„ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ ბრწყინვალედ გამოიყენა შანსი, რათა ხელისუფლება მუდმივი „თავის მართლებლის" მდგომარეობაში ჩააყენოს და ამ პოზაში ამყოფებს მანამ, სანამ ეს უკანასკნელნიც არ მიხვდებიან, რომ პოლიტიკური ხელოვნების არსი მოწინააღმდეგისთვის საკუთარი „თემების" თავს მოხვევაა და არ მუდმივი თავის მართლება. საგარეო პოლიტიკა კი სწორედ ის თემაა, სადაც „ნაციონალები" მუდმივი ბრალდმებლის როლში იქნებიან, „მეოცნებეები" კი - უწყვეტი თავის მართლებისა, რაკი ისევ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკას ატარებენ მხოლოდ და მხოლოდ უწინდელ რიტორიკაზე უარის თქმით. არადა, ის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ იმ რიტორიკითაა შესაძლებელი და მასზე უარის თქმის შემთხვევაში სრულიად ფუჭ აბსურდად იქცევა. სხვათა შორის, ეს დაადასტურა კიდეც საინფორმაციო დივერსიამ უკვე ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ (რაკი მინისტრი ღარიბაშვილი ფიგურირებს და არა მინისტრი ახალაია ან მერაბიშვილი) - ტამერლან ცარნაევისა და „კავკასიის ფონდის" თაობაზე.
თუმცა ახალ (ჯერ კიდევ ახალ) ხელისუფლებას და მის ადეპტებს ამის აღიარება არ უნდათ და „ნაციონალთა" მოედანზე, იმათთვის მომგებიანი თემების განხილვისას გარდაუვალ მარცხს ისევ ჟურნალისტებს აბრალებენ. ამის ნიშანი იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი „მედია-კურატორის" საყვედურები: სტრასბურგის მოვლენა, პრემიერის ასსამბლეაზე გამოსვლა და უამრავი შეხვედრა რა უნიათოდ გააშუქეთ, ანალიზის ნაცვლად კანდელაკ - დარჩიაშვილ- წიკლაურის კომენტარები შეგვრჩა ხელშიო. საოცარი პრეტენზიაა! კი მაგრამ, დალოცვილებო, თუ ვიზიტის გაშუქება გინდათ, ისეთი ჟურნალისტები იახლეთ თან, წერა-კითხვა მაინც რომ იციან და არა მხოლოდ მიკროფონზე ხელის დაჭერა. და საერთოდ, ივანიშვილის გუნდს ჟურნალისტიკისადმი უცნაური დამოკიდებულება აქვს: თუ წინა ხელისუფლება მედიის უშუალოდ გაკონტროლებას ცდილობდა (მათ შორის იმგვარი ფორმებით, რაც დაახლოებით 10-15 შემთხვევაში ბედნიერი ოჯახის შექმნით დასრულდა), - „ოცნება" ჟურნალისტთა ქეშით „ხელზე შემოჩვევას" ცდილობს. ალბათ არასდროს, ბოლო 20 წლის მანძილზე, ქართულ მედიაში ამდენი ფული არ დახარჯულა და . . . . „რა მერე?" ანუ, ერთი კახური ანედგოტისა არ იყოს, „გამაადგათ რო?"
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება თვით გამოსვლას. დავიწყოთ თითქოსდა ტექნიკური წვრილმანებით. ბიძინა ივანიშვილის გენერალურმა მრჩეველმა „პოზიციაში" აღშფოთება ვერ დამალა: „რა სისულელეა, ახლა სინქრონისტთა პროფესიონალიზმზე ვილაპარაკოთო". არადა, გაუგებარია, რატომ არის ეს „სისულელე", თუკი სწორედ ამის გამო ლამის სამარცხვინოდ ჩაიშალა კითხვა-პასუხი?! ერთ მომენტში პრემიერმა თავადაც კი თქვა: „ეს ქალი ისე ნერვიულობდა, ლამის გული წაუვიდაო".
ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია: საქართველოში ფრანგულის უამრავი ბწყინვალე სპეციალისტი გვყავს, რომელთაც სინქრონული თარგმნის დიდი გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ რაკი ივანიშვილის აპარატი ძველისძველი მეთოდებით არჩევს კადრებს „ეს ქალიც" უეჭველად ვიღაცის „ჩაწყობით" მოხვდა დელეგაციაში და კინაღამ სრული კატასტროფა გამოიწვია: აბა მართლა ბოლომდე რომ წასვლოდა გული, ვიღა გადათარგმნიდა ქართულიდან?
გასაგებია და დიდი ტრაგედია არ არის, თუ საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი იმდენად სრულყოფილად არ ფლობს ფრანგულს, ბალზაკის ენაზე გამოვიდეს და, განსაკუთრებით, ამავე ენაზე უპასუხოს კითხვებს. მაგრამ მის მრავალრიცხოვან დელეგაციაში იყო ხალხი, ვისაც შევარდნაძის დროსაც უმუშავია: არც შევარდნაძე ფლობდა ენებს სააკაშვილისაგან განსხვავებით, ისიც ქართულად გამოდიოდა სტრასბურგში, მაგრამ ასეთი გამოსვლების დროს 3-4 სინქრონისტი მიჰყავდა ხოლმე, რომელიც ერთდროულად თარგმნიდა ქართულიდან 3 ევროპულ ენაზე. ამის მოფიქრებას რაღა უნდა?
ასეთ უნიათობასთან კონტრასტის სახით უნდა ითქვას, რომ თვით „სპიჩი" საკმაოდ ძლიერად და კომპეტენტურად იყო შედგენილი პროფესიონალის მიერ, ანუ ყველა იმ მთავარ მესიჯს შეიცავდა, რასაც ევროპელები ელიან საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისგან. მათი კვინტესენცია კი შემდეგია: „აღარ ვაპირებთ ჩაგაყენოთ უხერხულ მდგომარეობაში და გაიძულოთ ჩვენს გამო შეხვიდეთ კონფრონტაციაში რუსეთთან, რომელიც ძალიან გჭირდებათ მრავალი მიზეზის გამო და „საქართველოს გულისთვის" მასთან დაპირისპირება არ გეპიტნავებათ".
ასეთი იყო დედააზრი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი - მხოლოდ სიტყვის მასალა და მთავარი გზავნილის შესაბამისი გაფორმება. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი, ევროპული ტრიბუნიდან, უფრო ევროპელ ლიდერებს მიმართავდა „რიალ-პოლიტიკის" ფარგლებში, ვიდრე საპარლამენტო ასსამბლეაში შეკრებილ პროფესიონალ მოლაყბეებს, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ და ხშირ შემთხვევაში არც კომპეტენცია რეალური გადაწყვეტილებების მიღებისა.
მაგალითად, მატრაკვეცულ კითხვაზე „პუტინისადმი სიყვარულის" ან „მაგნიტსკის სიის" თაობაზე ივანიშვილმა სავსებით მართებულად უპასუხა ასეთი შინაარსით: „კი მაგრამ, ჩემგან რას ითხოვთ, როდესაც რუსეთის საწინააღმდეგო არც ერთი გადაწყვეტილება „ევროპის საბჭოს" არ მიუღია იმავე „რიალ-პოლიტიკის" მომიზეზებით? რომელი ჩემი ბიძაშვილია ეს ყბადაღბული მაგნიტსკი ან საკუთარი ცოლ-შვილის ნაცვლად პუტინი რატომ უნდა მიყვარდეს?" „სწორედ ამგვარმა კონფრონტაციულმა რიტორიკამ რუსეთის მიმართ, მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით"- სრულიად მართებულად აღნიშნა პრემიერმა და მიანიშნა, რომ ამ „მიყვანის" პროცესში ევროპა, უმეტესწილად გულგრილი იყო საქართველოს პრობლემების მიმართ. სხვა შემთხვევაში საქმე იქამდე არ მივიდოდა, სადამდეც 2008 წელს მივიდა.
ყველაზე მძაფრი კრიტიკა საპრეზიდენტო პარტიის მხრიდან ივანიშვილის იმ ფრაზას მოჰყვა, რომლითაც მან პუშკოვის პროვოკაცია მოიგერია: აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენელთა საპარლამენტო ასსამბლეის სხდომებზე დაშვების შესახებ. არადა, სინამდვილეში, სწორედ ეს იყო ყველაზე ძლიერი დაკარგად გათვლილი პასუხი: რუსული დელეგაცია ამ პროვოკაციისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა, რათა „კოსოვოს პრეცედენტი" გაეთამაშებინა. ივანიშვილმა კი, პასუხად, ევროპელებისათვის გასაგებ იმ მთავარ გარემოებაზე მიუთითა, რაც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს განასხვავებს კოსოვოსგან: „კოსოვოელები თავად მოითხოვდნენ ევროპული თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩამოსვალს, აფხაზი და ოსი სეპარატისტები კი ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან". აბსოლუტურად სწორი და ჭკვიანური პასუხია, რადგან ევროპელებს ახსენებს, რომ კოსოვოში მონაწილეობდა უზარმაზარი საერთაშორისო კოალიცია, რუსეთი კი (აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში") მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების მიხედვით, მარტო მოქმედებდა. შესაბამისად, სეპარატისტებსაც იქ არავის ხილვა არ სურთ, რუსების გარდა.
სამაგიეროდ შეცდომა იყო ტერმინი „კონფლიქტები", რადგან „რუსული ოკუპაციის" პარადიგმაში, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება გულმოდგინედ მისდევს, არსებობს არა „ქართულ-ოსური" ან „ქართულ-აფხაზური" კონფლიქტები, არამედ „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი". თუ პარადიგმას არ ცვლი და „ოკუპაციის კანონს" არ აუქმებ, მაშინ კერძო საკითხში მისგან ასეთი გადახვევა გაუგებარი და არალოგიკურია. საზიანოც კი.
საპასუხოდ ალბათ მიზანშეწონილი ჩანდა, თუმცა ევროპელებზე ნამდვილად ვერ მოახდენდა შთაბეშდილებას მუდმივი აპელირება სააკაშვილისა და მისი პარტიის უნარზე, ცრუ ინფორმაცია „მოახვიოს თავს" ევროდეპუტატებს. სინამდვილეში, თუ არ უნდათ თავს „მოიხვიონ", ვერავინ ვერაფერსაც ვერ „მოახვევს თავს".
მთლიანობაში კი, ეს გამოსვლა და ევროპელთა უმრავლესობის რეაქცია ისევ და ისევ ადასტურებს, რას ელის დასავლეთი საქართველოსგან: „დაეტიეთ თქვენს ტყავში, ნუ გაგვიჭირეთ საქმე თქვენი პრობლემებით და გვაცალეთ კოჰაბიტაცია რუსეთთან, რომელსაც თქვენი ტერიტორიული მთლიანობის გამო ომს ნამდვილად არ დავუწყებთ".
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი