რესპოდენტის შესახებ
17 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.
ხათუნა ლაგაზიძე: გუშინდელი დღის დაგეგმვა, განხორციელება და შესრულება, როგორც სტრატეგიულად, ასევე ტაქტიკურად, ეს იყო წინა ხელისუფლების პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ და დაგისაბუთებთ, რატომ... ამ პროვოკაციის მიზანი გახლდათ პირველი ის, რომ დასავლეთის გავლენა შემცირდეს მაქსიმალურად საქართველოში და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ზურგი აქციოს დასავლეთს, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან საეჭვოდ ხდება საქართველოს საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი ღირებულებების გათანაბრება დასავლეთის კულტურის ნაწილთან, ანუ იმ ღირებულებების, რომელიც თანამედროვე საქართველოს საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია და აპრიორი აგრესიას იწვევს და ამ ღირებულებების გაიგივებას ახდენენ დასავლეთთან. მეორე და უმნიშვნელოვანი მიზანი, რაც ჰქონდა გუშნდელ დღეს, ეს გახლდათ საქართველოს მორალიზება, მასში ისედაც ჩაბუდებული უსამართლობის განცდის გამო და სამართლიანობის ვერადავერ აღდგენის გამო გამოწვეული აგრესიის და ამ აგრესიის აკუმულირება; მესამე მიზეზი - ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან თვალსაჩინოდ იკვეთება ნაციონალურ ქმედებებში, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს უმართავი ქაოსის შექმნას. და მეოთხე მიზანი და ყველაზე მძიმე მიზანი, როგორი მძიმე მოსასმენიც უნდა იყოს, როგორმე მსგავსი ტიპის აქციებზე მოხდეს ადამიანის მსხვერპლად შეწირვის პრეცენდენტი, რათა ახალ ხელისუფლებას გაასვრევინონ ხელები სისხლში. ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული პროვოკაცია და საქართველოს ეკლესიის იმიჯის შერყევა. მე ვთხოვდი საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, გამოიძიოს დაწვრილებით არა მხოლოდ უშუალო მონაწილეების ამ პროვოკაციისა, არამედ ვინ იყო ავტორი და დამგეგმავი ამ პროვოკაციის, მათ შორის ისინი, ვინც შემდეგ გამოთქვამდნენ და ცდილობდნენ უკვე კომენტარი გაეკეთებინათ კიდევ უფრო მეტი აგრესიის შესატანად. გარდა ამისა, გამოიძიონ ხომ არ იყო ყველაზე აქტიური ამ პროცესებში ეკლესიის ის ნაწილი, რომელიც მე ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ სამღვდელო პირისთვის ძალიან შეუფერებელი ფორმით უკმევდა გუნდრუკს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ამას ვუყურებდით განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ვგულისხმობ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ეს ყველაფერი არის ერთიანი ჯაჭვის რგოლი, გასაგებია ადამიანის უფლებების დაცვა და ამაზე არავინ დაობს, გასაგებია გამოხატოს თავისუფლება, და ბუნებრივია ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც საზოგადოებამ, ასევე ხელისუფლებამ, ამიტომ ვითხოვ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ეს გამოიძიოს. არა როგორც მხოლოდ უფლებების დარღვევის მიზნით, არამედ როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის დარღვევის მიზნით.
_ თქვენ ამბობთ, „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება იყოს პროვოკაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რათა შეასუსტოს დასავლეთის გავლენა დღევანდელ საქართველოში. ამას ნაციონალური მოძრაობის გარეშეც ახერხებს ახალი ხელილსუფლება. უბრალოდ, მე სხვა რამ მაინტერესებს, დღეს რა გავლენა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" ეკლესიაზე, და საინტერესოა თქვენი პოზიცია, საპატრიარქოს განცხადებაზე, რომელზეც გამოითქვა, რომ ეს იყო ერთგვარი მწვანე შუქის ანთება მოძალადეებისთვის.
_ იმას, რასაც თანამედროვე დემოკრატია და ადამიანების უფლებების დაცვა, ვგულისხმობ ჰომოსექსუალისტების უფლებების დაცვას, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სოდომისა და გომორის ცოდვად მიიჩნევს. ამიტომ, ეკლესიის პოზიცია ჩემთვის ერთგვარად გასაგებია, მაგრამ არა გამოხატული კიდევ ვამბობ, მართლმადიდებლური ეკლესიისა და რელიგიური პირებისათვის სრულიად შეუფერებელი ფორმით.
_ ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯზე როგორ აისახება? მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩების განცხადებები და მათი აღშფოთება.
_ საზოგადოების ნებისმიერ ნაწილს აქვს გამოხატვის უფლება, ამავე საზოგადოების კულტურაზეა დამოკიდებული რა ფორმით გამოხატავს ის თავის მოსაზრებებს და რა ფორმით ეცდება დაიცვას თავის უფლებები. მაგრამ მე ყველაზე მეტად ვისურვებდი, რომ იგივე ევროკავშირს და ამერიკას ცოტა უფრო ფართოდ გაეხილათ თვალები და ეზრუნა იმაზე, რომ საქართველო, როგორც დასავლეთისკენ მიმავალი ქვეყანა, ხელში არ შემოადნეს. დღეს ყველაზე მთავარი ჩემთვის ეს არის, იმიტომ, რომ ყველა პროცესი რაც ხდება და დღევანდელი დღეც იყო დასტური, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის პროვოცირების დონეზე, რომ საქართველოს საზოგადოებაში სულ უფრო მეტად გაჩნდეს კითხვის ნიშნები დასავლეთის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასაგებია მათი შეშფოთებები, მაგრამ ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ადამიანისთვის, რომლის სპეციალობაც არის იზრუნოს ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაა, რომ დასავლეთი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს დღეს საქართველოზე, რომ შეიძლება დასავლურმა სივრცემ დაკარგოს საქართველო.
_ ეს ვისი ბრალია?
_ ეს ძალიან ბევრი ფაქტორის ბრალია და ამაზე ცალკე ინტერვიუში შეიძლება საუბარი. ერთი რისი თქმაც შემიძლია ახლა ის არის, რომ ვისურვებდი, რომ დასავლეთი უფრო ღრმად ჩასწვდეს საქართველოს და ზოგადად, კავკასიური ეთნოსის ფსიქოლოგიას, ცოტა უფრო მეტად გაითვალისწინოს საქართველოსთან ურთიერთობისას მისი სპეციფიკა და მისი ასე ვთქვათ, გულწრფელი ტრადიციული ღირებულებები. თუ არ ვუნდივართ დასავლეთს, მაშინ საქართველომ ბევრი რამ სხვანაირად უნდა გადაწყვიტოს. თუ არ ვუნდივართ დასავლეთს, მაშინ ვისთვის ვწირავთ ჩვენ ბიჭებს ავღანეთში, მაშინ ეს კითხვაც ლეგიტიმურია. ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ და დასასვლეთს გვაქვს ურთიერთობა, ურთიერთლტოლვა, თუ შეიძლება ასე ითქვას და არა ერთი მიმართულებით მოძრაობა. მაშინ დასავლეთმა ეს პირდაპირ გვითხრას, _ ჩვენ თქვენ არ გვჭირდებით და არ გვინდიხართ. მაშინ ჩვენ ლეგიტიმური კითხვა გაგვიჩნდება, ამ წლების განმავლობაში რისთვის გავიღეთ ამდენი მსხვერპლი, გვატყუებდნენ?.
_ შესაძლებელი იყო თუ არა აგვეცილებინა თავიდან რაღაც ფორმით ეს დაპირისპირება და არ ყოფილიყო, თუნდაც 28 დაშავებული. და ზოგადად, არის თუ არა დასაგმობი ეს ფაქტი, რაც მოხდა...
_ ხელყოფის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, კიდევ ვიმეორებ, ხელყოფილი არ არის მხოლოდ ამ აქციაში მონაწილე სექსუალური უმცირესობის მხარდაჭერები, აქ იმ ადამიანის უფლებებიც დასაცავია, ვისაც შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდნენ. ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ ქვეყანაში ძალადობის მუხტი იზრდება.. ამ ყველაფერს უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. უმარტივესია კითხვაა, ვის სჭირდებოდა დღევანდელი დღე, ასეთი მძიმე შედეგებით, ხელისუფლებას? რომელი ბეცი ხელისუფლება წავიდოდა ამაზე, გამორიცხულია, ეს ყოფილიყო ხელისუფლების პროვოცირება...
_ შარშან 17 მაისსაც მოხდა იგივე, შეიძლება ნაკლები მასშტაბით, მაგრამ მაშინ ამ ლოგიკით გამოდის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც" არ აწყობდა, რადგან ის იყო მაშინ ხელისუფლებაში.
_ არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ დროში მსგავსი დაძაბული სიტუაცია არ უნდა აწყობდეს. აქ რეალობა გახლავთ ის, რომ საქართველოს საზოგადოებისთვის ეს არის არამც თუ მიუღებელი, არამედ შეურაცხმყოფელი ცხოვრების წესი და აქედან გამომდინარე, როდესაც მისი კულტივაცია ხდება და ამის რეკლამირება ხდება, წინასწარ ხდება ამის დაანონსება და შემზადება იმ ნიადაგის, რომ საზოგადებაში მაქსიმალურად დაიძაბოს ურთიერთობა, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი. საქართველოში ყველას ცხოვრების უფლება დაცულია და სადაც უნდა, როგორც უნდა ის აკეთოს, ამიტომ ამას არ უნდა მიეცეს დანარჩენების გამოწვევის ფორმა. ძალიან ცუდი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც გაჩნდება საზოგადოების აგრესია. ზოგადად თუ ამ აგრესიამ უმართავი სახე მიიღო, ეს იქნება ხელისუფლებისთვის უმძიმესი გამოცდა და უმძიმესი განსაცდელი.