ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დასაქმების მოთხოვნით აქციას დღეს, დღის 14 საათზე გამართავენ. ასეულობით სუტუდენტი ხელისუფლების მხრიდან საზაფხულო სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებს.
„ჩვენ ამ აქციით ხელისუფლებას ვეტყვით, რომ სტუდენტებს გვინდა ზაფხულში ვიმუშაოთ და ჩვენვე გამოვიმუშაოთ დასასვენებელი ფული. ამიტომ აუცილებელია წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ინიციატივა გაგრძელდეს, რათა ზაფხულში დასაქმება და თანხის ანაზღაურება მოხდეს", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა დავით კიკუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ეგიდით გასულ წელს საქართველოს მასშტაბით ათასობით სტუდენტი საგაზაფხულო სამუშაოებში იყო ჩართული. სტუდენტებმა ერთი თვის მუშაობის სანაცვლოდ განათლების სამინისტროსგან 400 ლარი მიიღეს.