ეს ხუმრობით. სერიოზულად კი ის უნდა ითქვას, რომ ამ ამბავმა ხელისუფლების სისტემური სისუსტე უკვე გამოავლინა. ყველა სიმპტომის შესაბამისად, სკანდალური ჩანაწერი წინა წლებში შეიქმნა, მაგრამ მისი გამოქვეყნება ნამდვილად ფარესიშვილის დაშანტაჟებას ისახავდა მიზნად. თუ ასეა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩინოსნები, ვისაც ასეთი გათვლა ჰქონდათ, ელემენტარულად უგუნური და ტლუ პრიმიტივები არიან. შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი, ვიქტორ სუვოროვი, წიგნში „აკვარიუმი" წერს, რომ არასდროს (ტექსტში მეორედ უსვამს ხაზს: არასდროს!!!), სპეცსამსახურთა ისტორიაში, პირდაპირ შანტაჟს, - ანუ კონკრეტული მიზნის მიღწევის მცდელობას ამ მეთოდით და არა ზოგადად, დავერბოვკების თვალსაზრისით, - შედეგი არ მოჰყოლია. ჰოდა თუ საბჭოთა კავშირის ყოვლისშემლე სამხედრო დაზვერვა ვერ აღწევდა ამ მეთოდით მიზანს, ეს ჩვენი მაღალჩინოსანი „მეკვერცხეები" შეძლებდნენ?
ყველა, ვისაც იოტისოდენი წარმოდგენა აქვს, რა არის ინტერნეტი, დომენი, ჰოსტინგი და ა.შ. დამეთანხმება, რომ საიტის ავტორისა და ვიდეოს ამტვირთავის ვინაობის დადგენა რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. ისიც გასაგებია, რატომ არ ანადგურებს ხელისუფლება „პორნოარქივს" მიუხედავად „სამოქალაქო საზოგადოების" დაჟინებული მოთხოვნისა. არ ანადგურებს, და ახალი კანონის გარეშე ვერც გაანადგურებს, რაკი იმ მასალების 99 პროცენტი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ესე იგი სავსებით კანონიერადაა მოპოვებული! მასალები გაფორმებულია, როგორც მტკიცებულება რომელიღაც სისხლის სამართლის საქმეში, ხოლო რთული სამართლებრივ-ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე მტკიცებულების განადგურება სასტიკად დასჯადი ქმედებაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, „პორნოარქივის" განადგურებას (სანამ პარლამენტი არ მიიღებს შესაბამის კანონს) არც ღარიბაშვილი „მოაწერს ხელს" და არც წულუკიანი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის პირდაპირ თქმა არ აწყობთ, ანუ არ უნდათ აღიარონ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში არსებობდა მოსამართლის სანქცია. რა, ასეთი სანქციის მიღება „მაშინ" პრობლემა იყო?
თუმცა ეს ყოველივე წვრილმანია იმ კოლოსალურ შედეგთან შედარებით, რაც მთელმა ამ ისტორიამ შეიძლება გამოიღოს ზოგადად, ქართული ისტებლიშმენტისათვის. როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, ფირებზე საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტის უამრავი წარმომადგენელია აღბეჭდილი. ეს ფირები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რამდენიმე ათეულ თანამშრომელს მაინც ნამდვილად ექნება ნანახი. სასაცილოა, თითქოს ისინი „ვიწრო წრეშიც კი არ იტყვიან". ეს ხომ საქართველოა? აქ ორმა თუ იცის - ყველამ იცის! გარდა ამისა, რომც მოხდეს „პორნოარქივის" განადგურება, კოპირება რა დიდი პრობლემა იყო? ანუ ეს უკვე ისეთი პროცესია, რასაც აღარაფერი ეშველება. ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია და ამ ჯინმა ეს საზოგადოება შეიძლება საერთოდ გაანადგუროს.
1992 წელს, სამშობლოში ახლახანს დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე, ინტელიგენციას (რომლის ბევრი გავლენიანი წარმომადგენელი მაშინ პატიაშვილისკენ ან სიგუასკენ უფრო იხრებოდა) იმით აშანტაჟებდა, რომ „პოლიტიკურ პარტიებთან" შეთანხმებით, იმდროინდელ პარლამენტში ე.წ. „ნდობის ჯგუფს" შექმნიდა, რომელსაც გაუხსნიდა КГБ-ს არქივებს, თუ რომელი ცნობილი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი ან მეცნიერი „უდგენდა" საბჭოთა სპეცსამსახურს მოხსენებებს „ქართული სუფრის" ან უცხოეთში მათთან ერთად მივლინებულ დელეგაციის წევრთა ანტისაბჭოური გამონათქვამების შესახებ. მაშინდელ პარლამენტში მსხდომი „ელიტარული ინტელიგენციის" არაერთ წარმომადგენელს მიტკალის ფერი დაედო სახეზე შევარდნაძის ამ განცხადების შემდეგ. არადა, იმ დროს მხოლოდ და მხოლოდ „სტუკაჩობაზე" იყო ლაპარაკი. აკი ამბობდა ბევრი მათგანი: „მირჩევნია წითელი ვიყო, ვიდრე ცისფერიო".
დღეს, ახალი ქართული ელიტა ბევრად მძიმე დღეშია. მრავალი მათგანი ძრწოლვით ელის მასალების გამოქვეყნებას, რისი წაშლა, ამოძირკვა, მოსპობა, დაფარვა, აკრძალვა, კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, უბრალოდ შეუძლებელია. შესაბამისად, რაკი კვლავაც ჰომოფობიურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ბევრი გავლენიანი ფიგურა, პოლიტიკასა თუ ბიზნესში, მეტისმეტად „მოწყვლადი" და იოლად „დასავერბოვკებელი" ხდება.
ხოლო თუ ხსენებული პორნოარქივი, საქართველოდან გაქცეულმა ექს-ჩინოსნებმა, თავშესაფრის სანაცვლოდ, რუსულ სპეცსამსახურებს ჩაუგდეს ხელში, ეს უკვე მთელი ქვეყნის პოლიტიკაზე მოახდენს გავლენას, რაკი მთავრობა (თავად როგორი უმწიკვლოც არ უნდა იყოს) პირველ რიგში ისტებლიშმენტს წარმოადგენს და მის გარეშე, ან მისი განწყობის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის მართვა არ შეუძლია.
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი