ვიდეო უმალვე წაიშალა, ხოლო ხსენებულმა პერსონაჟმა მას, რასაკვირველია, „ფაბრიკაცია" უწოდა. მისი მხრიდან კონტრშეტევაზე გადასვლა და ბრალდებათა ობიექტების ზუსტად შერჩევაც საკმაოდ ჭკვიანური პასუხი აღმოჩნდა. ისე, რომ ეს უკანასკნელნი (პირველ რიგში პრემიერ მინისტრის გენერალური მრჩველი გია ხუხაშვილი) „თავის მართლების" პოზიციაში აღმოჩნდნენ, ხოლო იუსტიციის მინისტრმა პირველად გააკეთა განცხადება, რომელიც სავსებით შეიძლება აღვიქვათ, როგორც უკმეხი გაფრთხილება მთავარ პროკურორ კბილაშვილისა და მის მოადგილე ნაცვლიშვილის მიმართ.
სოციალურ ქსელებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში კი კვლავ გაიშალა დისკუსია ლგბტ თემაზე. უფრო ზუსტად, დისკუსია არ გამოდის, რაკი ნებისმიერი განსხვავებული აზრი შესაბამისი „მაკონტროლებელი" NGO-ების მხრიდან მკაცრად იგმობა. არადა, სულაც არ არის ისეთი მარტივი თემა, როგორც მათ სურთ წარმოაჩინონ. გასაგებია, რომ „ვინ ვისთან დაწვება" მისი პირადი საქმეა, მაგრამ თუ ეს „ვინ" ან „ვისთანაც" იმავდროულად ჰომოფობიური განცხადებებითაა ცნობილი და რელიგიურ ორგანიზაციას უდგას სათავეში?
დასავლურ საზოგადოებებში ამ თემაზე კარგა ხნის წინ დასრულებულ დისკუსიათა ძალიან სერიოზული და არსებითი „ინტელექტუალური კლასტერის" შესაბამისად, არსებობს „პრივატული სივრცე" და „საზოგადოებრივი სივრცე"; ადამიანის „პრივატული სივრცე" მხოლოდ მანამ არის ხელშეუხებელი, სანამ იგი თავად არ შედის საჯარო სივრცეში. მაგალითად, მოქალაქის შეუვალი უფლებაა, აღშფოთებულმა არ უპასუხოს კითხვას: „ხართ თუ არა ჰომოსექსუალი?", მაგრამ თუ იგი, იმავდროულად, აცხადებს პრეტენზიას, გახდეს „საჯარო სივრცის" სუბიექტი, ესე იგი საზოგადოებაზე ზემოქმედების უნარის მქონე პირი (პოლიტიკოსი, დეპუტატი, ქალაქის მერი, გუბერნატორი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟურნალისტი და ა.შ) ასეთ შემთხვევაში, მისი „პრივატული სივრცე" იზღდუდება და მას ეკისრება გულწრფელობის მორალური ვალდებულება. ეს სულაც არ ნიშნავს ამა თუ იმ პროფესიული საქმიანობის აკრძალვას, მაგრამ ასეთი სუბიექტისთვის დასმული კითხვა უკვე ვეღარ ჩაითვლება „უტაქტობად" და „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევად".
ხოლო თუ იგი იცრუებს კითხვაზე პასუხისას, მაშინ სიცრუის გამომჟღავნება საზოგადოებრივი სიკეთეა! ვიმეორებ: არა იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში აღარ ექნება უფლება იყოს, ვთქვათ, დეპუტატი ან პოლიტიკოსი, მაგრამ ამომრჩეველს აქვს უფლება ჰქონდეს ეს ინფორმაცია და იცოდეს, აღიარებს თუ არა „საჯარო სივრცის სუბიექტი" იმასვე, რასაც საზოგადოდ ქადაგებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვიდო ვესტერველლე ოფიციალური ჰომოსექსუალია, მაგრამ მას ეს არც არასდროს დაუმალავს, ხოლო მისმა ამომრჩევლებმა, ამ ინფორმაციის საფუძველზე, გაცნობიერებული არჩევანი გააკეთეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, - თუკი ამ ლოგიკას არ ვიღებთ, - მეტისმეტად ხშირად შევეჩეხებით სიტუაციას, როდესაც ჰომოსექსული პირველი ჰომოფობი, „რელიგიური სიწმინდის მქადაგებელი" და ლგბტ საზოგადოების წევრთა დამრბევია სიტყვით თუ საქმით.
ზოგადად, ამ თემაზე მომუშავეთ უცნაური არათანამიმდევრულობა ახასიათებთ. მაგალითად, გამუდმებით გვესმის, რომ „საჯარო მოხელეს ეკისრება თმენის ვალდებულება". ხშირად აქ გულისხმობენ არა მხოლოდ საჯარო მოხელეს, არამედ საჯარო სივრცის სუბიექტს, - აი, ჩვენში რომ „ცნობად სახეებს" უწოდებენ. მაგრამ თუ ასეა, რატომ არ ეკისრება მას გულწრფელობის ვალდებულება მისი პრივატული სივრცის თაობაზე? „თმენის ვალდებულებაც" ხომ ზღუდავს ამ სივრცეს?
კლასიკურ მაგალითად მიმაჩნია ერთი ქართველი პოლიტიკოსის კაზუსი, რომელმაც პრივატულ საუბარში (მაშასადამე გულწრფელად) თქვა: „მეტი არაა ჩემი მტერი, პოლიტიკას შევაკლა თავი, მე უნდა გავხდე მილიონერიო". იყო თუ არა მოსმენა მის პრივატულ სივრცეში უკანონოდ შეჭრა? რასაკვირველია! უნდა დაისაჯონ თუ არა ისინი, ვინც ეს „შეჭრა" განახორციელა? აუცილებლად და კანონის მთელი სიმკაცრით! ოღონდ, პარადოქსი აქ ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად უკანონოდ მოხდა ამ სუბიექტის პრივატულ სივრცეში შეჭრა, საბოლოო „პროდუქტი" (ესე იგი ინფორმაცია პოლიტიკოსის რეალური ღირებულებებისა და განწყობის შესახებ) მაინც საზოგადოებრივი სიკეთეა! ამ შემთხვევაში, სრულიად უკანონოდ და სამართლიანად დასჯადი ქმედების შედეგად მოპოვებული საზოგადოებრივი სიკეთე!
პარადოქსია? დიახ, პარადოქსია. მაგრამ ცხოვრება რთულია, ალოგიკურია, სავსეა ასეთი პარადოქსებით და არ დაიყვანება პრიმიტიულ „შავ-თეთრ სქემებზე", რომელშიც ზოგიერთები უშედეგოდ და ფუჭად ცდილობენ მის მოთავსებას.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი