ENG / RUS       12+

რამდენი დარჩა ახალ „ვარდების რევოლუციამდე?"

26 მაისი, რომელიც თითქოს ყველას უნდა გვაერთიანებდეს, წელს წვრილმანი ინტრიგებისა და ქართულ პოლიტიკურ ელიტაში მიმდინარე მუდმივი „ურთიერთხვრის" სიმბოლო გახდა. პრობლემა სულაც არ არის, თუკი ქვეყანას არ გააჩნია სამხედრო აღლუმის ტრადიცია. ბევრ სახელმწიფოში (მათ შორის, მაგალითად, ამერიკაში) სამხედრო აღლუმები საერთოდ არ ტარდება. პრობლემაა, როცა ამგვარი ტრადიცია არსებობდა და არ ტარდება მხოლოდ ხსენებული „ერთმანეთის ხვრის" გამო. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამდგრადი სახელმწიფო ვართ. თუმცა, ვანო მერაბიშვილის „აყვანის" შემდეგ, მთავრობას უკვე წარმოუდგენლად მიაჩნდა აღლუმი უმაღლეს მხედართმთავარს მიეღო: ისედაც სერიოზულ რისკზე წავიდნენ და ვითარების გამწვავება („ასეთი წვრილმანი სისულელის გამო, როგორიც აღლუმია") სულაც არ ეპიტნავებათ.

რაც შეეხება ვანოს დაპატიმრებას, აკაკი ბობოხიძემ ქუთაისის სასამართლოსთან საოცარი რამ თქვა: „ჩვენი დანაშაულია, ასეთი პროკურორები რომ მივეცით ქვეყანასო". ანუ, თუ „გადმოვთარგმნით": „ეს მანქანა ჩვენ შევქმენით, ჩვენ გავზეთეთ, ჩვენ მოვმართეთ, ჩვენ დავგეშეთ და ახლა ჩვენვე გვჭამოსო!".

რა თქმა უნდა, მოსალოდნელიც იყო: „ახალგაზრდა რეფორმატორებს", რომლებიც ქვეყნის სათავეში „ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდნენ, შევარდნაძისდროინდელი „ძველი ელიტისაგან" განსხვავებით, სრული გულარხეინობა ახასიათებდათ. ეს ახალგაზრდული მენტალობის გამოვლინებაა, როდესაც გგონია, რომ მუდამ „ასეთი" ხალისიანი, ღონიერი და ჯანმრთელი იქნები, მუდამ უღრუბლო ცა გექნება და შენს ბედს ბოროტი ძაღლიც არ დაჰყეფს.

ესოდენ რადიკალური რეფორმების და „ნულოვანი ტოლერანტობის" ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარებასაც სწორედ ახალგაზრდული თავდაჯერებულობა და უშიშრობა სჭირდებოდა. „ძველი ელიტა" ამ რეფორებს ვერ გაატარებდა თუნდაც იმიტომ, რომ ბევრად გონიერი, ჭკვიანი, (ანუ წინდახედული) იყო და სამომავლო საფრთხეებსაც აცნობიერებდა. 20 ათასი პოლიციელის ქუჩაში გაყრა და ათიათასობით სხვა ადამიანის ციხეში გამოკეტვა, ან მსუყე ბიზნესების ექსპროპრიაცია რომ ადრე თუ გვიან „მოუბრუნდებოდათ", ძნელი განსაჭვრეტი არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ახალგაზრდობა ხომ სპეტაკი ბედნიერებაა მისი უდარდელობითა და თავაშვებულობით?! ამიტომაც, საკაცობრო ისტორიის საოცარი პარადოქსია, რომ რეგვენები ხშირად საუკეთესო რეფორმატორები ხდებოდნენ ხოლმე, რაკი უკანმოუხედავად მოქმედებდნენ! ზოგჯერ უმართლებდათ, ზოგჯერ არა. გააჩნია ვის - როგორ. გამოცდილი, ზრდასრული, დინჯი ინტელექტუალი ყოველთვის ფრთხილია და მოზომილი. რეგვენი - მუდამ უშიშარი და რადიკალურად თამამი!

გონიერებას რაც შეეხება: ახალგაზრდული მენტალობის მეორე თვისება ინტელექტუალური სწორხაზოვნებაა: რამდენი იღვაწა, რათა სანდრო გირგვლიანის გამტაცებლები რაც შეიძლება მალე გამოეშვა ციხიდან. აშკარად ეგონა, ამით პოლიციას მთლიანობაში სამარადჟამოდ მოიმადლიერებდა, აქაოდა „კაცმა ერთგულები არ გაწირაო", მაგრამ . . . რა მერე - იმავე პოლიციელებმა არ გაუკეთეს „სამდალობელი ხელბორკილები?"

ისე, ხსენებულ „რეპრესიულ მანქანას" რაც შეეხება, ნიშანდობლივია რა გენიალურად დაიძვრინა ამ ყველაფრისგან თავი მისმა მთავარმა „დამქოქმა" ირაკლი ოქრუაშვილმა, დღეს რომ მედიდურად გვმოძღვრავს: „შევარდნაძისდროინდელ კორუფციას მხოლოდ უსასტიკესი მეთოდებით თუ დავამარცხებდითო". თითქოს ის 6 მილიონი დოლარი (რომელიც ბიუჯეტში მას შემდეგ შეიტანა, რაც მეგიზ ქარდავა დაემუქრა: „შენს მიერ დაპატიმრებულ ბიზნესმენებთან ჩაგსვავ საკანშიო"), „ლამაზი თვალებისთვის" გადაუხადეს სხვა ბიზნესმენებმა, ვისაც მინისტრობის დროს „ემეგობრებოდა".

ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე არანაკლებ პრობლემური ხელისუფლებისთვის გივი თარგამაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში დაბრუნება შეიძლება აღმოჩნდეს. თავის დროზე მისი „ძმაოების რესპუბლიკა" შევარდაძის საწყალობელი რეჟიმის დასასრულის დასაწყისად იქცა. თუ გივის ხალას ნიჭსა და სადეპუტატო ტრიბუნას გავითვალისწინებთ, მთავრობას სერიოზული პრობლემები გარანტირებული აქვს. პირველი ნიშნები უკვე არის. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ხომ მეტისმეტად ემოციურია ჟურნალისტების მიმართ. არაა გამორიცხული კვლავ მოითხოვოს: „შეწყვიტეთ ცილისწამებები თორემ . . . ." რა თორემ?


ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებით „ნაციონალური მოძრაობა" არ განადგურდება, რაკი საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა ჰყავთ პარლამენტში. მისი საბოლოო განადგურება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რადგან საეჭვოა „ნაციონალებმა" 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახონ: ჩვენს ხალხს წაგებულები არ უყვარს და ხმას მუდამ გამარჯვებულებს აძლევს. 1 ოქტომბერს რომ რევილუცია მომხდარიყო, სხვა საქმე იქნებოდა, თუმცა ხელისუფლება „მხოლოდ" არჩევნებით შეიცვალა. ხოლო ბიძინა ივანიშვილს სურს საქმე ისე წაიყვანოს, როგორც მიშამ წაიყვანა 2004 წელს - წარმატებული გადატრიალების (ანუ, იმავე რევოლუციის) შემდეგ.

ასე არ გამოვა, ანუ ხანგრძლივი სტაგნაცია და უძრაობა გარანტირებული გვაქვს: იმ პირობებში, როცა „ნაციონალები" და მათი მხარდამჭერი სოციალური კატეგორია, ვიტალი ხაზარაძის „მოქკავშირისგან" განსხვავებით, ბოლომდე არ განადგურებულა, ხელისუფლება „დაჭერებს" კი განაგრძობს, თუმცა რეალურად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მოერიდება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში.

ესე იგი, „ვანოს დაპატიმრება" კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ საქართველოში ხანგრძლივი „უძრაობის ხანა" იწყება. და გაგრძელდება მორიგი „ვარდების რევოლუციის" მომწიფებამდე. რამდენი დრო დასჭირდება - სხვა საკითხია. ქართული ტრადიციით, ასე 10-12 წელი მაინც. ხოლო მომავალი „რევოლუციის ლიდერი" დღეს ალბათ გოგოებს დასდევს სადმე კიევში ან პარიზში. მისი სახელი ისევე არაფერს გვეტყვის, როგორც 1992 წელს, შევარდნაძის მმართველობის გარიჟრაჟზე, არ გვეტყოდა არაფერს ეს სახელი და გვარი: მიშა სააკაშვილი.


"ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

 

ავტორი: . .