პოლიტიკური ოლიმპის ბინადარნი გატაცებით ეძლევიან ამ საქმიანობას, ჩვენ კი, - საბრალო პლებსი, იძულებულნი ვართ ერთგვარი შიშით დავაკვირდეთ ღრუბლებში მიმალული შორეული მწვერვალიდან ყრუდ სმენად გმინვასა და კბილთა ღრჭენას, - ემანდ მორიგი სამოქალაქო ომი არ დაგვატეხონ თავს.
არადა, ვითარება სულ უფრო იძაბება და, 19 აპრილის მოახლოების კვალობაზე, მითიური ტრაგედიების ელვარებას იძენს. უცნობია, რა მიზნით ან რატომ თქვა პრეზიდენტმა ის, რაც თქვა ქართული ბანკების შესახებ. ნაკლებშემაშოთებელია, თუ რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური ან თუნდაც მაპროვოცირებელი მოტივი ჰქონდა. ბევრად უარესია, თუ მართლა მიაწოდეს ასეთი ინფორმაცია. ანუ ასეთი ინფორმატორები ჰყავს და ორგზის უარესი, თუ პრეზიდენტს ამ უჩინმაჩინების სჯერა.
მისი რეაქცია სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად პრემიერის პირადი მცველის დანიშვნისა და ამ უწყების მთავრობისთვის დაქვემდებარების შესახებ გასაკვირი ნამდვილად არ არის. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაწყებული, „სდს" კიდევ ერთი სპეცსამსახურის როლს ასრულებდა, ანუ პრეზიდენტის (ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის) ხელში სხვა ძალისმიერ უწყებებზე კონტროლის მექანიზმი და ინფორმაციის შეგროვების ალტერნატიული წყარო იყო. გარდა ამისა, ათასობით შეიარაღებული ადამიანი თავისთავად სერიოზული ძალისმიერი გარანტიაა. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ეს არ აკმარა და საგარეო დაზვერვაც ჩამოართვა. ანუ „თვალი და ყური" საზღვარგარეთ. ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ზოგადად, მნიშვნელოვანია ხელისუფალს ალტერნატივები ჰქონდეს ყველა მიმართულებით - ამ შემთხვევაში საელჩოებისა და დიპლომატიური უწყების პარალალურად.
ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ პრეზიდენტმა სწორედ ამის შემდეგ „გააჟღერა" სენსაციური ინფორმაცია ბანკების შესახებ. არადა, ასეთ მდგომარეობაში იგი 9 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ აღმოჩენილა და არასდროს მოუხდია ბოდიში საკუთარი განცხადების გამო. აი, რას ნიშნავს ინფორმაცია. უფრო ზუსტად, სანდო და კომპეტენტური ინფორმატორი, როგორც ინსტიტუტი. 21 საუკუნეს კი უწოდებენ „ინფორმაციის საუკუნეს", თუმცა ხელისუფლებისთვის ბრძოლისას მთავარი იარაღი ინფორმაციის წვდომადობა ყოველთვის იყო: ტუტანჰამონის ეპოქიდან - დღემდე.
მეორეს მხრივ, პროკურატურამაც მეტისმეტად რთული სქემა შემოგვთავაზა საბოლოოდ მონსტრუალიზებული ბაჩო ახალაიას მორიგი დანაშაულის თაობაზე. თან სწორედ მას შემდეგ, რაც პირველად გაჩნდა რეალური საშიშროება, რომ სასამართლო მას გირაოთი გამოუშვებდა. ამ რთული კონსტრუქციის თანახმად, ბაჩომ ვინმე კანონიერ ქურდს დაავალა, კამერების წინ ელაპარაკა, რომ სხვა ქურდს თავი უნდა დაეზიანებინა, რომ ვითომ წინასწარ დაგეგმილად ილაპარაკა კამერაზე და რომ. . . . და რომ . . . . საბოლოოდ ნანა კაკაბაძემდე მისულიყო საქმე, ვისაც მედიაში ვაი უშველებელი უნდა აეტეხა.
პროკურატურის მშვენიერი პრეს-მდივანი ისეთივე მტკიცე ტემბრით გვიყვებოდა ამ ისტორიას, როგორც მცირე ხნის წინ გვამცნობდა, რომ ცნობილ მანქანაში იარაღი კრიმინალურმა პოლიციამ მიიტანა და ეს უკვე „წყალგაუვალად" დადასტურებულია. ყველაზე ნიშანდობლივი ამ კონტექსტში მაინც ნანა კაკაბაძის ხსენებაა, რომელიც უკვე რუსული რევოლუციის ბებია, ბრეშკო-ბრეშკოვსკაიას ემსგავსება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაინც, რას ითხოვენ ერთმანეთისგან მხარეები? ორივე მეტოქე ცდილობს რეალობა „გაბუქოს და დანისლოს", თუმცა მაინც არ არის ძნელი ამოსაცნობი: პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე მხოლოდ ის უნდა, რომ საბოლოოდ არ გააგდონ ქართული პოლიტიკიდან, ანუ დარჩეს ოლიმპზე ოპოზიციონერის, პარტიული ლიდერის ან უბრალოდ ცნობადი პოლიტიკოსის სახით, ვისაც ჰყავს გუნდი და/ანუ ინარჩუნებს რამდენიმე წლის შემდეგ დიდ პოლიტიკაში დაბრუნების შანსს. ამიტომ სთავაზობს პრემიერსა ფორმულას: „ამნისტია ყველასთვის, ჩემსა და მინისტრების გარდა". მან კარგად იცის, რომ პოლიტიკური პროცესების გამართვას ივანიშვილს დასავლეთი არ დაანებებს.
პრემიერი კი ულტიმატუმურად უყენებს პირობას: „ამნისტია საშუალო პარტიელებისათვის, ოღონდ 5 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვით". დაახლოებით ის ფორმულაა, რაც ადენაუერის გერმანიამ ნაცისტური პარტიის გასანადგურებლად გამოიყენა. შეუძლებელია არსებობდეს პარტია, თუ მის ყველაზე გამოცდილ და ერთგულ წევრებს პოლიტიკური პერსპექტივა მოესპობათ: პარტიულ ორგანიზაციას, სინამდვილეში, არა ლიდერები, არამედ სწორედაც საშუალო რგოლის გამოცდილი და ლოიალური მუშაკები ქმნიან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო რეფორმაზე აქ აღარავინ დავობს. ამაზე შეთანხმებულები არიან და მიშა აშკარად შეგუებულია ოპოზიციაში რამდენიმე წლით გადასვლას იმ პირობებშიც კი, თუ „ნაციონალებმა" მოახერხეს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა ოქტომბრის არჩევნებზე და სერიოზული ბრძოლის თავსმოხვევა მოწინააღდეგისთვის. მაგრამ ივანიშვილს ეს არ აკმაყოფილებს: „საშუალო რგოლის" ნაციონალებისთვის საქმიანობის აკრძალვით მას თვით „ნაციონალური მოძრაობის" და „მიშას", როგორც პოლიტიკური ფენომენის სრული განადგურება და მოშორება სურს.
ეს ფაქტია, ხოლო მისი ინტერპრეტაცია, ანუ იმაზე მსჯელობა, რამდენად სასარგებლო იქნება ქართული დემოკრატიისთვის სერიოზული ალტერნატიული ძალის სრული მოსპობა (როგორ სიძულვილსაც არ უნდა იწვევდეს მოწინააღმდეგეებში და რა „ბეკგრაუნდიც" არ უნდა ჰქონდეს), ანუ ოპოზიციური ფლანგის მარგინალური ძალების ამარა დატოვება - სხვა საუბრის თემაა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი