეთ უდიდესი დანაკლისი ავღანეთში ჩვენი მისიის შესრულების დროს. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ, სამწუხაროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც ირგვლივ მხოლოდ კეთილის მყოფელები ჰყავს და რომელსაც აქვს უფლება განზე გადგეს, როცა მსოფლიოში ასეთი პროცესები მიმდინარეობს. იმ სახელმწიფოების რიგში დგომა, რომლებმაც თავიანთ თავზე აიღეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი რთული ხვედრიც არის და პატივიც და ამავდროულად არის ისიც, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს გარანტიებს, რომ ერთ დღეს არ აღმოვჩნდეთ სუვერენიტეტის დაკარგვის საშიშროების წინაშე. ნატო არის საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს და ზრახვებს ამ არჩევანის მიმართ ერთგულება და მტკიცე პოზიცია უნდა დავუპირისპიროთ.
ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთში მშვიდობისმყოფელის მისიას ასრულებს, კარგად აქვს გაცნობიერებული ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის ის, რაც მათ წვლილს, მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდეს მოწოდების სიმაღლეზე და გამოიჩინოს გონიერებაც, სიფხიზლეც, რომ ყველაფერი ეს მართლაც ისე არ შემოგვიტრიალდეს, როგორც ეს ამ ძალზე სახიფათო სცენარის ავტორებს და შემსრულებლებს სურთ.
მოვუწოდებთ საზოგადოებას პატივი ვცეთ ავღანეთში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას სწორედ იმით, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი უაზრო მსხვერპლად არ მიიჩნიონ.
დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად მტკიცედ ვიაროთ იმ იდეალების გზით, რასაც მათი სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ სწორედ ამ სიტუაციაში გვჭირდება სიმტკიცე, გონიერება და არა ემოციებს აყოლა, რადgან ნებისმიერი გაუაზრებელი განცხადება, მოწოდება და ქმედება შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი მოვლენების ძალზე ცუდი განვითარებისა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნისთვის არასასურველი შედეგები.
იმედს გამოვთქვამთ ჩვენი ხელისუფლება, პოლიტიკური ძალები და საზოგადოება ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ესაჭიროება", -ნათქვამია განცხადებაში.