19 აპრილს „დაანონსებული" მიტინგის მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ვითარება საქართველოსათვის ჩვეულ იერს იძენს: ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ ნაციონალთა გემი იძირება, ხოლო საპრეზიდენტო პარტია შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კვლავ ამაყად მიაპობს ქართული პოლიტიკის მარად ბობოქარ ოკეანეს, ხოლო 19 აპრილს, როგორც ვანო მერაბიშვილმა განაცხადა ჩვეული მჭერმეტყველებით, „ყველაფერი კი არ მთავრდება, ყველაფერი მხოლოდ იწყება".
თუმცა, ვაგნერის მელოდიის თანხლებით „ამაყად მცურავი გემის" ხატს ცოტა არ იყოს არღვევს იოლად საცნობი „ტყაპა-ტყუპი": წყალში ცნობილ არსებათა გადახტომის შედეგად. ეს პირველი შემთხვევა არ არის საქართველოს მრავლისმნახველ და ცოდვიან ისტორიაში: 2003 წელს, ანუ შევარდნაძის რეჟიმის დასალიერს, არანაკლები „ტყაპა-ტყუპი" იყო. მრავალი, ვინც მაშინ შევარდნაძის გემიდან დროულად ისკუპა, შემდეგ სააკაშვილის გემზე აღმოჩნდა, ახლა კი ივანიშვილის ხომალდზეა. მაგრამ დღეს მიმდინარე ანალოგიური სცენა მაინც განსაკუთრებით კომიკურია, რადგან ფიგურანტებს, როგორც ჩანს, სერიოზულად ჰგონიათ, თითქოს მათ გულწრფელობას ვინმე დაიჯერებს და ვინმე ირწმუნებს, რომ საკუთარი ტყავის გადარჩენის გარდა სხვა რაიმე ღირებულება ამოძრავებთ.
ყველაფერი დაიწყო დათა ახალაის განცხადებით, რომელშიც მან ქვეყნის მთავარ მტრად და ნაციონალური მოძრაობის დამაქცევლად ვანო მერაბიშვილი გამოაცხადა. მას დაუყოვნებლივ აუბა მხარი მარიკა ვერულაშვილმა და მისთვის ჩვეული, ცოტა არ იყოს გაუგებარი, მუდამ ირონიული ღიმილით და კახელებისათვის უჩვეულო რბილი „ლ"-თი აუწყა ჟურნალისტებს, რომ თურმე ვანო მერაბიშვილმა ჩამოშალა „ნაციონალური მოძრაობა", მაგ წყეულის ბრალია 1 ოქტომბრის მარცხი და „მის გვერდით დგომა დანაშაულია". საკითხავი ის კი არ არის, როდის მივიდა ქალბატონი ვერულაშვილი იმ დასკვნამდე, რომ თურმე მერაბიშვილის გვერდით დგომა დანაშაულია, არამედ თვით ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ნამდვილი როლი ამ ქალბატონის ევოლუციაში: რატომღაც მხოლოდ მას შემდეგ რაც მსუყე ბიზნესს საფრთხე დაემუქრა.
ორივე განცხადებიდან ჩანს, რომ დათასაც და მარიკასაც ვანო „დაბალ ღობედ" მიაჩნიათ: რაკი თვით პრეზიდენტზე ჯერ-ჯერობით ვერაფრის თქმას ვერ ბედავენ, ვანოსგან ცდილობენ ტოლკიენისეული მრისხანე და იდუმალი „საურონის" გამოძერწვას. მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან „მასალა" არ იძლევა საფუველს. ვანოს ნუ ეწყინება და ყველა, ვინც მას ჯერ კიდევ „ვარდების დიად რევოლუციამდე" იცნობდა, ერთხმად ამტკიცებს, რომ ხმები მისი გენიალურობის შესახებ ერთობ გადაჭარბებულია: მერაბიშვილი, უბრალოდ, მოხვდა „საჭირო დროს საჭირო ადგილზე" და ხელმძღვანელობდა ძალისმიერ ინსტიტუტს, რომელიც თავისთავად უქმნის მეთაურს შესაბამის იმიჯს. თანაც, იმდროინდელ „ოაზისურ" პირობებში! თორემ აბა „დარდუბალას" პერსონაჟ კახა თარგამაძეს რა იმიჯი უნდა ჰქონოდა?! 15 ათასი პოლიციელის სამსახურიდან გაყრა სარისკო საქმეა, მაგრამ თუ გაბედავ და, რაც მთავარია, „გაგივა", ერთობ ხელსაყრელიცაა რეფორმატორობის თვალსაზრისით.
არანაკლებ რისკიანები იყვნენ ძმები ახალაიები. საერთოდ, ახალგაზრდობას ის თვისება აქვს, რომ ახალგაზრდა ადამიანი პასუხისმგებლობაზე ისევე არ ფიქრობს, როგორც სიკვდილზე. იგი მუდამ რისკიანია, „გამკეთებელია", რაკი ცხოვრება მარადიული ჰგონია, ხოლო ახალგაზრდობა - უჭკნობი. ამიტომაც რეფორმატორობისთვის საუკეთესო მასალაა. თუმცა დგება ჟამი მწარე გამოღვიძებისა, როდესაც იწყებს გაცნობიერებას, რა სულელი და გულუბრყვილო იყო. „ახლა, ჩვენ ციხეში ვიჯდეთ და თქვენ იგულავოთ ასე სადაა?" - ჟღერს რეფრენად ფეისბუკზე ჯერ გამოქვეყნებულ, შემდეგ კი უარყოფილ განცხადებაში. როგორც ჩანს, „უარყოფის უარყოფა" უგამოცდილესი მამის ჩარევის შედეგია, თუმცა ისიც მრავალმნიშვნელოვან დუმილს ინარჩუნებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თქვა: „დათა ახალაია სამჯერ თუ მყავს ნანახიო".
ძმებ ახალაიებზე საშიში, ნაციონალებისათვის, სინამდვილეში, მარიკა ვერულაშვილია: იმ დიდი სახელმწიფოებრივი ფუნქციის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში ეკისრებოდა, ბევრად მეტი აქვს „თვალსაჩინო", ანუ ვიზუალური და აუდიო მასალა. აქედან გამომდინარე, ნაციონალთა მიტინგების პარალელურად და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, უამრავ კომპრომატს ვიხილავთ და მოვისმენთ Youtube-ზე „ატვირთულს". ყოველი მათგანი ისედაც დაზიანებული გემის ჩამძირავ „ტორპედოდ" იქცევა. როგორც მაგალითად, ქალბატონ არონიას უმშვენიერესი ასულისთვის ნაჩუქარი ორი ათას დოლარიანი სამკაული, ცოტა არ იყოს ბუნდოვანი ფორმულირებით: „სტუმრისთვის გადასაცემად". ხანშიშესულ „მეოცნებე ქალბატონთა" აღშფოთებას, რა თქმა უნდა, საზღვარი არ ექნება და სწორედ იგი შეიძლება იქცეს „მეცხრე ტალღად", რომელიც გემს ნაფოტებად აქცევს.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გემიდან გადანახტომთ ეს კეთილშობილებას ვერ შესძენს და საერთოდ, სანამ საქართველოში ეს საზიზღარი სინდრომი არ მოისპობა და ერთგულებას (მიუხედავად განსაცდელისა) პოლიტიკური ფასი არ დაედება, მორევის ქიმთან მცურავი გემის მეტაფორა დამაჯერებლობას არ დაკარგავს.
ტყუილად ჰგონია ბიძინა ივანიშილს, რომ მისი გემიდან არ გადახტებიან, როგორც კი მოეჩვენებათ, რომ გემი იძირება.
”ჯი-ეიჩ-ენი” გელა კალანდაძე
ავტორი: . .