რესპოდენტის შესახებ
- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, რატომ რატომ ქუცმაცდება ოპოზიცია მაშინ, როცა გაერთიანება ყველაზე მეტად სჭირდება?
- მიზეზი მხოლოდ მასშია. ყველაფერი ზედაპირზე დევს. როცა არჩევნებამდე 3 თვე რჩება და ერთი ყველაზე პოპულარული, ყველაზე იმედისმომცემი, ყველაზე რეიტინგული გაერთიანება იშლება, როგორც ამბობენ, კომენტარი ზედმეტია. ესაა ტრაგედია - სხვა სიტყვა ამას არ შეიძლება მოვუძებნოთ. როცა მოახლოებული არჩევნების წინ თავიდან იწყება ძველი გაერთიანებების დაშლაზე და ახლის, გაუთვლელი კონფიგურაციის შექმნაზე საუბარი, ეს მეტყველებს მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის მარგი ქმედების კოეფიციენტის საშინელ დეფიციტზე და იმაზე, რომ მათ უბრალოდ გაფლანგეს დრო.
ის, რაც ოპოზიციაში ახლა ხდება, ზუსტად ერთი წლის წინ, 2009-ის გაზაფხულზე უნდა მომხდარიყო, რათა წინააღმდეგობების დაძლევისთვის, საერთო ენის გამონახვისთვის და საბოლოოდ, რაღაც მტკიცე პოზიციის შექმნისთვის, პლატფორმის მომზადებისთვის, ელექტორატთან მუშაობისთვის ლიდერებს მთელი ეს დრო - ზაფხული-შემოდგომა-ზამთარი ჰქონოდათ... მაგრამ, ესენი გაერთნენ ტელეეკრანებზე კეკლუცობაში. სწორედ კეკლუცობაში დაიკარგა დრო და შეიძლება ითქვას, ამაში მათ დათვური სამსახური გაუწია ზოგიერთმა ტელევიზიამ, მათ შორის უპირველესად, "კავკასიამ" - დავით აქუბარდიასთან ოპოზიციონერების რიგი იდგა. ფიქრობდნენ, რომ მათი რეიტინგის ყველაზე კარგი გარანტია ის იქნებოდა, თუ რამდეჯერ გამოჩნდებოდნენ ტელეეკრანებზე და იქედან დამოძღვრავდნენ ელექტორატს, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ამ ელექტორატს მათი უკვე აღარ სჯერა.
როგორ შეიძლება იწამო ამ ოპოზიციის? ვიცი, რომ რასაც ვლაპარაკობ უსიამოვნოა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ დემოკრატია ძლიერი ოპოზიციის გარეშე არსად შექმნილა და საქართველო გამონაკლისი არ იქნება. ოპოზიცია - ეს არის დემოკრატიის ტყუპისცალი. ოპოზიცია და დემოკრატია ერთადაა, მათი გაყოფა არ ხდება და არ შეიძლება, ამიტომაც, თუ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, იქ არასდროს იქნება დემოკრატია.
- ანუ თქვენი აზრით, ქართული ოპოზიცია სუსტია?
- ჩვენს ოპოზიციას მე ოპოზიციასაც კი ძნელად ვუწოდებ. ოპოზიციონერობა მარტო ის კი არ არის, არ მოგწონდეს ხელისუფლება, ცდილობდე მის შეცვლას, ოპოზიციონერია ის, ვინც კლასიკური მეთოდებით იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის და რომელიც მზადაა, ხელისუფლებაში მოსვლისთვის. მე, ადამიანს, რომელიც უკვე 30 წელია პოლიტიკას ვსწავლობ, უკვე სერიოზული ეჭვი მეპარება იმაში, რომ საოცრებაც რომ მოხდეს და არსებული ხელისუფლება შეიცვალოს, მის ჩასანაცვლებლად და მინისტრების სკამებისთვის არსებულ უმცირესობაში ომი, განხეთქილებები და ა.შ დაიწყება. რასაც ჰქვია გუნდი, (თუმცა ეს სიტყვა მათ ბოლო წლებში შემაჯავრეს) არაა და ბოლო წლების განმავლობაში არც ყოფილა ოპოზიციაში. როგორ შეიძლება ის, რომ დილას გაერთიანდებიან, შუადღეს კი ირკვევა, რომ თურმე მათ ფუნდამენტურ პრინციპებში სხვადასხვა აზრი აქვს.
- კლასიკური მეთოდებით ბრძოლა ახსენეთ, თქვენი აზრით ქართულ ოპოზიციურ ფრანგზე რომელი ძალები იბრძვიან პოლიტიკის კლასიკური მეთოდების დაცვით?
- ყოველ შემთხვევაში ის არა, ვინც ჭექა-ქუხილს ელოდება. ასეთ ძალას და პოლიტიკოსს წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკურ ბრძოლაზე. ვინცQჭექა-ქუხილით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, მას პოლიტიკის არაფერი გაეგება და აქედან გამომდინარე, ამ სფეროში მისი ადგილი არცაა.
- ბოლო დღეებში პოლიტიკურ ფრონტზე ახალი ფორმულა "ყველას მინუს ერთი" გამოჩნდა, რაც ფაქტობრივად ალიანსის დაშლის საფუძველი გახდა. ეთანხმებით თუ არა ოპოზიციური სპექტრისთვის "ახლებისა" და "რესპუბლიკელების" ამ შეთავაზებას?
- მე ვეთანხმები ფორმულას, რომელიც გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობას და გამორიცხავს ბარიკადებს, ნგრევას, საკნების ცირკის მოწყობას და შიგ "ბომჟების" შეყრას, გამორიცხავს, თუ გნებავთ, სტადიონზე ეროვნული დროშის შემოხვევით სირბილს და კლოუნადას. "ახლებს" და "რესპუბლიკელებს" უფრო ვენდობი. მიმაჩნია, რომ ორივე პარტია რჩება მეტ-ნაკლებად ღირსეულად, თუმცა, სამწუხაროდ, ისინიც ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე.
მინდა გავიხსენო ერთი რამ: როცა, თავის დროზე, ალასანია თბილისში ჩამოვიდა, შეხვედრა მთხოვა. შევხდი და მაშინ ვუთხარი, რომ "რესპუბლიკელებთან" მისი პარტიის ალიანსი არ გამოვიდოდა.
- ეს რატომ უთხარით?
- იმიტომ, რომ "რესპუბლიკელებს" ახალი ლიდერი არ სჭირდებათ. ისინი თვითონ ლიდერები არიან. "რესპუბლიკელების" თითოეულ წევრს სათითაოდ შეუძლია საკუთარი პარტიის შექმნა, რადგან ეს პარტია ლიდერების პარტიაა - უაღრესად ინტელექტუალური, რამდენიმე ადამიანის გაერთიანება, თუმცა ამის მიუხედავად, პარტია, რომელსაც მძლავრი ელექტორატი კიდევ დიდხანს არ ეყოლება, იმიტომ, რომ "რესპუბლიკელებმა" დროს გაუსწრეს საქართველოში...
სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძესაც ვუთხარი, როცა ის ფონდს ქმნიდა, რომ რამდენიმე ადამიანი არ გამოადგებოდა... მგონი, მაშინ არც მან დამიჯერა, თუმცა დღეს არც ერთი ის პიროვნება მასთან აღარ არის. რა ვქნათ, ერთია დილეტანტიზმი, მეორე კი პროფესიონალიზმი. საერთოდ, პოლიტიკა მეცნიერებაა, მეცნიერებას კი პროფესიონალი მეცნიერები უნდა ემსახურებოდნენ და არა ორწიგნწაუკითხავი დილეტანტები, რომლებსაც უბრალოდ არ მოსწონთ ეს მთავრობა და პრეზიდენტი. მხოლოდ ის, რომ მთავრობა და პრეზიდენტი არ მოგწონს ძალიან ცოტას ნიშნავს, პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს, მხოლოდ სტიმულია და მეტი არაფერი...
- ბატონო სოსო, და მაინც, დავაკონკრეტოთ, სწორად მოიქცა თუ არა ალასანია, როცა თანაალიანსელებს ულტიმატუმი წაუყენა და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად მოლაპარაკებათა მაგიდას ზურაბ ნოღაიდელთან ერთად მიუჯდა?
- შეიძლება ამ ეტაპზე ალასანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო კიდეც, რომელიც მომავალზეა გათვლილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა.
- რას გულისხმობთ?
- თუ ირაკლი ალასანია სამი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მაშინ, ჩემი აზრით, ის ახლა სწორ ნაბიჯს დგამს იმით, რომ ემიჯნება "რესპუბლიკელებს" და "ახალ მემარჯვენეებს", რომლებთანაც მისი კავშირი არასდროს იქნება ბუნებრივი და კინეტიკურ-პოლიტიკური ენერგიის მატარებელი. სწორ ნაბიჯს დგამს პრინციპით "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", მიუხედავად იმისა, რომ ხელიდან უშვებს ყოველგვარ შანსს, რომელიც თბილისის მერის არჩევნებს უკავშირდება.
- ანუ ფიქრობთ, რომ ალასანია დედაქალაქის მერობის პოსტიდან მოხსნის საკუთარ კანდიდატურას?
- ვფიქრობ, რომ მოხსნის და თბილისის მერობის შანსს გაუშვებს ხელიდან. თუმცა ეს შანსი რეალური არ იყო, მაგრამ მაინც შანსი იყო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ალასანია დათმობს პატარას უფრო დიდისთვის. ასე ვიტყოდი მე, რადგან მისი მთავარი პრიზი არა ქალაქის მერობა, დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტობაა.
- დავუშვათ ალასანიამ ლევან გაჩეჩილაძის სასარგებლოდ მოხნა თავისი კანდიდატურა. რამდენად შესძლებს როგორც დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, ყველა წაგებული აქციის იდეოლოგი გაჩეჩილაძე და პოლიტიკოსი, რომელსაც საზოგადოება აღარ ენდობა, მოახდინოს ოპოზიციურ ფლანგზე საკუთარი თავის რეაბილიტაცია?
- გაჩეჩილაძის ოპოზიციურ ფლანგზე და მით უფრო საზოგადოებაში რეაბილიტაცია შეუძლებელია, ამისთვის დრო არის არასაკმარისი. 3 თვე, რაც არჩევნებამდე დარჩა ძალიან მცირეა. თუ ოპოზიციონერებმა შეხვედრები, კონსულტაციები და რუსებს აქვთ კარგი სიტყვა "ტუსოვკები" ახლა დაიწყეს და ამაში თვენახევარი-ორი თვეს დაკარგეს, არჩევნებზე ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. დრო აღარ არის, დრო...
- როგორ ფიქრობთ, საბოლოო ჯამში მაინც მოახერხებს ოპოზიცია გიგი უგულავას წინააღმდეგ ერთიანი კანდიდატით გასვლას?
- მთლიანი ოპოზიცია ვერ მოახერხებს. ერთიანი კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს ოპოზიციის ერთ ჯგუფს, საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ "ქრისტიან-დემოკრატებსაც", კიდევ საკუთარი სხვა ძალას და ერთიანობაც დაირღვევა თავისთავად.
- ამ კონტექსტში აზრი აქვს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის მიერ ერთიან კანდიდატზე შეთანხმებას?
- არანაირი აზრი არ აქვს.
- საერთოდ არჩევნებში მონაწილეობას?
- საერთოდ, ყოველთვის ჯობია არჩევნებში მონაწილეობა არჩევნების ბოიკოტირებას, ეს პოლიტიკური ბრძოლის კლასიკური ფორმულაა. კი, ისევ არსებობს საქართველოში ის ლოგიკა, რომ არჩევნები შესაძლოა გაყალბდეს და რასაკვირველია, არჩევნებში მონაწილეობა ძნელია მათთვის, ვისაც შედეგის არ სჯერა, თუმცა, უფრო ცუდია ბოიკოტი.
- და ბოლოს, მერობის ძირითად პოტენციურ კანდიდატებზე რას იტყვით, რომლებმაც, შესაძლოა, პრაიმერში მიიღონ მონაწილება... როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო ძლიერი და რეიტინგულია ზვიად ძიძიგურს, კობა დავითაშვილს, კახა კუკავას და თუნდაც ზურაბ ნოღაიდელს შორის?
- რამდენიმე პოლიტიკოსის დრო უკვე წავიდა. მაგალითად, დავითაშვილის დრო წასულია დიდიხ ხანია, ასევე ძიძიგურის და კუკავას დროც, თუმცა ძნელია ეს ადამიანები ამაში დააჯერო. ღმერთმა ხელი მოუმართონ, მაგრამ ვფიქრობ, დადგა დრო ახალი გენერაციის, ახალი თაობისა და ძალის გამოჩენის ოპოზიციურ არენაზე.
- ნოღაიდელი გამოგრჩათ...
- ნოღაიდელი ეს ეგზოტიკაა - მაგაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ძნელი სავარაუდოა, რომ მან მძლავრი ელექტორატული ბაზა შეიქმნას, რომელიც დროს და წლებს გაუძლებს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე