აქა იქ გამოითქმოდა ლეგიტიმური მოსაზრება, რომ საზღვარზე გამწვავების ინიციატორი ოსური მხარე იყო. მართლაც, თუკი რაიმესი ეშინოდათ და ეშინიათ ოს (ისევე, როგორც აფხაზ) სეპარატისტებს - ესაა ქართულ-რუსული გარიგება მათი ინტერესების ხარჯზე ანუ მათ ზურგს უკან. რამდენად რეალურია ამგვარი გარიგება - სხვა საკითია. მაგრამ რომ ეშინიათ, - ფაქტია.
თუმცა, ძალზე საეჭვოა, რუს მესაზღვრეებს ცხინვალის მითითებები შეესრულებინათ სასაზღვრო ზოლში მავთულხლართების აგების შესახებ, თუ საკუთარი სარდლობისგან, ანუ მოსკოვისგან არ მიიღებდნენ შესაბამის ბრძანებას. მაშასადამე, კვლავაც აქტუალურია კითხვა რაში სჭირდება ეს ყოველივე მოსკოვს?
კარასინ-აბაშიძის მორიგმა შეხვედრამ ამ კითხვას მკაფიო პასუხი გასცა. კი ბატონო, ქართველმა დიპლომატმა, მასზე განხორციელებული „თბილისური წნეხის" გამო (მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან), ეს საკითხი „წამოჭრა". კარასინი მას ლაპარაკს ვერ აუკრძალავდა, მაგრამ პასუხიც შესაბამისი მიიღო: „ჩვენ ხომ თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეს თემები მხოლოდ ჟენევის დისკუსიათა ფარგლებში განვიხილოთ აფხაზი და ოსი წარმომადგენლების მონაწილეობით? მართლაც ასე მოილაპარაკეს თავიდანვე. სხვა შემთხვევაში კარასინი ამ შეხვედრებს არ დათანხმდებოდა, რადგან მოსკოვის სტრატეგია, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მისი არსი ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა (საქართველოს „დაუძინებელ მეგობართა" ლეგიონიდან) ამგვარად ჩამოაყალიბა: „ვიურთიერთოთ საქართველოსთან ისე, თითქოს არ არსებობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა და ვიურთიერთოთ მის ყოფილ ავტონომიებთან ისე, თითქოს არ არსებობს საქართველო და მისი პრეტენზიები".
ეს არის რუსული სტრატეგიის არსი 1994 წლიდან, როდესაც სისხლიანი კონფლიქტები დასრულდა, აფხაზეთსა და ცხინვალში ეთნოწმენდა შედგა, ხოლო ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ ხელისუფლებას მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა, რომ მოსკოვთან დიალოგი სჭირდებოდა. ოღონდ შევარდნაძე (ისევე როგორც მისი მომდევნო სააკაშვილი) მუდამ ცდილობდნენ ამ თემების დაკავშირებას. ანუ, ქართული მხრიდან მოქმედებდა საპირისპირო ფორმულა: „ურთიერთობა რუსეთთან იმის შესაბამისად, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს რუსეთი კონფლიქტების გადასაწყვეტად, ანუ, როგორც იმ დროს ამბობდნენ „დაგვიბრუნებს თუ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს".
ამ ფორმულით მოაწერა 1995 წელს შევარდნაძემ ხელი პავლე გრაჩოვთან 25 წლით რუსული ბაზების დაკანონების ხელშეკრულებას, ამ ფორმულით ნიშნავდა მინისტრებად ვარდიკო ნადიბაიძეს, იგორ გიორგაძეს, შოთა კვირაიას (ანუ მოსკოვისადმი ლოიალურ და მოსკოვიდან პირდაპირ ნაკარნახებ მოხელეებს) და ა.შ და ა.შ. რუსები ამ ყოველივეს იღებდნენ, მაგრამ სტატეგიას არ ცვლიდნენ: „რაც არ უნდა გააკეთოთ, რა დათმობაზეც არ უნდა წამოხვიდეთ, ჩვენ მზად ვართ საპასუხოდ გელაპარაკოთ ვაჭრობაზე, კულტურაზე, სპორტზე, ვიზებზე, მაგრამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სავაჭრო თემა არ არის". მორჩა და გათავდა: „Россия союзниками не торгует» - განაცხადა ბოლოს მედვედევმა.
მართლაც, მოსკოვში ხომ შესანიშნავად იციან: რა დათმობაზეც არ უნდა წავიდეს საქართველო, ქართული საზოგადოება თვისებრივად მის მიმართ მაინც ნაკლებ ლოიალურია, ვიდრე რუსულენოვანი აფხაზები და ოსები. და ჩვენ რას ველოდით - რომ რუსები, ჩვენთან ტაქტიკური გარიგების სანაცვლოდ კავკასიაში მათ სტარტეგიულ მოკავშირეებსა და დასაყრდენს - აფხაზებსა და ოსებს გაანაწყენებდნენ? «Вы хотите, чтобы мы навеки испортили с ними отношения?» - პირდაპირ მიახალა ერთხელ პუტინმა შევარდნაძეს, როცა ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ, ლამის მეასედ სთხოვა ამგვარი „გეშეფტი": საქართველოს ლოიალობა - ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ.
თავდაპირველად, იგივეს ცდილობდა მიშაც: გავიხსენოთ მისი პირველი განცხადებები პუტინის მიმართ, გავიხსენოთ გაზპრომისათვის სტრატეგიული გაზსადენის ძალზე სარფიანად მიყიდვის მცდელობა (რაც, სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძემ ჩაშალა) და ბევრი სხვა რამ. მოსკოვის პასუხი იყო იგივე: პუტინმა, 2004 წლის დამდეგს, რუსული ბიზნესის „ვეშაპები" გამოაგზავნა თბილისში კონფერენციაზე. ამით გვითხრა: ყველაფერზე ვილაპარაკოთ, - ეკონომიკაზე, სპორტზე, კულტურაზე, მაგრამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სალაპარაკო თემა არ არის. ნუ ცდილობთ მათ მიბმას რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხთან. ანუ, ისევ და ისევ, ვიმეგობროთ, ვივაჭროთ, ვითანამშრომლოთ ისე, თითქოს არ არსებობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ დროს მე მათთანც ვიმეგობრებ, ვივაჭრებ, ვითანამშრომლებ ისე, თითქოს არ არსებობს საქართველო.
პრაღის შეხვედრამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსეთმა თავისი გაიტანა - თბილისმა ეს ფორმულა მიიღო. მოსკოვმა კი თვალნათლივ დაადასტურა: ვილაპარაკებთ ბორჯომზე, ღვინოზე, ვიზებზე, ხოლო ამავე დროს, პარალალურად, ჩვენ გავაგრძელებთ მავთულხლართების ინსტალაციას, რადგან ეს საკითხი საქართველოს საერთოდ არ ეხება. ამას ვამბობდით 1994 წელს. ამასვე ვამბობთ დღესაც. Всё, точка!
კაცმა რომ თქვას, რაკი ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ყველა გამოკითხვით, მთლიანობაში ისეა განწყობილი, რომ რუსულ ბაზარზე მწვანილის ექსპორტი, აქედან გამომდინარე სამუშაო ადგილები, დაძაბულობის მოხსნა და მშვიდობა მიაჩია პრიორიტეტად, ახალ ხელისუფლებას არც გაემტყუნება, თუ მოსკოვის ფორმულას ოფიციალურად დათანხმდა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი
კლაუდიო მუნოზის (Claudio Munoz) ილუსტრაცია