ENG / RUS       12+

ქართული პოლიტელიტის ყმაწვილური ალუზიები

მიუხედავად ოპტიმისტური და შემაგულიანებელი განცხადებებისა, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის მავთულხლართების ინსტალაცია გრძელდება და გაგრძლდება, რადგან ეს არა გაუგებრობა. არამედ ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული და ზუსტად გათვლილი პროვოკაციაა.

პუტინის ხელისუფლებას საერთოდ ახასიათებს ამგვარი პროვოკაციები, როდესაც მეზობელი ქვეყნის პოლიტიკითაა უკმაყოფილო და ემოციური რეაქციის გამოწვევას ცდილობს, რათა «მცირე ნაბიჯების» ტაქტიკა ფართო აგრესიაში გადაზარდოს. ამ ხერხს მოსკოვი ხშირად იყენებდა უკრაინასა და საქართველოში იუშენკოსა და სააკაშვილის მმართველობისას. მაგრამ დღეს რატომღა იყენებს? ხომ თითქოს შევარბილეთ რიტორიკა, მზადა ვართ რუსებს ქართული ღვინო დავალევინოთ (თითქოს ღვინის ან ლიმონათის ნაკლებობას განიცდის რუსული ბაზარი) და სოჭის ოლიმიადაშიც კი ვიღებთ მონაწილეობას, თითქოსდა ჰოკეიში ან სამთო-სათხილამურო სლალომში პოტენციური ჩემპიონები გვყავდეს და ქართული დელეგაციის სოჭში არყოფნას საერთოდ ვინმე შეამჩნევდა მსოფლიოში

ეს ყოველივე პუტინს სასაცილოდაც არ ყოფნის. იგი ხედავს, რომ ივანიშვილს სურს მოსკოვთან ურთიერთობაში ყველაფერი შეცვალოს ისე, რომ არაფერიც არ შეცვალოს! ნუთუ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ პრობლემა მიშას რიტორიკამ შექმნა? ან იმან, რომ თითქოს პუტინს «ლილიპუტინი» უწოდა?

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საგარეო პოლიტიკური დეკლარაცია, რომლითაც მთლიანად დაადასტურა მიშას საგარეო კურსი, სწორედ ეს კურსი იწვევდა და იწვევს მოსკოვის გაღიზიანებას. უფრო ზუსტად, არა ნატოსა და ევროკავშირში წევრობაზე გაუთავებელი განცხადებები (რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ იქ ჩვენ მაინც არავინ მიგვიღებს), არამედ პოსტსაბჭოურ ინტეგრაციაზე, იმავე «ევრაზიულ კავშირზე» და «საბაჟო კავშირზე» უარის თქმა.

ეს უარი აღიზიანებს პუტინს და არა ფუჭი დეკლარაციები პროდასავლური კურსის შესახებ, რასაც პასუხად მოსდევს დასავლური დემაგოგია «ნატოს კარების ღიაობის» შესახებ. თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა ამას წინათ ისიც მოგვახალა: «ნატო-ს კარები კი ღიაა, მაგრამ სუპერმარკეტის კარები არ გეგონოთ, მიახლოებისთანავე რომ იღებაო». და ეს მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცები უკვე ათულობით იღუპებიან ავღანეთში!!! ისე, ჩეხეთს, მაგალითად, ავღანეთში ბევრად მცირერიცხოვანი კონტინგენტი ჰყავს. ძირითადად სამშენებლო ნაწილები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ. მაგრამ ამერიკამ ამ ქვეყანასთან, მადლიერების ნიშნად, უვიზო რეჟიმი შემოიღო.

როგორც ჩანს, მოსკოვის მიზანი სოწრედ ისაა, დიცის პროვოკაციით ქართველებს კიდევ ერთხელ გვიჩვენოს (როგორც იტყვიან «Для особо непонятливых»), რამდენად ვკიდივართ ფეხებზე იმავე ამერიკასა და ევროპას, რომლებიც რუსეთის მცოცავ აგრესიას და აშკარად გამომწვევ პროვოკაციებს პასუხობენ წყალ-წყალა განცხადებებით მხოლოდ საკუთარი სახის შესანარჩუნებლად.

მაგრამ გვაქვს კი საფუძველი გავბრაზდეთ ამის გამო? თავისი უბედურება უჭირთ: საქართველოში კი არა, სირიაში ვერ ბედავენ მოსკოვის შიშით მკვეთრ მოძრაობებს, აგერ კიდევ ირანი, ჩრდილო კორეა და ჩვენ გვინდა, საქართველოს გამო გააბრაზონ მრისხანე პუტინი?

სამაგიეროდ, დიცის ინციდენტმა კიდევ ერთხელ «დააინსტალირა», რამდენად შორსაა რეალობისგან ქართული პოლიტელიტა. სოფლელებთან შეხვედრისას, გიგი წერეთლმა საოცარი რამ თქვა: «ჩვენ დანგრეული ქვეყანა ჩავიბარეთ და ავაშენეთო». ალბათ საბრალო დიცელისათვის, ვისაც მიმართვდა, ეს ფრაზა განსაკუთრებით შთამაგონებელი იქნებოდა, რაკი იმ «დანგრეულ ქვეყანაში» (ანუ «ვარდების დიად რევოლუციამდე») მისი ბოსტანი საზღვარგარეთ არ იყო. საზღვარგარეთ მისი ბოსტანი მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც «ქვეყანა აშენდა».

მეორეს მხრივ, ზვიად ძიძიგურმა არსებულ ვითარებას «მძიმე მოცემულობა» უწოდა. თუმცა ეს მოცემულობა მათ შორის იმანაც «მოგვცა», რომ 23 წლის წინ სამტრედიაში რუსეთს ბლოკადას უწყობდა და ალბათ დღემდე უკვირს, როგორ გაუძლო მის ბლოკადას ამ «ძირგამომპალმა იმპერიამ?»

ამასობაში, პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე სულ უფრო თამამად აკეთებს პრორუსულ განცხადებებს და, კაცმა რომ თქვას, შექმნილ ვითარებაში ეს განცხადებები უკვე აღარავის გაკვირვებას, მით უმეტეს აღშფოთებას აღარ იწვევს. ნურავის განაცვიფრებს, თუ სულ მალე, პარლამენტის ექს - სპიკერი ბოჩაროვ რუჩეის რეზიდენცაიში ეწვევა პუტინს, რაც არათუ შეასუსტებს, არამედ გააძლიერებს მის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ბოლოს და ბოლოს, ხალხი ხომ ხედავს: დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად, «თავი აიტკივოს» ჩვენი გულისთვის და 2008 წლის შემდეგ თითი თითზე არ დაუკარებია, რათა საქართველოს მოსახლეობას გასჩენოდა დაცულობის განცდა, ანუ განცდა იმისა, რომ 35 კილომეტრში ჩასაფრებული რუსული ტანკები ხვალ თბილისში არ შემოვლენ, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი «დიპლომატიური შეშფოთების» მორიგი გამოთქმით არ შემოიფარგლება.


"ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

ავტორი: . .