ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ დისკურსი, რომელიც საზოგადოებაში ზემოხსენებულმა მედიააქტივობამ წაახალისა, ბუნებრივად გულისხმობს ისტორიული ექსკურსის ისეთ კომპონენტებს, სადაც „რუსი ხალხი" „ქართველ ხალხს" მხსნელის, განმათავისუფლებელისა და ძირძველი მიტაცებული მიწების დამბრუნებლის როლში მოევლინა.
საყურადღებოა, რომ საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები ბოლო თვეებში საკმაოდ დრამატულად ვითარდება. უკანსკნელი წლების განმავლობაში თბილისსა და ანკარას შორის პრობლემატურ საკითხებზე ხმამაღალი საუბარი, მით უფრო მედიასთან, აზრად არავის მოსვლია.
საინტერესოა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის ვითარების გართულება თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მოწესრიგების მცდელობის ფონზე მიმდინარეობს. ჩნდება კითხვები: თბილისსა და ანკარას შორის დაგროვებულმა ყველა პრობლემამ ერთბაშად და ლოგიკურად ამოხეთქა? ხომ არ ცდილობს გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფ(ებ)ი ახალი, რუსულ ოკუპაციაზე მნიშვნელოვანი თემის ინიცირებას ქართულ საზოგადოებასა და საინფორმაციო სივრცეში? საქართველოს ხელისუფლებაში ახალი მმართველი გუნდის მოსვლის შემდეგ რამდენად კონფორტულად გრძნობს თავს თურქეთის მმართველი გუნდი?
ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის მმართველი ჯგუფის საგარეო პოლიტიკური მსოფლმხედველობა, რომელმაც ქემალ ათათურქის - „ქემალიზმის" სახელწოდებით ცნობილ პოლიტიკურ კონცეფციას გადახედა და საფუძველი „ნეოოტომანობას" ჩაუყარა, აშკარად იმსახურებს ვნებებისა და ემოციებისგან დისტანცირებულ, ობიექტურ ანალიზს ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრისას.
ნეოოტომანები და საქართველო
ახალი და აშკარა რეალობაა, რომ საქართველოს მეზობლად 2002 წელს „ახალი თურქეთი დაიბადა". მას ამბიციური და გამჭრიახი ლიდერი მართავს, რომელიც, ანალიტიკოსთა აზრით, ჯიუტად ცდილობს „ახალი ოსმანებისთვის" დამატებითი გეოპოლიტიკური სივრცის მოპოვებას. აღნიშნული მოსაზრება რეალობისგან შორს არ უნდა იყოს. სავარაუდოდ, თურქი ექსპერტებისა თუ პოლიტოლოგების განცხადებები თურქული პოლიტიკური ელიტის განწყობებსაც გამოხატავენ, სადაც რეალურად იგრძნობა ქემალ ათათურქის დროს დადგენილი საზღვრების „გარღვევისა" და ახალი სივრცის ძიების სურვილი, რომელიც აშკარად წვდება სამხრეთ კავკასიას და, მათ შორის, საქართველოსაც.
აქედან გამომდინარე, საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების ანალიზისას მხოლოდ პოზიტიური შინაარსის სტრატეგიული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შეფასება, სულ ცოტა, გულუბრყვილობა იქნებოდა. უმჯობესი იქნება, თუ ურთიერთობების პერსპექტივის განხილვას იმ პოლიტიკური რეალიის შესწავლით დავიწყებთ, რომელსაც საქართველოს მეზობლად „ახალი თურქეთის დაბადება" ჰქვია.
თუმცა საქართველოს მიმართ თურქეთის საგარეო პოლიტიკის განხილვა რთულია ფართო რეგიონალური კონტექსტიდან ამოგლეჯილად, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიის რეგიონში ისტორიული გეოპოლიტიკური მოთამაშეები განახლებული მიზნებითა და ინტერესებით დაბრუნდნენ (რუსეთი, ირანი). მათ რიგებს მალევე შეემატნენ ახალი წევრები - შეერთებული შტატები და ევროკავშირი. თითოეულ მათგანს სამხრეთ კავკასიაში თავიანთი ინტერესების უზრუნველსაყოფად განსხვავბული შესაძლებლობები, მექანიზმები, იდეოლოგიები და მეთოდები გააჩნიათ. ასევე გასხვავებულია კავკასიის ადგილი მათს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტთა ნუსხაშიც, თუმცა აღნიშნული ფაქტორები ზოგადად რეგიონისთვის და, კონკრეტულად, საქართველოსთვის ჯერჯერობით სასიკეთოდ ვერაფერს ცვლიან.
რეგიონული კოტექსტი
მართალია რეგიონის ლიდერობისთვის ბრძოლაში თურქეთი დიდი ხანია ჩაერთო, მაგრამ იგი იძულებულია ანგარიში გაუწიოს მთელ რიგ გარემოებებს. უპირველესად, ეს არის რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი და უწყვეტი ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ. ანკარასა და მოსკოვს შორის ბოლო წლებში ურთიერთობების სერიოზული დაახლოება შეინიშნებოდა. ამ ტენდენციის ძირითად მამოძრავებელ ძალას ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები წარმოადგენს. მართალია, ამ ურთიერთობებში თანამედროვე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს ხშირად შეაქვთ დისონანსი, თუმცა მხარეები მეტნაკლები წარმატებით მაინც ახერხებენ ვითარების ნორმალიზებას. ამ კონტექსტში, საინტერესოა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თურქული მხარე საქართველოს გავლით რუსეთში სოფლის მეურნეობის ტვირთების შეტანას ცდილობს, სოჭის ოლიმპიადის გამო სოჭის პორტი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს.
რაც შეეხება ანკარასა და მოსკოვს შორის პოლიტიკური პარტნიორობის სიღრმეებს, ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, მაინც დამოკიდებულია თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობის ხარისხზე. 2003 წლიდან მოყოლებული „არაბულ გაზაფხულამდე" თურქეთი ნაწილობრივ გაუუცხოვდა სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. სწორედ ამ პერიოდში გავხდით რუსულ-თურქული თანამშრომლობის გაღრმავების მოწმენი. თვალშისაცემი იყო თურქეთის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის ნათქვამი უარი - შავი ზღვის აკვატორიაში, ანტიტერორისტული ოპერაციის „OPERATION ACTOVE ENDEAVOR"- ის ჩატარებაზე. მაშინ თურქულმა მხარემ განაცხადა, რომ მსგავსი ფორმატის ოპერაციის განხორციელება შავი ზღვის ქვეყნების საზღვაო ფლოტებს საკუთარი ძალებითაც შეეძლოთ. ამ პოზიციას აქტიურად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციამაც.
იმავე, 2006 წლის დეკემბერში კი რუსეთი თურქეთის მიერ ინიცირებულ "Black Sea Harmony" (შავი ზღვის ჰარმონია) სახელწოდების პროექტს შეუერთდა. ეს უკანასკნელი "Operation Active Endeavor"-ის ფორმატს იმეორებდა, თუმცა მასში მხოლოდ შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნები მონაწილეობდნენ, სადაც წამყვანი როლები თურქეთმა და რუსეთმა გადაინაწილეს.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერდოღანის მიერ ინიცირებული „კავკასიური სტაბილურობის პაქტი" თავისი შინაარსიდან გამომდინარე კავკასიიდან დასავლეთის გაძევების მათი ერთობლივი სურვილით უფრო იყო გაჟღენთილი, ვიდრე კავკასიის სტაბილურობაზე ზრუნვით.
როგორც ჩანს, თურქეთისა და მოსკოვისთვის შავი ზღვის აკვატორია სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულებაა. შავი ზღვა, რომელზეც 1936 წლის „მონტროს კონვეციით" დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება, აშშ-სა და თურქეთს შორის დიდი ხანია მსჯელობის საგანს წარმოადგენს. შეერთებულ შტატებს, აღნიშნული კონვენციის თანახმად, შავ ზღვაზე მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლია იყოლიოს თავისი საზღვაო ფლოტი (45 ტონიანი წყალწყვის გემები). საყურადღებოა, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როგორ „გააღვიძა" თურქეთმა 1936 წლის „მონტროს კონვენცია". ყველაფერი ეს, მთლიანობაში, საუკეთესო საშუალებაა რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ადმინისტრაციისთვის - არ დაუშვას შავი ზღვის აუზში უცხო ქვეყნის საზღვაო ფლოტი, მით უფრო მაშინ, როცა მისი საზღვაო ძალები, მაგალითად, შეერთებული შტატებისას ტექნოლოგიურად რამდენჯერმე ჩამორჩება.
მაგრამ რუსეთისა და თურქეთის სინქრონულ პოლიტიკას კავკასიის რეგიონში თავისი წინააღმდეგობებიც გააჩნია. ამ შემთხვევაში ისტორია სერიოზული ფაქტორია - კავკასიის რეგიონში ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ერთმანეთის ისტორიული მეტოქეები. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მანქანა მწარე ისტორიული გაკვეთილებით ხელმძღვანელობს. შესაბამისად, მათი სამხრეთ კავკასიაში გაურკვეველი ვადით დაყოვნება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. მოსკოვში სჯერათ, რომ ცენტრის მუდმივ თავისტკივილს - ჩრდილოეთ კავკასიას, სამხრეთ კავკასიის კონტროლის გარეშე ვერასოდეს ვერ შეძლებენ. სავარაუდოდ, კავკასიის ბუნებრივი თავდაცვითი ზღუდის გადმოლახვა და მის „გულში", საქართველოში გამაგრების გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული „რუსული ხედვის" შედეგია. უკანასკნელ პერიოდში მოსკოვი ენერგობაზრების დივერსიფიკაციის პროცესშია და ამისთვის იგი ცენტრალურ აზიას სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. თუმცა გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე თავის მნიშვნელობას კარგავს.
შესაბამისად, კრემლისთვის სამხრეთ კავკასია ჯერ ისევ „შავი სატრანზიტო ხვრელია", რომელმაც დასავლეთისთვის უკვე შექმნა წარმატებული პრეცედენტები და საფუძველი ენერგოპროექტების ახალ იდეებსაც ჩაუყარა. უკვე არსებულ და სამომავლო ენერგეტიკული თუ ეკონომიკური ხასიათის პროექტებში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობა რფ-ის მმართველი ელიტისთვის სერიოზული გამოწვევაა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ძალზე მიმზიდველი და სამაგალითოა არასტაბილური და ცენტრისადმი მუდმივად ანტაგონისტურად განწყობილი ჩრდილოეთ კავკასიისთვის.
რუსულ ანალიტიკურ გამოცემებში კი ხშირად ჩნდება მინიშნებები იმის შესახებ, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ჩრდილო კავკასიურ არასტაბილურობას ფარულად უწყობენ ხელს. გარდა ამისა, მოსკოვში კარგად ესმით, რომ აზერბაიჯანში არსებულ ძლიერ თურქულ გავლენას ნებისმიერ დროს შეუძლია რუსული ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ამდენად, გასაგები ხდება, რატომ უყურებს კრემლი შიშის თვალით თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებს. მძლავრი თურქული პოზიციების არსებობა საქართველოში მას კიდევ უფრო მეტად გაურთულებს მდგომარეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
გარდა ამისა, მოსკოვს არ შესწევს უნარი „ახალი თურქეთის" ლიდერებს საბოლოოდ ათქმევინოს უარი დასავლურ ღირებულებებზე და დემოკრატიაზე, რომლებიც მათი სახელმწიფოს ლეგიტიმურობის საფუძველია. ამდენად, მოსკოვისა და ანკარას პარტნიორობის მასშტაბები თვალსაწიერ მომავალში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კვლავ დამოკიდებული იქნება აშშ-სა და თურქეთის პოლიტიკური პარტნიორობის სიღრმეზე.
ამაში გვარწმუნებს ახლო-აღმოსავლეთის რეგიონში, კერძოდ, კი თურქეთ-სირიასა და თურქეთ-ისრაელს შორის განვითარებული მოვლენებისა და ე.წ. „ქურთების საკითხის" ანალიზიც. „არაბული გაზაფხულის" პირობებში აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ, მოხდენილად დააბრუნა გაუცხოების გზაზე მდგომი სტრატეგიული მოკავშირე - თურქეთი, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული დასავლეთის არცერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობდა. ძნელია იმის თქმა, რომ ახლო-აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების მთავარი მიზანი თურქეთის დასავლეთის პოლიტიკურ ფარვატერში დაბრუნება იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ერთ-ერთ სერიოზულ დაზარალებულ მხარედ სწორედ ანკარა მოგვევლინა.
საქართველოს საკითხი
მიუხედავად შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოწვევებისა, თურქეთის რესპუბლიკა იმ გეგმის ერთგული რჩება, რომელიც ახალგაზრდა თურქული სახელმწიფოს ოტომანთა ბედნიერ წარსულში დაბრუნებას გულისხმობს. ამ ფონზე საყურადღებოა ის ეკონომიკური და კულტურული აქტივობები, რომლებსაც ანკარა საქართველოში ეწევა. მთლიანობაში, ეს პროცესი სასურველი პოლიტიკური პლაცდარმის მომზადებას გავს, რომლის მიღწევის საშუალებად „რბილი ძალის" პოლიტიკაა შერჩეული და, რაც მთავარია, ყველაფერი ეს ზოგადი სახის ექსპანსიის ხასიათს ატარებს.
თურქული ე.წ. „რბილი ძალის" შემადგენელი ნაწილია საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა რაოდენობა რეგულარულად იზრდება. ასევე საინტერესოა აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსურ-მატერიალური შესაძლებლობები.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოსა და სხვა მასთან ასოცირებული ორგანიზაციების ქართულ ენაზე ნათარგმნი რელიგიურ-საგანმანათლებლო ლიტერატურის მოძიება. საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით თურქეთი განსაკუთრებით ლაღად თავს აჭარის რეგიონში გრძნობდა თავს, როცა აჭარის სახელმწიფო ტელევიზიაზე თურქული ენის ვიდეო კურსების ტრანსლირებასაც უპრობლემოდ ახერხებდა.
საგანმანათლებლო ღონისძიებებს თან ახლავს მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები, რომელიც განსაკუთრებით აჭარის რეგიონშია შესამჩნევი, სადაც თურქული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი უძრავის ქონების შეძენას ხმარდება. ამ კულტურულ-ეკონომიკური ხასიათი ღონისძიებებით თურქული მხარე აშკარად ცდილობს ზოგადად საქართველოს და უფრო მეტად აჭარის რეგიონის მცხოვრებლებში ღრმა ძილით მიაძინოს სისხლიანი ისტორიის ნაკვალევი და მაქსიმალურად მიაბას აღნიშნული რეგიონი თურქულ ცივილიზაციას. აშკარაა, რომ თურქეთს აჭარის რეგიონის მიმართ განსაკუთრებული ემოციური განწყობა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.
ამ გზაზე მას აქტიურად ეხმარებიან საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ხასიათის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც ჩანს „სულიერ საკვებს" სწორედ ანკარისგან იღებენ და არა დედაქალისგან. ეს ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია შემჩნეულნი არიან რელიგიურად ფაქიზი თემების არაობიექტურ შეფასებებსა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში. სოფელ წინწყაროში მომხდარი ფაქტი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ორგანიზაციებმა, რომლებმაც საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან სასწრაფო წესით იჩივლეს და საქართველოს მოქალაქე მართლმადიდებლებს თანამოქალაქე მუსლიმებთან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაში დასდეს ბრალი, რატომღაც მოგვიანებით ამავე დიპლომატებისთვის მომხდარის რეალური მიზეზი აღარ განუმარტავთ - ინციდენტს საფუძვლად არა ქართველების რელიგიური შეუწყნარებლობა ედო, არამედ (რაც ძალზე სამწუხაროა) საქართველოს მოქალაქე მუსლიმების მიერ სასაფლაოდან ჯვრების მოპარვის ფაქტები. საინტერესოა, რომ ეს პროცესები წინ უძღვოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველ ვიზიტს ანკარაში.
დასკვნის სახით:
2008 წლის აგვისტოში აშკარად გამოჩნდა, რომ მოსკოვისა და ანკარას ინტერესები რეგიონში ერთმანეთს ნებისმიერ დროს შეიძლება დაემთხვას. ის ფაქტი, რომ თურქეთი დასავლეთის პოლიტიკურ ფარვატერში დაბრუნდა, არ ნიშნავს, რომ ერდოღანმა და პუტინმა უარი თქვეს კავკასიის „ერთობლივად მოწყობის" სურვილზე.
რუსეთ-თურქეთის ამჟამინდელი თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიძლება ფორმულირდეს შემდეგნაერად - თანამშრომლობა დაპირისპირების ზღვარზე. მხარეებს საკმარისზე მეტი საფუძველი გააჩნიათ, ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურონ.
თურქეთის სწრაფვა რეგიონური ლიდერობისკენ და თანამშრომლობა აშშ-სთან რუსეთის პოლიტიკურ ადმინისტრაციას აშინებს. თავისმხრივ, არც თურქეთის პოლიტიკურ ელიტას არ უნდა ხიბლავდეს რუსეთის „ევრაზიული იდეები". გარდა ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის გამალებული მილიტარიზაციის პროცესი და იქ არსებული შეიარაღების ტიპები არ აძლევს ანკარას მოდუნების საშუალებას.
საქართველოსთან დაკავშირებით თურქეთი გრძნობს მის ფინანსურ სიძლიერესა და უპირატესობას. უკანასკნელ წლებში საქართველოს ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის შედეგად თურქულ მხარეს თითქოს სჯერა, რომ მას გააჩნია უფლებაც და უნარიც საქართველოში მომგებიანი პოზიციების მოსაპოვებლად იბრძოლოს. მანამდე კი სტრატეგიული თმენის რეჟიმში იმყოფება, ამის უნარი კი თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ნამდვილად გააჩნია.
უკანასკნელ ხანებში აჭარის რეგიონში აშკარად მომძლავრდა მართლმადიდებლური თემი, რაც თურქეთს აშკარად აღიზიანებს. ბოლო პერიოდში ე.წ. „მეჩეთების" საკითხის გააქტიურებით, სავარაუდოდ, თურქეთმა თავისი უკმაყოფილება ღიად გამოხატა.
საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივ ურთიერთობაში კიდევ ერთი ახალი - გადასახლებული მესხების საკითხიც გააქტიურდა, რომელიც ქართულ მხარეს გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერს სასიკეთოს არ პირდება.
და ბოლოს, ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემატური საკითხების ნუსხა იმდენად ფართო და სავსეა სხვადასხვა სენსიტიური საკითხებით, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავება მესამე ძალისთვის რთულ ამოცანას არ უნდა წარმოადგენდეს. სავარაუდოდ, ამაში დაინტერესებული მხარე ვერ იქნება თავად თურქეთის ხელისუფლება, რომელსაც ჯერ-ჯერობით არსად ეჩქარება. ძნელია თურქეთის იმპერიულ ზრახვებს გაგებით მოვეკიდოთ, თუმცა აღნიშნული პრობლემატური საკითხების გააქტიურებას ახლო პერსპექტივაში მხოლოდ რუსული ოკუპაციის თემის გადაფარვა შეუძლია, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის კვლავ უპირველეს გამოწვევად რჩება.
"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი მაისურაძე