რესპოდენტის შესახებ
სპეცოპერაციის შესახებ ახალ დეტალებსა და მტკიცებულებებზე ყურადღება სახალხო დამცველმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში გაამახვილა, რომელიც ომბუდსმენმა ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე დაყრდნობით მოიპოვა.
რამდენად შეესაბამება ომბუდსმენის მიერ ანგარიშში მოყვანილი ახალი მტკიცებულებები და გარემოებები უკვე გავრცელებულ ინფორმაციას, ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელ მექა ხანგოშვილს დაუკავშირდა.
- ქალბატონო მექა, სპეცოპერაციის შესახებ სახალხო დამცველმა ახალი მტკიცებულებები თავის ანგარიშში ასახა. რამდენად შეესაბამება ისინი თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას?
- ვეთანხმები ამ შემთხვევაში სახალხო დამცველს და ვიცი, რომ სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენთან ერთად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და არკვევდა ამ სპეცოპერაციის დეტალებს. ძალიან ბევრ ადამიანთან ჰქონდათ მათ შეხვედრა და როგორც ამბობდნენ, ძალიან ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთის აზრს. ეს ინფორმაციები ახლოს არის სინამდვილესთან.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის ძალიან მნიშვნელონი, რადგან ბოლო დროს ჩვენთვის ძალიან აღმაშფოთებელი ინფორმაციები ვრცელდება, თითქოსდა გამოძიებას იქითკენ მიყავს საქმე, რომ დაზარალებულად არ სცნონ ის პირები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეები.
- რას გულისხმობთ, ახალი ხელისუფლება ცდილობს გამოძიების ამ გზით წარმართვას?
- გამოძიება მთლად არ არის დაკომპლექტებული. არ გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ახალი ხელისუფლება არამიზნობრივ გამოძიებას აწარმოებს. უბრალოდ, იქ არის ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციაც, რომლებიც ხელს უშლიან, რომ ობიექტურობისკენ წაიყვანონ ეს გამოძიება. ეს საკმაოდ სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია, რაც ჩვენს ეჭვებს ამძაფრებს და ამდენად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ იმას, რომ ამ ბიჭებს ტერორისტების იარლიყი მიაკრან. ამ შემთხვევაში, დღეს ჩვენთვის და მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის.
- რამდენად შეუწყობს ხელს სიმართლის გარკვევას იმ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც დღეს სახალხო დამცველმა პარლამენტს მოუწოდა?
- რა თქმა უნდა, როდესაც კიდევ დამატებითი სახელმწიფოებრივი სტრუქტურული ორგანო იმუშავებს და შეიქმნება კიდევ ერთი საგამოძიებო კომისია, თავისთავად უფრო ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ობიექტური გამოძიება მოხდეს.
- რამდენად შეესაბამება სინამდვილეს სახალხო დამცველის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასული წლის გაზაფხულზე საქართველოში 120 ეთნიკური ჩეჩენი ჩამოიყვანეს და მათთვის თბილისში ბინებს ქირაობდნენ?
- ასეთი ინფორმაციები იყო ნამდვილად და ახლა უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ვიდრე გამოძიებას არ აქვს დადებული ვერდიქტი, რა თქმა უნდა რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ფაქტია, რომ შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს ჰქონდათ შსს-ს მიერ გაცემული დოკუმენტები, თუნდაც იარაღის ტარების, მართვის მოწმობები და ასევე იარაღი. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში შსს საქმის კურსში იყო.
- სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე, შსს-ს მიერ ასლან მარგოშვილზეც იყო გაცემული ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა?
- დიახ. ის ფაქტი, რომ ის მშობლებს საზღვარგარეთ ეგონათ და ამ დროს ის საქართველოში იღებს ამ იარაღს, რა თქმა უნდა ესეც ხელჩასაჭიდი ფაქტორია.
- სახალხო დამცველის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს გადარჩენილები ამჟამად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებიან, ამაში კი მათ შსს-ს მაღალჩინოსნები ეხმარებოდნენ. რამდენად სწორია აღნიშნული ინფორმაცია და მასში შსს-ს წარმომადგენლების მონაწილეობა?
- ამაზე რთულია ახლა საუბარი, გამოძიებას დაველოდოთ. როცა ადამიანს საკუთარი თვალით არ აქვს ნანახი ამაზე ცოტა რთულია საუბარი. ფაქტია, რომ მათ ვიღაცეების დახმარებით გააღწიეს, თორემ ისე ადვილი არ იქნებოდა.
იმ პერიოდში ჩვენთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი გამოვიდა და ამბობდა, რომ წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ დროს 2 000 სპეცრაზმელი ჩავრთეთო და 16 მეომრიდან 9 გაექცათ. ამიტომ, არ იყო წარმატებული სპეცოპერაცია. წარმატებულია ის სპეცოპერაცია, როდესაც ცოცხლად აყვანა ხდება და არა ლიკვიდაცია. ლიკვიდაცია ადამიანის ყველაზე იოლი ხერხია.
- რამდენად მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ჩართვა აღნიშნულ საკითხში და კონკრეტულად ვისგან უნდა მიიღოს მან დამატებითი ინფორმაცია?
- ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩვენთან შეხვედრა და ინფორმაციის მიღება, არამედ იმ ქართველი სპეცრაზმელების მშობლების დაკითხვა, იმის შესახებ თუ როგორი ზეწოლა იყო მათ მიმართ. შევხვდი მე ერთ-ერთი მოკლული სპეცრაზმელის - ჩოხელის მშობლებს და არანაკლებ შემაშფოთებელია, რაც მათ მიმართ ჩაიდინეს. ორი თვის განმავლობაში მათ არც ცხედარს აძლევდნენ, არ ეუბნებოდნენ რომელ მორგში იყო დასვენებული. მერე უკვე დაშინებები ხდებოდა ყველანაირად. მშობლებს გაათხრევინეს საფლავები და მერე არ აძლევდნენ გვამებს. მსგავსი ფაქტი საქართველოს ისტორიაში მემგონი არ მომხდარა, რომ დაკრძალვის უფლებას არ აძლევდნენ, ჭიშკრები არ გაახსნევინეს. ხალხს მისვლის უფლება არ მისცეს. ეუბნებოდნენ, თუ ამას არ გააკეთებთ ჩვენ თქვენს შვილებს ტეროტისტებად გამოვაცხადებთო.
- მშობლებისთვის დაღუპულთა გვამების გლდანის ციხის ტერიტორიაზე გადაცემის შესახებ ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?
- მე ძალიან მიკვირს, როდესაც ამდენი მორგი და ამდენი საშუალებაა, რატომ მიასვენეს მიცვალებულები გლდანის ციხეში. ეს ძალიან მძიმე ეჭვებს ბადებს. ვერ მივმხვდარვართ რატომ მოხდა ეს. სხვათა შორის, პატიმრები ადასტურებენ, რომ ცხედრები გლდანის ციხეში მიასვენეს და ისედაც, როდესაც უკვე დაუბრუნეს ეს სამი ცხედარი - მარგოშვილის, ალდამოვის, ბაღაკაშვილის, ამ უკანასკნელის დედა ამბობდა, რომ სწორედ გლდანის ციხიდან წამოიღეს მათ ცხედარი. ასევე, მარგოშვილის და ალდამოვის ცხედარიც გლდანის ციხიდან გადმოასვენეს. ჩვენ ვერ ვხვდებით რისთვის მიასვენეს იქ ცხედრები.
- თუ დაღუპულები არ ცნეს დაზარალებულებად, ამ შემთხვევაში რის გაკეთებას გეგმავთ?
- რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ ამას. პანკისის ხეობა, როგორც ერთი ისე დადგება ფეხზე. ეს არის ყველას მიმართ დანაშაული. პირველ ეტაპზე, აუცილებლად გავასაჩივრებთ ევროსასამართლოში. ამას რა თქმა უნდა არავინ შეეგუება. მოგეხსენებათ, მარგოშვილის მამა არის ძალიან მძიმე მდგომარეობით გადაყვანილი ბელორუსში და ის ამბობს, რომ მისი მდგომარეობა არაფერია, სანამ მის შვილს აღნიშნულ საქმეს არ ჩამოაშორებენ. ამიტომ, ისინი დაზარალებულად უნდა ცნონ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ცინცაძე