კაცმა რომ თქვას, „ლაპარაკის უნარი" პოლიტიკოსისათვის ცოტა არ არის. მით უმეტეს საქართველოში. ხოლო კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილს, რომელიც პრემიერმა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, სხვა მნიშვნელოვანი რესურსებიც აქვს. პირველ რიგში, მივაქციოთ ყურადღება მის სოციალურ წარმომავლობას: მარგველაშვილი იმავე სოციალური წრის წარმომადგენელია, რომელსაც მიშა განეკუთვნება. ეს წრე გასული საუკუნის 70-80 - იანი წლების თბილისში, უფრო ზუსტად ვაკე-ვერა-საბურთალოზე ჩამოყალიბდა და საკუთარი სუბკულტურაც შექმნა. სწორედ ამ სუბკულტურამ გაიმარჯვა 2003 წლის ვარდების რევულუციის დროს (იმ რევოლუციაში მარგველაშვილმაც შეიტანა წვლილი არტიკულაციის უნარ-ჩვევით) და პოლიტიკას ჩამოაშორა ძველი გენერაცია. თუმცა, შემდეგ ეს ერთობა დაიშალა: მიშა, რურუები, ბარამიძე და სხვები - ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, ხოლო გრეჩიხა, ხაინდრავა, მარგველაშვილი და ა.შ. (ასევე პირობითად) - მეორე მხარეს.
მიუხედავად ამისა, საერთო „სტილი" მათ მუდამ აერთიანდებდათ. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ამ სტილის მატარებელი ყოფილიყო, რათა მიშასა და მის გუნდს არ ჰქონოდა საშუალება საპრეზიდენტო კამპანიის დროს იმაზე მოეხდინა აპელირება, რომ ქვეყნის სათავეში „ძველი სტილი" და 2003 წელს ისტორიის სანაგვეს ჩაბარებული სოციალური გენერაცია ბრუნდება. სწორედ ამიტომ იყო გამორიცხული „ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად შევარდნაძისდროინდელი „ელიტარული ინტელიგენციის" წარმომადგენლის წარდგენა. არადა, ამაზეც ბევრს საუბრობდნენ და ალბათ ურჩევდნენ კიდეც ივანიშვილს: „ძველი პლეადის" რომელიმე დამსახურებული მსახიობი, მწერალი, პოეტი და ა.შ. . . . . მაგრამ ამ შემთხვევაში ივანიშვილმა საკმაოდ ზუსტი და კარგად გათვლილი გადაწყვეტილება მიიღო (არა აქვს მნიშვნელობა, თვითონ მიხვდა თუ მის მრავალრიცხოვან მრჩევლებს შორის ვინმე ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა), რაც ჯერ კიდევ სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს მარგველაშვილს, - მისი „სტილურობისა" და სოციალური იდენტობის მიუხედავად, - პრეზიდენტობა უკვე გარანტირებული აქვს.
რეალურად, ამ კანდიდატის წარმატება მომავალ არჩევნებზე არც გამორიცხულია, მაგრამ არც გადაწყვეტილი. გააჩნია, როგორ და რამდენად წარმატებულად გაითამაშებს საკუთარ პარტიას მთავარი კონკურენტი - ნინო ბურჯანაძე. „ნაციონალები" სერიოზული ალტერნატივის წამოყენებას, როგორც ჩანს, ვერ შეძლებენ და ოლიმპიური დევიზით იმოქმედებენ: „მთავარია მონაწილეობა". 10 პროცენტზე მეტი თუ მოაგროვეს, ესეც გასაკვირი იქნება, რადგან არც ერთ, უკვე დასახელებულ კანდიდატს რეიტინგი არ გააჩნია, ხოლო საარჩევნო რესურსების მფლობელმა ერთადერთმა სერიოზულმა ფიგურამ, - გიგი უგულავამ (ვისი ვერც მარგინალიზება მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ და ვერც დემონიზება) - საპრეზიდენტო დოღში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, გარდა პოლიტიკური „ბექგრაუნდისა" (რის შედეგადაც მას უფრო აღიქვამენ პოლიტიკოსად, ვიდრე მარგველაშვილს), მის სასარგებლოდ შეიძლება იმუშავოს „ორივე მხარისგან დაღლილობის სინდრომმა", რაც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კვალობაზე მხოლოდ გაძლიერდება და იმანაც, თუ ბურჯანაძე გარისკავს და არა მხოლოდ საკუთარ თავს წამოაყენებს ალტერნატივად, არამედ ალტერნატიულ პროგრამასაც შესთავაზებს ამომრჩეველს. პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
ბევრს ჰგონია, თითქოს ამით წააგებს და „რუსეთის" ხსენება მასაში არაპოპულარულია. სინამდვილეში, ეს არაპოპულარული და „უხერხულია" მხოლოდ სოციალურ - პოლიტიკური მეინსტრიმის შემოქმედ ელიტაში, და ისიც არც თუ ბოლომდე გულწრფელად, თორემ ფართო მასებს „რუსეთთან უვიზო რეჟიმი" და „მყარი მშვიდობის გარანტია" უხსენე (მაშინ როდესაც მეგობარი ამერიკა ამგვარი გარანტიებისთვის თავს არ იწუხებს) - რეიტინგს უმალვე 20-25 პროცენტით გაიზრდი!
მით უმეტეს, რომ რუსეთის ბაზარი მეტისმეტად ნელა იხსნება, თუ იხსნება საერთოდ: ჯერ - ჯერობით 60 ღვინის კომპანიიდან ორმა მიიღო ლიცენზია და ისინიც, ვითომდაც „სააქციზო მარკების დაგვიანების გამო" დღემდე ვერ იწყებენ ექსპორტს. კაცმა რომ თქვას, რუსეთთან „ისტორიული მორიგების" თემა ბიძინამ „გააპრავა", მაგრამ რაკი რეალური ნაბიჯების გადადგმას, - მაგალითად „ნატოს" შესახებ სრულიად ფუჭ და უსარგებლო ლაპარაკზე უარის თქმას ან მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას ვერ ბედავს, ამ გაუბედავობით შეიძლება ნინომ ისარგებლოს. შესაბამისი „თავხედობა" (პოლიტიკოსისთვის ჰაერივით აუცილებელი თვისებაა) მას ნამდვილად ეყოფა.
ნინოს „ძალისმიერ დასაყრდენად", საარჩევნო ბრძოლაში, უეჭველად იქცევა ბოლო 9 წლის მანძილზე გამწარებული და გაბოროტებული ათიათასობით ადამიანი, მათ შორის ე.წ. „პოლიტპატიმრები", რომლებსაც იგი სამართლიანობის რეალურად აღდგენას (ესე იგი „ყველას დაჭერას") დაპირდება. ისინიც ყველაფერზე წავლენ. ამის პირველი სიმპტომია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ბოლო ეგზეკუცია თბილისის ერთ-ერთ რესტორანში.
რაც შეეხება მომავალი პრეზიდენტის „სიმბოლურობას", არავის არაფერი შეეშალოს: მთავარი ქაღალდზე დაწერილი უფლებამოსილება კი არ არის, არამედ პოლიტიკური რესურსი. გააჩია, ვინ გახდება პრეზიდენტი: მარგველაშვილი ბიძინას პრობლემებს არ შეუქმნის და ნამდვილად შეიფერებს „ხელის ჩამომრთმევი" პრეზიდენტის როლს, მაგრამ თუ სახელმწიფოს მეთაური, საყოველთაო კენჭისყრის შედეგად, ნინო ბურჯანაძე გახდა, იგი სულ მალე დაანგრევს ივანიშვილის სახელისუფლებო სისტემას და ბიძინას საპარლამენტო უმრავლესობა თანდათან იქცევა „ნინოს უმრავლესობად", რომელშიც „ოცნებისა" და „ნაციონალთა" ნარჩენები გაერთიანდებიან.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი