რესპოდენტის შესახებ
ბელგრადსა და პრიშტინას შორის, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული "ისტორიული" შეთანხმება ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, მრავალთა აზრით, ბელგრადის მიერ კოსოვოს აღიარებას ნიშნავს. ბელგრადს ამ შეთახმებით გზა ევროკავშორისკენ გაეხსნა, კოსოვომ კი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები სერბების ავტონომიით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. რამდენად საშიშია პერსპექტივაში საქართველოსთან პარალელის გაყვანის შემთხვევაში ეს შეთანხმება, სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საუბრობს.
- რამდენად შეიძლება საქართველოზე გავრცელდეს სერბეთის ეს პრეცედენტი?
- საქმე იმაშია, რომ მთლად პირდაპირ მაგალითად ვერ ივარგებს ეს დოკუმენტი ჩვენთვის. იმიტომ რომ ჩვენ არ ვითხოვთ პირობითად, სიტყვაზე რომ ვთქვათ სამხრეთ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების, იქაური ქართული მოსახლეობის ავტონომიას და არც მაგალითად, ახალგორში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვას ვითხოვთ ავტონომიურობის პრინციპით. ამიტომ ეს მაგალითად ჩვენთვის ვერ ივარგებს.
იქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. იმ ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ არც პრიშტინა და არც ბელგრადი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში. ანუ ეს გარკვეულწილად არის ის, რომ ბელგრადი მწვანე შუქს უნთებს პრიშტინას საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიც არის გაერო და სხვა გაწევრიანებაში. თუმცა, ბევრ მათგანში კოსოვო ისედაც გაწევრიანებული იყო.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენსა და აფხაზეთს შორის ასეთი ტიპის პრობლემატიკა არ დგას. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის დოკუმენტიც ვერ შეიქმნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პრეცედენტი თავის პროდუქტს არ მოგვცემს. ჩვენ გვახსოვს, რომ ერთმა პრეცედენტმა აგვისტოს ომი დააჩქარა და ეს იყო თავის დროზე კოსოვოს ცნობა დასავლეთის მხრიდან და პირდაპირ იყო ნათქვამი პუტინის მხრიდან, რომ დაისაჯა საქართველო იმიტომ, რომ მისმა მოკავშირეებმა ეს ნაბიჯი გადადგეს.
ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ასეთი რამ მოხდეს დღეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, თუმცა დღევანდელი დათმობის პოლიტიკიდან გამომდნარე, ცოტა საეჭვოა, მაგრამ მაინც კრემლს ჰგონია, რომ გარკვეული კოზირი რომ აქვს ხელში დასავლეთის წინააღმდეგ.
-არსებობს ალბათობა იმისა, რომ პერსპეტივაში, ევროკავშირმა და ზოგადად დასავლეთმა სწორედ ამგვარი "დარეგულირების" სანაცვლოდ საქართველოს ევროსტრუქტურებისკენ მიმავალი გზა გაუხსნას?
-შესაძლებელია, ოღონდ ბელგრადის შემთხვევაში ბელგრადის პოზიცია ისეთი იყო, რომ რუსეთი მას ვერ დაეხმარებოდა და მათ რუსეთის დახმარება პრაქტიკულად უგულვებელყვეს. ოფიციალურ ბელგრადს ვგულისხმობ. წარმოგიდგენიათ, რომ ოდესმე სოხუმმა უგულვებელყოს რუსეთის დახმარება?
-არა, ნაკლებსავარაუდოა ეს მოხდეს...
-დიახ, აქედან გამომდინარე აქ ცოტა სხვა სიტუაციაა. აქ მართალია პარალელების გავლება გაჭირდება, მაგრამ დასავლეთს არ აქვს გამორიცხული, რომ სხვა ტიპის სქემა მოიგონონ იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანება მოხდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა ვიმეორებ, რომ რუსეთი აქ სხვანაირი ძალით სარგებლობს, ბევრად უფრო სერიოზული ძალით, ვიდრე სერბეთის შემთხვევაში.
-ანუ საკითხი, ვიდრე რუსეთს აქ ბერკეტები უჭირავს ხელში და ამხელა ძალით სარგებლობს საკითხი დასავლეთის მხრიდან ჩვენი მიმართებით ასე რადიკალურად ვერ დაისმება?
-რადიკალურად ვერა, საჭიროა მოხდეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება იმისათვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს.
-ეს ჩვენთვის სასაგებლო იქნება? რუსეთის უკან დახევას ვგულისხმობ. იმიტომ რომ დასავლეთის "მოგვარებული" კოსოვო სახეზეა და რამდენად სასარგებლო იქნება ეს ჩვენთვის?
-ზუსტად ამაშია საქმე. როდესაც დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთუმეებს ეძახიან ოპოზიციის წარმომადგენლები და გაუთავებელი ლაპარაკია ამაზე, თუ ვინ არის რუსეთის აგენტი ყოფილი თუ დღევანდელი ხელისუფლება სამწუხაროდ, საღი აზრის ადგილი აღარ რჩება.
ჩვენ ვართ ძალიან რთულ გარემოცვაში. ისლამური სახელმწიფოები ცდილობენ თავიანთი გავლენის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაზე და იმდენად უხეშად აკეთებენ ზოგ შემთხვევაში ამას, რომ მანევრის საშუალებასაც აღარ გვიტოვებენ. თვითონ პოლიტიკური სიტუაცია ჩვენში, გაუთავებელი ერთმანეთის გაკილვა იმის გამო, ვინ უფრო რუსეთის მოკავშირეა და ვინ დასავლეთის, ვიმეორებ, ხელს გვიშლის მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
მე როგორც კავკასიოლოგს, შემიძლია გითხრათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დატოვებს კავკასიას, მე არა მგონია რომ ვითარება ჩვენთვის სასიკეთოდ შეიქმნება, ამ შემთხვევაში, სხვათა შორის აზერბაიჯანსაც მოვიაზრებ. იმიტომ, რომ მე ვხედავ როგორი ბრძოლა მიმდინარეობს მაგალითად ქვემო ქართლში გავლენის მოსაპოვებლად სხვადასხვა ისლამური ქვეყნების წარმომადგებლებს შორის, რაც სამწუხაროდ ქართულმა საზოგადოებამ არ იცის.
- ამ შემთხვევაში ჩვენ რა უნდა ვქნათ?
-ჩვენ გვჭირდება გარკვეული ბალანსის პოლიტიკა და არა კატეგორიულად ხელისკვრა რომელიმე მხარისთვის - დასავლეთი იქნება ეს თუ რუსეთი, იმიტომ, რომ დასავლეთმა გარკვეული შეცდომები დაუშვა ჩვენს მიმართ, რუსეთის ოკუპანტია, მაგრამ ამის ძახილი გაუთავებლად, რომ ის ოკუანტია, ხოლო ის კიდევ სატანიკური ჯგუფი და მასონებით არის სავსე და ა.შ. რას გვაძლევს? არაფერს ხომ ასეა. ამიტომ საჭიროა ისეთი მწყობრი და გააზრებული პოლიტიკის შექნა, რომელიც ბალანსის საშუალებას მოგვცემს და რაც მთავარია, ამ ტიპის პოლიტიკის წარმოებაში საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი და არა მუდმივად დაპირისპირების რეჟიმში.
ჩვენ ისრაელი არ ვართ, რომელიც ჯერ აშენდა და მერე დაიწყო საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენთან ჯერ დაპირისპირება დაიწყო და მერე ვიფიქრეთ მშენებლობაზე. არ შეიძლება ასე.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე