ENG / RUS       12+

ცენტრ-პოინტის საგა და წყალს გატანებული იმედი

სამშნებელო კომპანია «ცენტრ-პოინტის» გარშემო მიმდინარე მრავალწლიანი დავა კულმინაციას უახლოვდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს დეველოპერული პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში განხორციელებული უმსხვილესი შიდა ინვესტიციაა. ინვესტორები კი, ძირითადად, ის საცოდავი ადამიანები იყვნენ, უცხოეთში რომ მოხუცებს «უწმენდნენ» და ასე შეგროვებულ ფულს სამშობლოში აგზავნიდნენ, რაკი ყველა ხელისუფლება (წინაც და ახალიც) ყოველნაირად ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს პატივს სცემდა მათ კეთილშობილ ნოსტალგიას. შედეგად კი სრული კატასტროფა და ცხოვრების ჩამწარება მიიღეს.

თუმცა, ემოციური შეფასებები აქ სრულიად ფუჭი და არარელევანტურია. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა გახდა ამ უბედურების მიზეზი, რომელმაც 6 ათასამდე ადამიანი მოიცვა, რაც, საქართველოს მასშტაბისთვის, უპრეცედენტოდ დიდი ციფრია.

«ნულოვანი წლების» დასაწყისიდან რჩეულიშვილებმა ძალიან ოსტატური ფიარი და პრომოუშენი აწარმოეს, რათა საუთარი კომპანიისთვის სოლიდურობის იმიჯი შეექმნათ. ამიტომ ბევრი მენაშენე სწორედ მათ ენდო და არა უამრავ პატარა კომპანიას, რომლებიც ერთ, მაქსიმუმ ორ კორპუსს აშნებდნენ. არადა, როგორც დღეს ირკვევა, სწორედ ასეთმა უჩინარმა, «პატარა კომპანიებმა» უფრო შეძლეს პროექტების დასრულება და მენაშენეთა დიდწილად დაკმაყოფილება მიუხედავად აგვისტოს ომის და ყველა სხვა ფორს-მაჟორისა.

სანამ შექმნილი სისტემური კრიზისის მიზეზებზე ვიტყოდე, აუცილებლად პასუხგასაცემია კითხვა: რატომ შეწყვიტეს რჩეულიშვილებმა ხელშეკრულება ემნეჯმენტ-კომპანია «დექსუსთან?» თავადაც აღიარებენ, რომ მერიის «განვითარების ფონდის» კრედიტებისა და მკაცრი (შეიძლება ითქვას სასტიკი) ფისკალური პოლიტიკის წყალობით, «დექსუსმა», ასე თუ ისე, რამდენიმე პროექტი დაასრულა და კიდევ რამდენიმეს ბუნდოვანი, თუმცა მაინც პერსპექტივა შეუქმნა. მაშ რა გახდა ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი? პასუხი იოლად მისაგნებია: პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება! რომ არა ეს გამოძიება და «ცენტრ-პოინტის» დამფუძნეებლთა დაკითხვები (რამაც ისინი დაარწმუნა: კბილაშვილი აღარ ხუმრობდა), საეჭვოა, რჩეულიშვილებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, როგორც მინიმუმ, 2013 წლის ბოლომდე ანუ «დექსუსთან» ხელშეკრულების ამოწურვამდე.

რას აძლევთ «დაბრუნება?» არც ესაა ძნელი მისახვედრი: ჯერ ერთი, მოქმედი ბიზნესმენების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან «ზომების გატარება», ზოგადად, საინვესტიციო იმიჯისთვის წამგებიანია და ხელისუფლებას არასასურველი არჩევანის წინფშე აყენებს. გარდა ამისა, პროკურატურასთან და მომჩივან დაზარალებულებთან მრავალმილიონიანი, თუნდაც მკვდარი ან გაყინული აქტივების განკარგვის პოზიციიდან საუბარი (თუ საპროცესო შეთანხმებაზე მიდგა საქმე) ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე ვითარება, როდესაც დამფუძნებლები ამ აქტივებს საერთოდ არ განკარგავენ და კომპანია სამართავად სხვებისთვის აქვთ გადაცემული. ესეც გასაგებია: «ბებიათქვენისამ, - ჩვენ პროკურატურაში ვიაროთ ან (ღმერთმა ნუ ქნას) დაგვაპატიმრონ, ხოლო ჩვენს კომპანიას სხვა მართავდეს და სხვა აგრძელებდეს მშენებლობებს!»

რაც შეეხება ფაქტორებს, რომლებმაც «დეველოპერული კოლოსი» გაკოტრებამდე მიიყვანა: მათ შორის არის როგორც სისტემური, ასევე სუბიექტური მიზეზები. პირველ რიგში, ისეთ პოლიტიკურად ტურბულენტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ზოგადად, ამგვარი ბიზნესი მეტისმეტად დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რაკი სამშენებლო საქმე (მით უმეტეს ამხანაგობების ან კოოპერატივების ფორმით) ყველაზე სენსიტიურია პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის, სამთავრობო ცვლილებების, გადატრიალებების, რევოლუციების, ომების თუ სხვა კატაკლიზმების მიმართ.

ის საბრალო ადამიანები, ვისაც ბედნიერი და ღირსეული ცხოვრების გარანტია მხოლოდ საკუთარი პატიოსანი გარჯა და ვალდებულებების პირნათლად შესრულება ეგონა, ანუ ბინის ღირებულება 100 პროცენტით გადაიხადეს, ყველაზე მკაცრად დაისაჯნენ და ახლაღა ხვდებიან, რომ არსებობს მათზე დამოუკიდებელი ფაქტორები, რომლებიც მაინც გააუბედურებენ, - როგორი პატიოსანი და გამრჯენიც არ უნდა იყონ პიროვნულად.

ეს გაგება ქართველებს არ გვქონდა, თორემ ამერიკელებმა, მაგალითად, ძალიან კარგად იციან - გენებში აქვთ ჯერ კიდევ «დიდი დეპრესიიდან» დაწყებული. ამიტომაც, 2008 წელს, იპოთკურ სფეროში გაბერილი «საპნის ბუშტის» გასკდომამ იქ ძირითადად უძრავი ქონების მეორადი ბაზარი (ესე იგი უკვე აშენებული და არა მშენებარე ბინების დაიპოთეკება) დააზარალა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დასავლეთში ამ საქმეს სრულყოფილი კანონმდებლობა არეგულირებს, რომელიც დევეპოლერსა და მენაშენეს რისკების თანაბრად ან თითქმის თანაბრად გაყოფას მკაცრად ავალდებულებს. ამერიკასა და ევროპაში გამორიცხულია სიტუაცია, რომ ყველა რისკს კლიენტი, ანუ მენაშენე კისრულობდეს, ხოლო დეველოპერს, რეალურად, არავითარი ვალდებულება და რისკი არ ეკისრებოდეს პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში. 2004 წელს ვინმესთვის რომ გეთქვა: «ხელშეკრულება წაიკითხე მაინც სანამ ხელს მოაწერო» - ვერც გაიგებდა რაზე ელაპარაკებოდი, რაკი ჩვენში ადამიანებს გულუბრყვილოდ სჯერათ «არაფორმალური სამართლისა» უფრო მეტად, ვიდრე ქაღალდზე დაფიქსირებული ვალდებულებების. თუმცა, «კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ჩაურევლობის მეთოდით» მოსახლეობაში სამართლებრივი შეგნების ამაღლება მაინც მეტისმეტი სისასტიკეა წინა ხელისუფლების მხრიდან. ბოლოს და ბოლოს, რეფორმატორები და მოდერნიზატორები იყავით თუ დაუნდობელი მხეცები? ასე «წითელი კხმერებიც» ცდილობდნენ თავისი ქვეყნის «მოდერნიზაციას», სანამ მოსახლეობის ორი მესამედი არ ამოწყვიტეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავუბრუნდეთ თემას:
მარცხის მეორე მიზეზი, უდავოდ, «ცენტრ-პოინტის» მხრიდან ბაზრის კონიუნქტურის არასწორი გათვლა იყო! თანაც კატასტროფულად არასწორი. ოღონდ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა «ფორს-მაჟორს» ან პოლიტიკურ ტურბულენტობას, არამედ მიწოდება-მოთხოვნის ბალანსს, რომელიც ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მშვიდ ვითარებაშიც შეიძლება დაირღვეს.
მესამე: ზემოგების მიღების სურვილი და ზღვარსგადასული რისკი. ადამიანები, რომლებიც რომელიმე ამხანაგობას ან «შპს»-ს ფულს უხდიდნენ კონკრეტული ობიექტის ასაშენებლად, ვერ ხვდებოდნენ და არ იცოდნენ (რაკი, რა თქმა უნდა არავინ აუხსნა), რომ საქმე ჰქონდათ არა ერთ კომპანიასთან, არამედ დიდ კონგლომერატთან, რომელსაც არ გააჩნდა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სამაგიეროდ ჰქონდა ერთი საერთო «ყულაბა». ანუ, მესვეურებს არაფერი უკრძალავდა, ერთ ობიექტზე შემოსული თანხა გადაესროლათ სრულიად სხვა ობიექტზე მიწის შესაძენდად ან ახალი პროექტის დასაწყებად მეორე, მესამე, მეოთხე ამხანაგობასა და «შპს»-ში. თან ისე, რომ პირველი პროექტი ჯერ დასრულებული ან თუნდაც შუამდე მიყვანილი არ ჰქონდათ. ახლა საბრალო მენაშენეებმა რამდენიც არ უნდა იძახონ, «ეს ჩვენი ფულის არამიზნობრივი ხარჯვა იყოო», კანონით აკრძალვა არ არსებობდა, ხოლო რაც კანონით აკრძალული არ არის, ყველაფერი ნებარდართულია.

ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც დროში დაემთხვა 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკურ არეულობას და აგვისტოს ომს, გახდა სამშენებლო მასალების (არმატურის) გაძვირება. თუმცა, რომ არა სხვა ზემოთაღწერილი ფაქტორები, მხოლოდ ეს ვერ გამოიღებდა ესოდენ კატასტროფულ შედეგს.

მაგრამ ახლა რა ეშველება ამ საქმეს? რჩეულიშვილების «დაჭერამ» შეიძლება ვინმეს გული მოფხანოს, ოღონდ ამით არათუ ბევრი არაფერი, არამედ საერთოდ არაფერი შეიცვლება. ამ წლების განმავლობაში ხელფასის ან დივიდენდის სახით აღებული თანხა სრულადაც რომ მოატანინონ, მაინც არ ეყოფა პრობლემის კარდინალურ გადაწყვეტას. თუ სახელმწიფო არ ჩაერია და ამ დარგს ხელი არ წააშველა, დარჩება ყველაფერი ისე, როგორც არის: მხოლოდ დაინგრევა, და დალპება ნახევრადაშენებული, თორემ არაფერი დამთავრდება.

ისე, ძალიან უცნაური პრიორიტეტები აქვს ჩვენს ახალ მთავრობას და მის ლიდერს: ბიძინა ივანიშვილი მზადაა საკუთარი სახსრებიდან მილიარდი გაიღოს სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად, თუმცა აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს სოფლის მდინარეს ფუჭად გატანებული ფულია, რაკი ათიდან ცხრა შემთხვევაში, გაცემული კრედიტები (რა ფორმითაც არ უნდა გაიცეს) კოინდარზე დაყენებულ «გლაზასტი მერსედესად» კონვერტირდება და არა პროდუქციის წარმოებად. ქვეყანაში, სადაც ადამიანებს მიწაზე მუშაობა თვითონაც ეთაკილებათ და სხვასაც უშლიან (ინდუსები, ბურები და ა.შ) ამგვარი მეთოდები არსებით შედეგს ნამდვილად ვერ გამოიღებს.

არადა, ამ თანხის თუმდაც მეათედი რომ სამშენებლო სექტორის (მაშასადამე რეალური ეკონომიკის) მხარდასაჭერად დაიხარჯოს, ეს დარგი თვითონაც ამოისუნთქებს, ათეულობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, უამრავ მომიჯნავე დარგსაც გამოათრევს კრიზისიდან და გაუბედურებულ ადამიანებსაც დაუბრუნებ იმედს, ისევე, როგორც სამართლიანობისა და პატრიოტული სულისკვეთების «არასულელურობის» განცდას.
რჩეულიშვილთა გასამართლებით კი საქმეს ნამდვილად არ ეშველება.

"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი

 

ავტორი: . .