მეორე დღეს, რუსი სანიტარები უმაღლეს დონეზე მიიღეს, რაც კი ქვეყანაში არსებობს. ამით ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ქართული ღვინის, რუსული ბორჯომისა და აჭარული მანდარინის „დაბრუნება" ლამის იმ სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, როგორც აფხაზეთში დაბრუნება ასიათასობით გაუბედურებული ლტოლვილისათვის. გაზეთიც გამოდიოდა კარგა ხანს: „დაბრუნება" ერქვა.
თუმცა პრეზიდენტს, სკანდალურ პრეს-კონფერენციაზე, მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა, რომელიც მის პოზიციას კიდევ უფრო მკაფიოს გახდიდა: როდის ჩამოვიდა თბილისში „როსპოტრებნადზორის" სანიტარული დელეგაცია? როდის და . . . 25 თებერვალს! ანუ სწორედ მაშინ, როცა ქვეყანა, მისი პრემიერ-მინისტრით დაწყებული, „ოკუპაციის დღეს" აღნიშნავდა! იქნებ ვინმეს შემთხვევითობა და „უბრალო დამთხვევა" ჰგონია? გამორიცხულია! თვითონ გენადი ონიშჩენკო ამდენს ალბათ ვერ „მოტვინავდა", რადგან ჩვენს გარდა კიდევ უამრავი ქვეყანა ჰყავს „მისახედი", მაგრამ რუსეთის უშიშროების საბჭოს იმ „ლაბორატორიაში", სადაც საქართველოს მიმართ პოლიტიკა და კონკრეტული გადაწყვეტილებები „იხარშება", მას უეჭველად ეტყოდნენ: მრავალგზის გადადებული ვიზიტი სწორედ „ოკუპაციის დღეს" დაეწყო, რათა საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი პოზიცია კიდევ უფრო აბსურდული და წინააღმდეგობრივი გამოჩენილიყო.
დავაკვირდეთ, რა სურათი იქმნება, მათ შორის უცხოელი დამკვირვებლის თვალში: საქართველოს ხელისუფლება (ამ შემთხვევაში ივანიშვილის მთავრობა) ლაპარაკობს „ოკუპაციაზე", „ოკუპანტზე", „ანექსიაზე" და სწორედ იმ დღეს, როცა ამას ყველაზე ხმამაღლა ამბობს და ყველაზე ხშირად ახსენებს „ოკუპაციას", თბილისში ჩამოდის „ოკუპანტი ქვეყნის" სანიტარული ინპექცია!
თან სომელიები მაინც ყოფილიყვნენ! არადა, ხომ გაგვანათლა ერთ-ერთი ღვინის ქარხნის წარმომადგენლები: „დეგუსტატორები კი არა სანიტარები არიანო". ისე, დალევაზე კი არ იტყოდნენ უარს. მით უმეტეს თუ ჭაჭას შესთავაზებდნენ, მაგრამ მათი ფუნქცია ქარხნებში სანიტარული მდგომარეობის შემოწმება იყო და არა ღვინის დეგუსტირება.
„ურაპატრიოტიზმი" არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ასეთ თავსლაფდამსხმელ ინსპექციას არათუ „ოკუპანტი", არამედ მეგობარი ქვეყნისგანაც კი არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო არ მიიღებდა. მით უმეტეს, როცა იმ უწყების წამომადგენლებზეა საუბარი, რომლის მესვეურმა ამას წინათ საქართველოს „Национально-териториальное образование» უწოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთლიანობაში ეს ვიზიტი მოსკოვის მხრიდან ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული სვლაა და მხოლოდ საქართველოს დაცინვას არ ისახავს მიზნად. ჯერ ერთი, მანამდე არაფერი გეტკინოთ, სანამ ქართული ღვინო, მით უმეტეს ციტრუსი, ხილი და ბოსტნეული რუსეთის ბაზარზე სერიოზული ოდენობით არ შევა (როგორც მინიმუმ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე ან „დსთ"-ში დაბრუნებამდე); გარდა ამისა, რა შთაბეჭდილება რჩებათ ამის შემხედვარე იმ ქვეყნებს, რომლებსაც დღენიადაგ ვუკიჟინებთ: „რუსული ოკუპაცია აღიარეთო?": „კი მაგრამ ოჯახაშენებულებო, თუ თქვენ თვითონ არ გინდათ რუსული ბაზრის დაკარგვა მიუხედავად ოკუპაციისა, მე რატომ განვარისხო იგივე ონიშჩენკო და ჩემი მწარმოებლები რატომ დავაყენო დარტყმის ქვეშ? გამოდის რუსული ბაზარი თქვენთვის ყბადაღებულ „ოკუპაციაზე" მნიშვნელოვანია. ანუ მასპინძლებს გიხარიათ და მე ვინ მეკითხება?!".
„პრაგმატულები უნდა ვიყოთო". სინამდვილეში ეს პრაგმატიზმი კი არა ინფანტილიზმია: არ შეიძლება ერთის მხრივ „ოკუპაციაზე" ილაპარაკო და მეორეს მხრივ ასეთი ინსპეციები მიიღო „ოკუპანტი ქვეყნისგან". ან ერთი უნდა ავირჩიოთ ან მეორე. არა მხოლოდ იმიტომ (ვიმეორებ), რომ ონიშჩენკო ბევრის არც არაფრის „დაბრუნებას" არ აპირებს და სინამდვილეში მხოლოდ „კატა-თაგვობანას" გვეთამაშება, არამედ იმ ზოგადი შთაბეჭდილების გამო, რასაც ასეთი „მიეთ-მოეთი" ტოვებს დასავლეთის თვალში, სადაც ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს თითოეულ ნაბიჯს. თან, არა მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, არამედ საზოგადოებრივ რეაქციებს ამ ნაბიჯებზე.
რეალურად, ეს ყოველივე ძალიან ჰგავს ედუარდ შევარდნაძის „ბალანსირების" პოლიტიკას, რომელიც ერთის მხრივ „ნატოს"-კენ ისწრაფოდა, მაგრამ მეორეს მხრივ „დსთ"-დან არ გამოდიოდა და თბილისიდან რუსული გარნიზონის გაყვანაზე („ЗАКВО-ს შტაბის დაცვა" რომ ერქვა) არც ლაპარაკობდა. საბოლოოდ, ამგვარმა „ბალანსირებამ" სრული კრახი განიცადა, რაკი საერთაშორისო პოლიტიკაში არაფერი იმაზე მეტად არ ფასობს, როგორც პროგნოზირებადობა და თანმიმდევრულობა.
ბევრად უფრო პატიოსანი და მიზანშეწონილი (ნამდვილად პრაგმატული!) იქნებოდა, თუ მთავრობა პირდაპირ იტყოდა, რომ კარდინალურად ცვლის პოლიტიკას რუსეთთან, რადგან 25 წლის განმავლობაში „ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის" სკანდირებამ ქვეყანას დამარცხების, დამცირების და ხალხის გაუბედურების გარდა არაფერი მოუტანა. ოღონდ ამის აღიარება სარისკოა და ნება სჭირდება. „მიეთ-მოეთი" და „ბალანსირება" ხელისუფლებისათვის (!) შედარებით უსაფრთხოა. თუმცა კი, ქვეყნისთვის (!) სრულიად ფუჭი და საბოლოოდ ზიანის მომტანიც.
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი