პრეზიდენტისგან არ მიიღება პასუხი - რუსეთი, ამბიციური ოლიგარქი და ათასი ამდაგვარი "ბლა-ბლა", რომელიც მისგან და მისი თანაგუნდელებისგან არაერთხელ მოგვისმენია, ისევე როგორც ივანიშვილისგან არ მიიღება - სამშობლოს სიყვარულზე აპელირება და გულზე მჯიღის ცემა - ჩემი, თქვენი თუ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალზე ზრუნვისთვის გარჯა.
***
უკანასკნელი ორი ათეული წლის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, ისევე როგორც ამ ცხოვრების მთავარი აქტიორების - პოლიტიკოსების ლოგიკაც. არაერთხელ მითქვამს და, შესაბამისად, არ ჩავუღრმავდები იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსების უმეტესი ნაწილისთვის პოლიტიკა ბიზნესია და მათ იმაზე მეტად ჰკიდიათ ფეხებზე ამ ქვეყნის ბედ-იღბალი, ვიდრე ლუდოვიკოს ვახტანგი. ჰო, ლუიმ თითქოს, მაგრამ მაინც ინანა... ახლა დაუფიქრებლად, თქვენი შინაგანი პატიოსნების მაღალი ხარისხით, დამისახელეთ ბოლო ოცწლეულის 20 ქართველი პოლიტიკოსი, რომლსაც ამ ქვეყნის, მისი შვილების ბედი გულწრფელად უნანია... დიახ, მართალი ბრძანდებით, ფრიად გაჭირდება სხაპასხუპით 20 ადამიანის ჩამოთვლა, რომელებმაც საკუთარი დიდებისა და სიმდიდრის მოხვეჭის მაცდუნებელი გარემოთი არ ისარგებლეს. მერაბ კოსტავაზე ნურაფერს იტყვით, მას არც კი დასცალდა დისიდენტის სტატუსი პოლიტიკოსის რანგში გაეცვალა. და თუ ქვეყანაში 20 უანგარო და გულწრფელი პოლიტიკოსის მოძებნა არ შეიძლება 20 წლის განმავლობაში, რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ ქვეყანას არც საზოგადოება ჰყავს, არც პოლიტური გაერთიანებები აქვს.
***
დავუბრუნდეთ დღევანდელობას... ჩემს კითხვაზე - "რა ვერ შეირგეთ ივანიშვილისგან და რატომ გაამწარეთ ასე?" მართლა ვერ მიპასუხებს ბატონი სააკაშვილი. რატომ? როდესაც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" არა თუ საქართველოში, მსოფლიოში პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ, დაახლოებით რამდენიმე წუთში ვთქვი - ბადრი ფულმა მოკლა. დიახ, 2003 წლის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებას არაფრის ეშინოდა ისე, როგორც ფულის. მან - სააკაშვილმა 2008 წლამდე შეძლო მთელი ქართველი საზოგადოება ორ ძირითად ნაწილად გაეყო - ტაშისმკვრელები და დაჩოქილები. რა თქმა უნდა, იყო მესამე - შეურიგებელი ნაწილიც, მაგრამ მათი რაოდენობა იმდენად მცირერიცხოვანი გახლდათ, რომ ისინი არც მიშას მომხრეებს მოსდიოდათ თვალში და არც დაჩოქილებს. დაახლოებით ისევე, როგორც ე.წ. "შუაშისტებს" ვერ იტანენ ახლა. არ ვაპირებ პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზებზე თემის გაშლას, თუმცა მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, ვგულისხმობ როგორც "მეგობრობის" ასევე "ამ ურთიერთობის გაცივების პერიოდს" უმადურობის კლასიკური მაგალითია. მაგრამ ამ უმადურობას ნამდვილად ჰქონდა საფუძველი - ფული. თუ გაიხსენებთ პატარკაციშვილისა და "ნაცელიტის" შეხვედრების ფარულ ჩანაწერებს, ცხადი ხდება, რომ სულაც არ იყო პატარკაციშვილი ადვილად სამართავი ფიგურა. მის ქარიზმას როგორც თავად აქვს ნათქვამი, მისვე "ბექრაუდნი" და რა თქმა უნდა, ფული განაპირობებდა. დიახ, ფულის ეშინოდა ყველაზე მეტად ნაციონალურ ხელისუფლებას და ფულმა მოუღო ბოლო. აქ ერთი მეტად საგულისხმო საკითხია. 2003 წელს ცალ-ცალი კალოშით და გამოხეული წინდებით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ქვეყანაში არნახულ ელიტარულ კორუფციას და ძალადობას დაუდო სათავე, ისწავლა და პრაქტიკულად გამოსცადა ყველაფერი, რაც მას ძალაუფლებას შეუნარჩუნებდა, მაგრამ ვერ ისწავლა თუ როგორ ებრძოლა ფულის წინააღმდეგ. პატარკაციშვილის გარდაცვალება, შესაძლოა, რჩებოდა ერთგვარ გამაფრთხილებელ და ყურადსაღებ გარემოებად დამონებული და ღირსებააყრილი ქართული ბიზნესელიტისთვის, მაგრამ ეს მაინც არ იყო ბიზნესმენებისთვის ჭკუის სწავლების კლასიკური მაგალითი. თუმცა ყველა ფულიანი, ვინც რეჟიმს დაუპირისპირდებოდა სააკაშვილის სურვილის მიხედვით ვერ მოკვდებოდა ან ვერ მოკლავდნენ. ეს ესმოდათ ნაციონალებსაც და მათ ყველაზე მდიდარი ქართველის - ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტეს. ისე, თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით, ახი კი იყო ივანიშვილზე ეს ყველაფერი. იმიტომ რომ სწორედ ივანიშვილის ფანტომურმა მდგომარეობამ ამ ქვეყანას მრავალი უბედურება დააწია და საზოგადოებას ჯერაც აცხოვრებს ტყუილის ჭაობში. ჯერაც გაურკვეველია სად იწყებოდა ივანიშვილი და სად გრძელდებოდა იგი სააკაშვილით. ჯერაც უცნობია, ნაციონალური ხელისუფლების მიერ ბოროტების სისტემის შექმნაში, როგორია ივანიშვილის ხვედრითი წილი.
თუმცა თუ სააკაშვილისთვის დასასმელ კითხვაზე პირდაპირ პასუხს ვერასოდეს მოვისმენთ, ლოგიკურ დასკვნამდე თავადაც შეგვიძლია მივიდეთ. იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილმა საქართველოში ფაქტობრივად "გააფარჩაკა" მთელი პოლიტიკური სპექტრი, ნაწილს კი ხელოვნური განაყოფიერების პირობებში აცხოვრებდა, ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლო სცენარების ანალიზი ცხადყოფდა, რომ "პოლიტიკური კლასი" მას საფრთხეს არ უქმნიდა. მიუხედავად პრეზიდენტის დაუოკებელი სურვილისა მსოფლიოს ესაუბრა მისი ორგანოებით რუსეთის პრეზიდენტის დაინტერესებაზე, ცხადია, რომ კრემლს სულაც "კვერცხებზე" ეკიდა საქართველოც და მისი პრეზიდენტიც, რომელმაც ვერ გაუძლო პროვოკაციებს და რუსეთს სოჭის ოლიმპიადის პრობლემების გარეშე ჩატარების გარანტიებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიების ნაწილიც დაუკანონა.
შესაბამისად, ალბათობის კრიზისული სცენარის მიხედვით რჩებოდა მხოლოდ ერთი შესაძლო ვიზავი - მილიარდელი "მონტე კრისტო". რაც უფრო ახლოს გყავს მტერი მით უფრო უსაფრთხო ხარ - აი, ამ ფორმულის დანგრევაც მოისურვა სააკაშვილმა, როდესაც ივანიშვილს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. მოკლედ, მისთვის ბერეზოვსკის სცენარი გაამზადეს. თუმცა "მონტე კრისტო", რაოდენ აღმაფრთოვანებელი და რომატიკულად უნდა გვეჩვენოს, ცხადია, რომ მას შურისძიება ამოძრავებს. შურისძიება, რომელსაც თავად სამართლიანობის აღდგენას ეძახის. (არის ხომ რაღაც მსგავსება დღევადელობასთან - ანუ სამართლიანობის აღდგენის დეკლარირებასთან). და რადგან სააკაშვილს ნაპოვნი ჰყავდა მტერი, დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ. სწორედ აქ გადადის ის ზღვარს და ივანიშვილს ულახავს ღირსებას, თავმოყვარეობას (ამ ნაწილს ივანიშვილზე საუბრისას გავშლი). სწორედ ამ ზღვარის გადალახვით იწყება ნაციონალური ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი.
ივანიშვილის ქვეყნიდან გაგდების გადაწყვეტილებას სააკაშვილის ანალიტიკოსების კიდევ ერთი შეცდომა ახლდა. იგი დაარწმუნეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილს გააგდებდნენ, მის მიერ ქართულ ეკონომიკაში სხვადასხვა მიმართულებებით ჩადებული სახსრების კომპენსირებას ნაციონალური ბიზნესელიტა და ქართული ბიზნესი მოახდენდა. ეს, რა თქმა უნდა იყო შეცდომა, რადგანაც იგივე ოდენობის ფინანსებს უანგაროდ ქართული ბიზნესი ქართულ ეკონომიკაში ვერ ჩადებდა. და თუ მისგან ამას მაინც დაჟინებით მოთხოვდნენ სახელმწიფოს ეკონომიკა ორ წელიწადში დაიშლებოდა, რაც ასევე გახდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. მოკლედ, სააკაშვილის უმთავრესი შეცდომა მაინც მის ფობიას - ხელისუფლების დაკარგვის ფობიას უკავშირდება. ივანიშვილთან მის დაპირისპირებას აკლდა ერთი კლასიკური "ფორმულაც" - შიშს დიდი თვალები აქვს. სააკაშვილის შიშს თვალებიც დახუჭული აღმოაჩნდა და ყურშიც რომ არ ესმოდა, ეს ხომ იმთავითვე ნათელი იყო.
***
ჯერ უცნობია რა ზეტიტულით დარჩება ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ დღეს ის მხოლოდ შურისმაძიებელია.
დავაკვირდეთ ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას. თავის მეორე წერილში, რომელიც 12.10.11 რიცხვით თარიღდება ბიძინა ივანიშვილი მრავალ თემას ეხება. ამ წერილის ერთ-ერთ თავში - "რატომ მოვედი პოლიტიკაში", ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებს განმარტავს. ამ მიზეზებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ოჯახს, მეუღლეს, შვილებს. ივანიშვილი ღიად ამბობს იმას რისი თქმაც შეიძლება, მაგრამ ამავე ტექსტის ქვეტექსტებში უფრო მნიშვნელოვანი რამ ჩანს.
"ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: იმიტომ, რომ ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც _ ქონებას, არც _ ფულს, არც _ პრივილეგირებულ მდგომარეობას", - წერს ივანიშვილი და ეს არის აბსოლუტური სიმართლე.
სააკაშვილი მას ქვეყნის დატოვებას აიძულებდა და მან გაათვითცნობიერა, რომ მართლაც კარგავდა სამშობლოს, რადგან ქვეყანაში არ იყო პოლიტიკური ძალა, რომელიც უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში შეძლებდა სხვადასხვა სახით ტრანსფორმირებული ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას. მეოთხედი საუკუნე კი საკმაოდ დიდი დროა ლოდინისა და უსამშობლოდ ცხოვრებისთვის.
შემდგომ ივანიშვილი დასძენს, რომ "ეს სიტყვები ჩვენს კომფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება". მიაქციეთ ყურადღება, ივანიშვილი ბრალს სდებს საზოგადოებას კონფორმზში. საზოგადოებას. ე.ი. ადამიანების საკმაოდ დიდ ჯგუფს. მაგრამ ფსიქოლოგები მიხვდებიან ყველაზე კარგად, რომ ივანიშვილი რეალურად საკუთარ თავზე საუბრობს.
ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე კომფორტულად ხომ მართლაც არავინ გრძნობდა თავს. ამას დავამატოთ ის ათასობით ადამიანიც, რომელსაც იგი ზოგს დამსახურებულად და ზოგსაც დაუმსახურებლად რიგით ქართველზე 30-ჯერ მეტს უხდიდა. ამ დამსახურებული ადამიანების უმეტესობისთვის კარის მეზობელს რომ 5 ლარი ეთხოვა კრუნჩხვებში ჩავარდებოდა. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. თუმცა რატომ სხვა, ამ ადამიანების უმეტესობა აძლიერებდა და ადუღაბებდა სააკაშვილის რეჟიმს, ისინი ძირითადად ტაშისმკვრელთა რიგებში იდგნენ და "კონფორმიზმით დაავადებული საზოგადოების" თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ მაშინაც და არიან ახლაც. შესაბამისად, ივანიშვილი მიხვდა, რომ თუ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევებდა, ის საზოგადოება, რომელსაც წლების განმავლობაში აცოცხლებდა, ორმაგად დასჯიდა. დასჯიდა მორალურად, როდესაც სააკაშვილს დაეთანხმებოდა რომ ბიძინა მტერია, და იმის გამოც თუ ივანიშვილი მათ პოსტბიძინასეულ კონფორმიზმს არ აპატიებდა და დახმარებას შეუწყვეტდა. ასეთ შემთხვევაში ქართველებს ძაგება და წყევლა გამოგვდის კარგად.
ახლა ამ სიტყვებს დავაკვირდეთ - "პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს", - წერს ივანიშვილი და აქაც არის თავის ქვეტექსტი. ადამიანი სახელისთვის ცხოვრობს. არც ქონება, არც სხვა რამ მატერიალური სიკეთე არ გადასწვდება ხოლმე ისტორიას. მხოლოდ სახელი. შესაბამისად ივანიშვილი მიხვდა, რომ "ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით", მან სააკაშვილის სახელს შემატა დიდება. და უცებ, იმის მიუხედავად შეესაბამებოდა ეს სიმართლეს თუ არა, "სამების გვერდით" - 2007 წლის 7 ნოემბერი "წამოიმართა". 7 ნოემბერი, რომელიც ირიბად დაუკავშირეს ივანიშვილს. ვინ და რატომ გაუკეთა ეს მილიარდელს, ამას თავად გაარკვევს. თუმცა ამ ერთი "ფაქტის" მერე უარყოფითმა ამბებმა იმატა. ამ ამბებიდან რომელი იყო ტყუილი და რომელი მართალი ეს, მით უფრო ახლა, ძნელი დასადგენია, თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. უბრალოდ, აქ მთავარია ცალკეული ამბები როგორ ვრცელდებოდა ხალხში. მოკლედ, ივანიშვილმა თავისი ფანტომობით თავად მიაყენა საკუთარ თავს ჩრდილი. იგი იყო და არ იყო არსად. ეს მერე გახდა ცნობილი, რომ სოროსიც კი თურმე ივანიშვილი ყოფილა. შესაბამისად, ივანიშვილი კვებავდა, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად იმ ჯგუფებსაც, რომლებმაც მისი საქართველოდან განდევნის გადაწყვეტილება მიიღეს. ფაქტია, რომ სახელი, რომელსაც იგი ლამის "მზეთუნახავივით" უფრთხილდებოდა ივანიშვილის ქვეყნიდან განდევნის შემდეგ ადამიანებს მიავიწყდებოდათ და ის დაიკარგებოდა. იგი ხდებოდა უთვისტომო და უსახელო ადამიანი. უსახელო საკუთარ სამშობლოში, იქ სადაც მას ყველაზე მეტი სიკეთის კეთება და ყველაზე დიდი სახელის დატოვება სურდა.
და ბოლოს, ივანიშვილის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი მაინც მისი ოჯახი იყო. "მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადასწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.
მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სკეპტიციზმი...", - წერს ივანიშვილი.
ჩვენთვის უცნობი დარჩება რეალურად რაზე ისაუბრეს მამა-შვილმა, მაგრამ ცხადია, რომ ახალგაზრდულმა სიჯიუტემ თავის გაიტანა. ივანიშვილი თუ დაჰყვებოდა სააკაშვილის ნებას, იგი დაამსხვრევდა თავის შვილებში მამის კერპს და სიცოცხლის ბოლომდე ვერასოდეს შეძლებდა თვალი გაესწორებინა მათთვის. უფრო მეტიც, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს "მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში"... ნამდვილად ვერ დავიჩემებ და არც დავიჩემებ (რადგანაც არაერთი მხრიდან გაგონილით ვიცი - ივანიშვილის შვილები საკმაოდ აღზრდილები და თავაზიანები არიან), რომ უტამ მამას მშიშარა უწოდა. მაგრამ როგორც თავად ივანიშვილი ამბობს მან მამას უთხრა - "თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო". და ეს სიტყვები ირიბად ნიშნავდა, რომ მან მამამისის ორჭოფობაში შიში დაინახა. ეს უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა ივანიშვილისთვის და სწორედ აქ დაიბადა სურვილი - შურისძიების სურვილი. ივანიშვილმა სააკაშვილს სწორედ ის არ აპატია, რომ საკუთარი ოჯახის თვალში დაამცირა. დიახ, ქვეყნის დატოვების მოთხოვნა იყო დამცირება, და პირველ რიგში შვილების წინაშე. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამდა, ის იქნებოდა ცოცხალი ლეში ყველაზე საყვარელი ადამიანების თვალში. შურისძიება საკუთარი ღირსების გადასარჩენად. რეალურად ეს იყო ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. შემდეგ გაჩნდა უკვე დალაგებულ აზრებში სხვა დანარჩენი - სამშობლოც, მამულიც, ენაც და ასე შემდეგ.
***
და ისევ "ახლა"-ს, "ამჟამად"-ს დავუბრუნდეთ...
მაგრამ ამისთვისაც ისევ უკან უნდა გავიწიოთ. ივანიშვილს სჭირდებოდა ძლიერი დასაყრდენი სააკაშვილის გუნდში და ივანიშვილმა ეს დასაყრდენი იპოვნა. სწორედ ეს დასაყრდენი ხდება დღეს ივანიშვილის დილემა. რას შეჰპირდა მას ივანიშვილი ეს ერთია. მეორეა რამდენად შეძლებს საკუთარი დანაპირების შესრულებას, იმ პირობებში, როდესაც მას სიტყვა შეუსრულეს. დაპირება, რომელიც ივანიშვილმა უნდა შეასრულოს, მას აიძულებს ხშირ-ხშირად გაიმეოროს, რომ ის წავა პოლიტიკიდან. წავა მალე. რეალურად, იგი დღესაც მზადაა დატოვოს პოსტი, რომ არა გარკვეული ვალდებულებები, რომელიც მას ახლა უკვე ტვირთად აწევს. ახლა ივანიშვილი ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე ფიქრობს - მან პირობა უნდა შესრულოს. ამის შემდეგ კი ...
***
2006 წლის 3 მაისს, ნიუ -იორკში გამართულ აუქციონზე 62,8 მილიონად პაბლო პიკასოს "დორა მარი" გაიყიდა. პიკასოს ერთ-ერთი შედევრის შეძენა აზარტის საქმე იყო. ღირსების საკითხია როდესაც საკუთარი შვილებისთვის თავლებში ჩახედვის უფლებას იცავ. პიკასოს "დორა მარი" ივანიშვილის კოლექციაშია, სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხება კი მისი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. თუმცა თუ "დორა მარი" ხვალ შეიძლება ნებისმიერი მილიარდელის კუთვნილება გახდეს და სააკაშვილი და მისი გუნდიც საერთოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკას, ივანიშვილი ვალდებულია ახსოვდეს მისვე სიტყვები - მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად. რეალურად კი დამარცხებულიც არსებობს, შურისძიების აქტიც შესრულებულია, მაგრამ გამარჯვებული? გამარჯვებულნი ჯერ მხოლოდ მეოცნებეები არიან. ამიტომაც რამდენიც არ უნდა იძახოს რომ წავა - ვერსად წავა ხალხისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლად. თუ ასე არ მოხდა, ის კი არ წავა, მას ხალხი გაუშვებს.
იმ კარებში კი საიდანაც ბიძინა ივანიშვილი უნდა გავიდეს უტა ივანიშვილი დგას. აღმოჩნდება თუ არა სააკაშვილის გაუთვლელი შეცდომა ბიძინა ივანიშვილის გადაულახავი ბარიერი?
"ჯი-ეიჩ-ენი", გოჩა მირცხულავა