ENG / RUS       12+

მამუკა არეშიძე: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებები "სიტუაციურობიდან გამომდინარე" გამართლებულია

რესპოდენტის შესახებ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისათვის მიცემულ ინტერვიუში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვთქვათ, სამართლებრივი საკითხი. მისივე თქმით, ამ კანონის შემსუბუქებით, საქართველოს სახელმწიფო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ ერთგვარ "სასტარტო ხეირს" მიიღებს ამიტომაც ამ ცვლილებების მიღება არეშიძეს "სიტუაციურობიდან გამომდინარე" გამართლებურად მიაჩნია.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის განხილვა საქართველოს პარლამენტში დაიწყო. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა პირველად - ადმინისტრაციულ დაჯარიმებას იწვევს. სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა კი კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში დგება...

- ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იწვევს და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არსებობა არ ფიქსირდება?

- მე არ მიმაჩნია, რომ არ ფიქსიდება. იმიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს სპეციფიკაა თავისებური, რომელიც გასათვალისწინებელია პოლიტიკური მანევრისთვის. რასაკვირველია, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს სამართლებრივად აბსოლუტურად წელში გამართულია, მაგრამ სიტუაციურობიდან გამომდინარე გამართლებურად მიმაჩნია და გეტყვით რატომაც.
ავიღოთ მაგალითი, მაგალითად, არის ცხინვალის მკვიდრი, რომელსაც აქვს რუსეთის პასპორტი და მან გადმოლახა საზღვარი ვთქვათ ნათესავის გასვენებაში ან სხვა საქმის გამო და არ არის გამორიცხული, რომ მან ასევე გადმოლახა ის პირობითი საზღვარიც (რომელსაც ჩვენ პირობით საზღვარს ვუწოდებთ) და გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაშინ ეს ადამიანი დაკავებულია და მიესადაგება ის ნორმა, რომელზეც თქვენ საუბრობდით როგორც რუსეთის მოქალაქეს.

მეორეს მხრივ, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ეს საზღვარი არის პირობითი და ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები. გარკვეულწილად იქმნება ჩიხური სიტუაცია, მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ, რომ თუ ეს ადამიანი თუ ჩვენი მოქალაქეა, პლიუს თუ ცხინვალის მკვიდრია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პასპორტი აქვს ის მართალია არღვევს წესს, მაგრამ გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს ამ თემას. აქედან გამომდინარე, შესაბამისად სპეციფიური მიდგომის დემონსტრირებაც უნდა მოხდეს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეს - მაგალითად ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ევროპული ქვეყნიდან დაკავებული იქნა ქართული პოლიციის მიერ. ისინი ამბობდდნენ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ სცნობს ამათ (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობას - ეს ერთი, მეორე - ჩვენი სახელმწიფო (ამ შემთხვევაში საუბარია საფრანგეთზე) მიიჩნევს, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და მესამე -ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით ამ კანონის არსებობის თაობაზე.

მესმის, რომ ჩნდება ბუნებრივი კითხვა: კი, მაგრამ რომ გადმოხვედით, ხომ დაინახეთ, რომ ჩაგირტყეს "დამოუკიდებლი აფხაზეთის ვიზა", - ამათ თქვეს, კი ვიცოდით, მაგრამ ეს სეპარატისტების კაპრიზად ჩავთვალეთო . რასაკვირველია ეს საკამათოა. ვიღაცა, უფრო დადარაჯებული იტყვის, რომ დაინახეს, რომ ვიზა ჩაურტყეს უკან გაბრუნებულიყვნენო.

რასაკვირველია ბევრი მათგანი ამ თვალსაზრისით თვალთმაქცობს ალბათ, მაგრამ მეორეს მხრივ ყველას ვერ მოსთხოვ, რომ ეს კანონი იცოდეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ პირველ ჯერზე შესაძლებელია და კიდევ ვიმეორებ, სიტუაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული შეღავათები დაწესდეს. პირველ ჯერზე მხოლოდ.

- რამდენად გამართლებულია არგუმენტი - "არ იცოდა"? რას ჰქვია და რას ნიშნავს "არ იცოდა"?! აქ საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე, მის ოკუპირებულ ნაწილზე, ადგილზე სადაც მოხდა ომი, ეთნოწმენდა.... რას ქვია "არ იცოდა"?!

რასაკვირველია, მე კარგად მესმის, რომ კანონი არ სცნობს ამ ცნებას. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ამ გზით წავიდეთ და ყველა ადამიანი, რომელიც იქ ჩამოვა დავაპატიმროთ, ციხეებში ჩავსვათ როგორც წესი და რიგია და დავიცვათ კანონი სრული სიმკაცრით. ოღონ ახლა კითხვას ვსვამ ასეთს - მთლად გამართლებული იქნება ჩვენი ასეთი ქმედება ასე ვთქვათ მორალის თვალსაზრისით? გნებავთ, პოლიტიკური თვალსაზრისით? ეხლა ვიფიქროთ მეორეზეც, ის ოპონენტები, რომლებიც ასე ხმაჩახლეჩლი ყვირიან, რომ ამ ცვლილებებით ხდება საქარეთველოს საზღვრის უგულველებლყოფა არაერთი შემთხვევა შემიძლია ჩემოგითვალოთ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი ჟურნალისტები გადმოვიდნენ იქიდან, განსაკუთრებით აფხაზეთის მხრიდან ხდებოდა ეს ამბავი ყოველგვარი ექცესების გარეშე გაუშვიათ სახლებში. უამრავი ასეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. განსაკუთრებით ჟურნალისტების შემთხვევაში.

ეს უბრალო პოლიტიკანობაა რასაც ისინი აკეთებენ, ვიდრე პოლიტიკა, იმიტომ, რომ თვითონ ამ შემთხვევაში თვალს ხუჭავდნენ. მესმის მე მათი, კი არ ვამყტუნებ, იმიტომ, რომ სიტუაცის სპეციფიკიდან გამომდინარე რასაკვირველია არ უნდოდათ სიტუაციის გამწვავება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რადგან ისინი ჩვენს პარტნიორებად ითვლებიან.

როდესაც მე ამ კითხვას მისვამენ, სამართლებრივი თვალსაზრისით, რასაკვირველია, მე ვიცი, რომ არა ვარ მართალი, მე ამას არ ვუარყოფ, მაგრამ არის პოლიტიკური საკითხი. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვთქვათ, სამართლებრივი საკითხი.

-პოლიტიკური მანევრი ახსენეთ. რა პოლიტიკური მანევრის გაკეთების საშუალებას მისცემს ჩვენს სახელმწიფოს ეს ცვლილება და რისთვის გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენის მხრიდან საჭირო?

იცით რაშია საქმე, პოლიტიკური მანევრის მაგალითებსაც მოგიყვანთ. წლების განმავლობაში ჩვენთან სამკურნალოდ ჩამოდიოდა უამრავი მოქალაქე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართველიც და აფხაზიც. ეს სამკურნალოდ ჩამოსული ხალხი, მაგ ლოგიკით, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით, სამართლებრივი ლოგიკით, ყველა ციხეში უნდა მოხვედრილიყო. იმიტომ, რომ მათ აქვთ საზღვარი გადალახული ფსოუს მხრიდანაც თავის დროზე, ისინი მოძრაობდნენ ყოველ შემთხვევაში. გადადიოდნენ სოჭში და უკან ბრუნდებოდნენ. იმიტომ, რომ მათ სუყველას აქვს ან აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტი ან რუსეთის პასპორტი. აი ამას ვამბობ მე პოლიტიკური მანევრის საშუალებას.

-გამოდის რომ ამ ცვლილებებს ჰუმანიტარული დატვირთვა აქვს ...

რასაკვირველია, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ გვყავს საზღვრის დამრღვევები, რომლებიც შემოდიოდნენ , დადიოდნენ, მოძრაობდნენ ფსოუზე, და ყველა მათგანს აქვს პასპორტში ჩარტყმული როგორც სეპარატისტული რეჟიმის სასაზღვრო შტამპი ასევე რუსეთს სასაზღვრო შტამპი.

-ბატონო მამუკა, ცოტა უხეშად რომ ვიკითხოთ, მხოლოდ ეს ჰუმანიტარული "ხეირი" იქნება ამ კანონში შეტანილი ცვლილებები ჩვენი სახელმწიფოსთვის და მხოლოდ იმისათვის ხდება ეს რომ მათ სამედიცინო დახმარების მიღება გავუმარტივოთ?

რასაკვირველია. თუ ჩვენ ვგულისხმობთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ეს არის ასეთი სასტარტო ხეირი შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ გაკვეულწილად ცალმხრივად შევამსუბუქეთ ეს კანონი. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მოთხოვნები წავუყენოთ ვთქვათ იგივე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომლებიც პანდაპუნტით იჭერენ ტყეში გასულ თუ გზააბნეულ ადამიანებს.

რაც შეეხება სხვა, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რასაკვირველია ეს ჩემი თეზისი იმასთან დაკავშირებით, რომ მანევრის საშუალება გვექნება - არ გამოდგება. პოლიტიკურ მანევრსს ვგულისხმობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაუთავებელი დავა, თუნდაც ევროკავშირის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან აღარ გვექნება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის არ არის მთავარი არგუმენტი. მთავარი არგუმენტი არის მაინც ამ ადამიანებისათვის გარკვეული შეღავათის მიცემა, მე ვგულისხმობ სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებს.

-ამ ცვლილებების მრავალი მოწინააღმდეგე აცხადებს, რომ ცვლილებების შეტანა არის სერგეი ლავროვის პირდაპირი მითითება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ კანონში ცვლილება უნდა შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობას გადავხედავთო.

რაც შეეხება მითითებას, მე რაღაც არ მგონია, რომ ვინც ამას ლაპარაკობს, ვინმე ესწრებოდა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლებისა და ლავროვის შეხვედრას სადაც ეს მითითება იყო გაცემული. მაგრამ დავუშვათ, ვთქვათ - ასე გონიათ. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ რუსეთის ხელისუფლებაზე ვაკეთებთ აქცენტს, მაშინ , რუსეთის ხელისუფლება ითხოვს და ამას არც მალავს სიტყვა "ოკუპაციის" ამოღებას ამ კანონიდან და ამ კანონის საერთოდ გაუქმებას და არა შეღავათების წესებას.

რა ლოგიკაა და რაში სჭირდება რუსეთის ხელისუფლებას ეს. რაც უფრო შეზღუდული იქნება გადაადგილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების დანარჩენ საქართველოში მით უფრო მომგებიანია მათთვის ეს მდგომარეობა. ეს ხომ ლოგიკურია. ამის ნათელი მაგალითია რაც აფხაზეთში მოხდა 29 სექტემბერს, როცა აფხაზი მესაზღვრეები ჩაანაცვლეს რუსებმა და მას მერე ძალიან გართულდა იქიდან ადამიანების აქეთ გადმოსვლა. ვერავითარ ლოგიკას მე ამაში ვერ ვხედავ რა მითითება უნდა მიეცა ამ თემაზე ლავროვს, ხოლო ოკუპაციის შესახებ კანონი რომ რუსეთს არაწყობს ეს ასეა.

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

ავტორი: . .