სინამდვილეში, რამდენი დეპუტატიც არ უნდა ჰყავდეს «ქართულ ოცნებას» პარალმენტში, რეალური პოლიტიკური ძალა ქვეყანაში მაინც ისაა, რომელიც ქმნის პოლიტიკურ მეინსტრიმს, იმავე «დღის წესრიგს», აიძულებს ოპონენტებს მოახდინონ რეაგირება მის ინიციატივებზე, მის მიერ შემოთავაზებულ სიახლეებზე და, რაც მთავარია, დაამკვიდროს თამაშის ის წესები, რაც მისთის ხელსაყრელია, მოწინააღმდეგისთვის კი - წამგებიანი.
დავაკვირდეთ, ივანიშვილის გუნდი მუდმივად თავს იმართლებს: «არა, ჩვენ სულაც არ ვაპირებთ საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლას», «არა, როგორ გეკადრებათ, არც კი გვიფიქრია პუტინთან მორიგება», «რას ბრძანებთ, იოტისოდენადაც არ ვცვლით კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ», «არც გაგვიბედავს გვეფიქრა ეკონომიკური კურსის შეცვლაზე» და ა.შ და ა.შ. ამ კონტექსტში საინტერესო ის კი არ არის, რამდენად მიზანშეწონილია წინა ხელისუფლების ყველა ეს დოქტრინა, რომელსაც მმართველი კოალიცია თავს დაჰკანკალებს და რამაც გოგა ხაჩიძეს მართებულად ათქმევინა: «ყველა მიმართულებით იმავეს აკეთებთ რასაც ჩვენ და თუ სიფათებით არ მოგწონდით, ასე გეთქვათო», არამედ ნაციონალთა უნარი, ისევ და ისევ, მოწინააღმდეგეს საკუთარი «დღის წესრიგი» და თამაშის მისთვის მომგებიანი «წესები» მოახვიოს. როგორ ახერხებენ ამას მნიშვნელოვნად შემცირებული რესურსების მიუხედავად, რა ტაქტიკური სვლებითა და მეთოდებით, სხვა საკითხია. ალბათ იმით და იმიტომ, რომ უფრო ნიჭიერები არიან. მორჩა და გათავდა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ კონტექსტში სრულიად უადგილოა მსჯელობა, თუ «რამდენი ხალხი მივიდა 19 აპრილის მიტინგზე». გააჩნია რას მივიჩნევთ «ბევრად» ან «ცოტად», რისთვის, ვისთვის და როგორ. რევოლუციისთვის (რომელსაც არც არავინ აპირებდა ჯერ) ცოტა იყო, მაგრამ იმ მიზნით, რათა მარკ ტვენის სიტყვები დაედასტურებინათ, სავსებით საკმარისი! «მაგათ მიტინგზე ვინ მივა სომეხი ჰომოსექსუალების გარდაო» (დიდი ქართული ინტელიგენციის მორიგი შედევრის შესაბამისად), მეტისმეტი გულუბრყვილობა იყო. ძალიან ცუდად უნდა იცნობდე მასის ფსიქოლოგიას ზოგადად და ქართული მასისას კონკრეტულად! თუ «მისვლაზეა», მივიდოდნენ თუნდაც იმისთვის, რათა «ცოცხალი მიშა» და «ცოცხალი ვანო» ენახათ. ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა. ცნობისმოყვარე და ინტერესიანი. იმიტომაა იგი ადამიანი.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რუსთაველზე შეკრებილი მასა აცნობიერებდა, რას ნიშნავს ყბადაღებული «ევროატლანტიკური ორიენტაცია» ან რა განსხვავებაა ინტეგრაციულ ორიენტაციასა და ღირებულებით ორიენტაციას შორის. აქვე უნდა ითქვას, რომ უკვე 25 წელია, პირველს მეორედ გვისაღებენ ჯერ კიდევ 1988-1993 წლების დაუვიწყარი «ეროვნული მოძრაობის» ეპოქიდან, რომელმაც აგვაშენა, გაგვაბედნიერა, ღირსებით აღგვავსო და «ახალი ეროვნული მოძრაობა» ხომ სულ აგვაყვავებს და ღმერთკაცებად გვაქცევს.
თუმცა ამ შემთხვევაშიც, მიშას გუნდმა მიაგნო სლოგანს, რომელიც ისევ მას ანიჭებს უპირატესობას, რათა მტკიცედ ფლობდეს ინიციატივას და მოწინააღმდეგე მუდმივი რეაქციის, თავისმართლებისა და პასუხისმგებლობის მდგომარეობაში ამყოფოს. არადა, სხვა რა ჯანდაბად უნდა «ოცნებას» ეს სახელისუფლებო ბერკეტები, თუ დღის წესრიგს და პრიორიტეტებს მაინც ნაციონალური მოძრაობა ადგენს? ვიმეორებ: საკმარისია გიორგი კანდელაკმა რაიმე მკაცრი განცხადება გააკეთოს და ოცნების მთელი ელიტა თვალ-ცრემლ-დუჟმორეული სხაპასხუპით იმართლებს თავს: «არა, რას ბრძანებთ, არც გვიფიქრია, არც გაგვიბედავს, არც დაგვსიზმრებია» და ა.შ. თანაც (საგარეო პოლიტიკურ დისკურსში) როგორც ჩანს, ჩვენ, ანუ უბრალო მოკვდავნი მივაჩნივართ «დაბალ ღობედ» და ურცხვად გვატყუებენ, თითქოს «რუსული ბაზარი გაიხსნა ქართული პროდქუციისთვის». მაშინ, როდესაც ლიცენზია მხოლოდ ორმა ქართულმა კომპანიამ მიიღო (სამოციდან!) და მათაც ჯერ პროდუქციის ექსპორტი არ დაუწყიათ «ლოჯისტიკური პრობლემების» გამო. თუმცა რა იგულისხმება ლოჯისტიკაში - გულმოდგინედ გვიმალავენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანია კითხვა: რისთვის იბრძვის მიშა და მისი გუნდი? პოლიტიკა რომ შესაძლებლის ხელოვნებაა, როგორც ჩანს, კარგად ისწავლეს. ამიტომ ტაქტიკურ და სტრატეგიულ მიზნებს მკაფიოდ ანსხვავებენ. ტაქტიკური მიზანი მეორე პოლიტიკურ ძალად დაფიქსირებაა, სტრატეგიული კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში დაბრუნება. ნურავის მოატყუებს ბოლო გამოკითხვის შედეგები და ყოფილი მმართველი პარტიის 5 პროცენტიანი რეიტინგი. ეს რეიტინგი, რეალურად, ნიშნავს ზუსტად იმდენს, რამდენსაც ოცნების 11 პროცენტიანი მაჩვენებელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე. უფრო ზუსტად, ციხის კადრებამდე. გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები; გააჩნია, შეინარჩუნებს თუ არა «ოცნება» ერთიანობას საპრეზიდენტო არჩევნებსი წინ; გააჩნია როგორ გადანაწილდება ძალები პარლამენტში და ხომ არ დაიწყება «კოჰაბიტაცია» ოცნების რესპუბლიკურ-ალასანიურ ფრთასა და ნაციონალებს შორის ჯერ ტაქტიკურ, შემდეგ კი სტრატეგიულ თემებზე.
დროა გავიგოთ ის, რაც მიშამ ძალიან კარგად იცის: საქართველოს მოსახლეობა ტრადიციულად იყოფა ორ არათანაბარ ნაწილად - «პასიონარებად» და «ობივატელებად.» პასიონარები გამოდიან მიტინგებზე, იბრძვიან, ჩხუბობენ, ანუ კოლიზეუმის ასპარეზზე გამოვარდნილი გლადიატორების როლს ასრულებენ; მოსახლების უდიდესი ნაწილი კი სახლში, ტელევიზორთან ადევნებს თვალს წარმტაც სანახაობას, ხოლო შემდეგ, ხმას აძლევს მას, ვინც უფრო «მაგარია», «გამკეთებელი» და ძლიერია! ნაციონალთა მიზანი ამჟამად არც საპრეზიდენტო და არც ადგილობრივი არჩევნების მოგება არ არის. მათი მიზანი ოპოზიციური ნიშის მტკიცედ დამკვიდრებაა. «ოცნების» პრობლემა კი მუდამ ის იყო და ახლაც ისაა, რომ ქვეყნის განვითარების მკაფიო ალტერნატიული პროექტი არ გააჩნია. ანუ, ყველამ (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ) იცის, «რა უნდა მიშას». მაგრამ ჯერ ვერავინ გაიგო, «ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ბიძინას?».
თუ ასე გაგრძელდა და მმართველმა კოალიციამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა ოპოზიციას დაანება, მაშინ ეს ოპოზიცია ადრე თუ გვიან აუცილებლად იქცევა კვლავ ხელისუფლებად. და მერე ვინ ვის დაიჭერს - ამასაც ვნახავთ!
«ჯი-ეიჩ-ენი», ნიკა იმნაიშვილი