რესპოდენტის შესახებ
პირველად ქართულ მედიასივრცეში აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბამ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
-ბატონო ვიაჩესლავ, თქვენ აცხადებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის დანგრევა არ გსურთ, თუმცა ხაზს უსვამთ, რომ ძველ ფორმატში მოლაპარაკებებში მონაწილეობას ვერ გააგრძელებთ. საუბარი მიდის მონაწილეთა სტატუსის დელეგაციების დონეზე აყვანასა და სამუშაო ჯგუფების გაუქმებაზე. საქართველოში მიიჩნევენ, რომ "თუ გინდა ფორმატი მოსპო - მის შეცვლაზე უნდა დაიწყო საუბარი". ხომ არ დგას აფხაზური, ოსური და რუსული მხარე სწორედ ამ გზაზე და როგორ გეჩვენებათ ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი პერსპექტივა?
-ამჟამად, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეები ინდივიდუალური ექსპერტების რანგში მონაწილეობენ, თუმცა ფაქტობრივად, იქ არიან მხარეთა დელეგაციები - აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, ასევე ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.
ამგვარი ფორმატი მონაწილეების მიერ 2008 წელს შეიქმნა იმის გამო, რომ ქართულმა დელეგაციამ კატეგორიული უარი განაცხადა აფხაზურ და ოსურ დელეგაციასთან ერთად მოლაპარაკებში თანასწორ საფუძველზე მიეღო მონაწილეობა. ჩვენ მაშინ კომპრომისულ საექსპერტო ფორმატზე თანხმობა განვაცხადეთ. შესაძლოა, ეს ჩვენი შეცდომაც იყო. მაგრამ მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ მოლაპარაკებები ამდენი ხანი გაჭიანურდებოდა და ჩვენ, აი, უკვე მეოთხე წელია ერთ ადგილს ვტკეპნით იმის გამო, რომ საქართველოს დაჟინებით არ სურს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.
ამისა გარდა, დღეს არსებული ფორმატის ფარგლებში, სადაც ყველა მონაწილე ინდივიდუალური "ექსპერტია" შეუძლებელია მიხვიდე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებამდე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ან რომელიმე სხვა ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერამდე.
ამიტომაც, ჩვენ გამოვედით ინიციატივით მოლაპარაკებათა დონე საექსპერტოდან დელეგაციების დონემდე ავწიოთ. ეს კი იმისათვის არის საჭირო, რომ ლეგიტიმური გახდეს ჟენევაში ხელმოწერილ შეთანხმებებს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქაღალდზე გადატანილი სავალდებულო მხარეთა შეთანხმების გარეშე, რომელსაც მხარეთა სრულუფლებიანი წარმომადგენლები და ამ შეთანხმების გარანტორები მოაწერენ ხელს (გარანტორები კი შეიძლება იყვნენ რუსეთი, აშშ, გაერო, ეუთო და ევროკავშირი) რთული იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრულფასოვან დარეგულირებამდე მისვლა.
თუმცა, ყველაფრიდან გამომდინარე, საქართველო ჯერ მზად არ არის ამგვარი შეთანხმების გასაფორმებლად. ყოველ შემთხვევაში, ეს ეხებოდა წინა მთავრობას.
ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმას, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ გარდამავალი პერიოდია და მზად ვართ მოვიცადოთ, ბოლო-ბოლო როდის იქნება ფორმულირებული ახალი ადმინისტრაციის მიდგომები ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ.
თუ მათ მიერ შემოთავაზებული იქნება კონსტრუქციული ელემენტები - ჩვენ მზად ვართ ისინი გავიხილოთ, მაგრამ თუ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან, ყოველ ჩვენს ინიციატივაზე კატეგორიულ "არა"-ს გავიგონებთ, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებების გაგრძელებაში ჩვენ აზრს ვერ ვხედავთ.
- ბოლო დროს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემის განხილვა ხდება. ამ საკითხს განიხილავენ როგორ ექსპერტები ასევე სახელმწიფოს მეთაურები. მაგალითად, სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიდის. რა ხდება სინამდვილეში? აფხაზეთი მართლაც აწარმოებს ვინმესთან რკინიგზის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს?
- რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არავითარ მოლაპარაკებებს აფხაზეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ აწარმოებს. დიდი საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვი, რომ აფხაზეთში განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი ქვეყნის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის გახსნა არ იწვევს. თუმცა, თუ იქნება რაიმე სახის ჩვენთვის საინტერესო წინადადებები ჩვენ მზად ვართ ისინი გავიხილოთ, როგორც ამის შესახებ ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა.
- საიდუმლო არ არის, ის რომ თქვენი წინამორბედები, სერგეი ბაღაფშის მთავრობის წევრები აქტიურად ურთიერთობს ქართულ მხარესთან. საინტერესოა, თქვენ გაქვთ თუ არა რაიმე სახის კონტაქტები ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებთან, თუნდაც პირად დონეზე?
- გარდა ჟენევისა, არავითარი კონტაქტი საქართველოს წარმომადგენლებთან მე არ მაქვს.
- როგორია თქვენი განწყობა ბიძინა ივანიშვილის ფიგურისა და ვექტორის მიმართ და შეიძლება თუ არა ურთიერთობებში გარკვეული "დათბობის" იმედი არსებობდეს?
- ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ საქართველოში აფხაზეთთან ურთიერთობაში რეალიზმის გრძნობა წინ წამოიწევს, თუმცა, ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე ამგვარი იმედები ილუზიად რჩებოდა. იმედი მაქვს ამჯერად სხვანაირად იქნება.
უნდა გვესმოდეს, რომ 1992-1993 წლის სისხლიანმა ომმა და მას მერე განხორციელებულმა ბლოკადამ ჩვენი ხალხები ფუნდამენტურად გახლიჩა, და რომ ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, რომელიც ადრე იყო ჩვენს შორის, ახლა იოლი არ არის, ამისათვის დროა საჭირო და ორი ქვეყნის პოლიტიკოსების ძალისხმევა.
საქართველომ ბოლოს და ბოლოს უნდა განახორციელოს რეალისტური შეფასება რეგიონში განხორციელებული მოვლენებისა, რომლებიც ქართულ-აფხაზური ომისა და განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა. და ამის შემდგომ უკვე, ამ რეალისტური შეფასების საფუძველზე უნდა ააგოს თავისი პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში.
ყველა მხარის მიერ პოლიტიკური რეალიზმისა და პრაგმატიზმის გამოვლენის გარეშე ჩვენს ურთიერთობებში ჩვენ წინ ვერასოდეს ვერ წავიწევთ. თუმცა ჯერჯერობით საქართველოდან, ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილები მოდის. მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხისტ რიტორიკაში ჩვენ კვლავ ძველ მიდგომებს ვხედავთ რომლებმაც ჩვენი ურთიერთობები მყარად შეიყვანა ჩიხში. გარკვეულწილად, რამდენადმე პოზიტიური სიგნალები მოდის ზაქარეიშვილისა და ალასანიასგან, თუმცა ჯერ-ჯერობით ესეც მხოლოდ რიტორიკაა.
ახალი მთავრობის გამონათქვამები, გარკვეულწილად საფრთხის შემცველია - თუ ისინი მართლა მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შეიძლება - ისინი ძალიან საფრთხის შემცველად ცდებიან.
ჩვენს გადაწყვეტილებაში და ჩვენს უნარში დავიცვათ ნაციონალური ინტერესები, ვფიქრობ, ყველა უკვე დარწმუნდა. უბრალო გადაწყვეტილებები, აქ უბრალოდ მიღებული ვერ იქნება. დღევანდელ პირობებში საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის ერთადერთი გზა ჩვენი ურთიერთობების რადიკალურად და სრულმასშტაბიანად მოგვარებისათვის. სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა.
- რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს აფხაზეთის აღიარებას საერთაშორისო არენაზე. ელით თუ არა უახლოეს მომავალში აფხაზეთის აღიარებას ახალი სახელმწიფოების მხრიდან?
- მიუხედავად საქართველოსა და მისი მოკავშირეების მცდელობებისა - არ დაუშვან აფხაზეთის აღიარება მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ, ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ აღიარების პროცესი გაგრძელდება.
- საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს გარკვეულწილად, აშინებს აფხაზურ საზოგადოებას, ვინაიდან არსებობს საფრთხე იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი საერთო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი უბრალოდ აიღებს და "ჩააბარებს" აფხაზეთს საქართველოს. როგორია თქვენი პოზიცია ამგვარ საშიშროებასთან დაკავშირებით?
- არავითარი განსაკუთრებული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გამო აფხაზურ საზოგადოებაში არ არის. მხოლოდ ძალიან მიამიტი ადამიანი თუ ივარაუდებს, რომ რუსეთი ამ წუთიერი კონიუქტურის სასარგებლოდ გადაწყვეტს უარი თქვას იმ მყარ მოკავშირულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე რომლებიც მას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ იქნება.
- ბატონო ვიაჩესლავ, საინტერესოა იმის გაგება ხართ თუ არა ნამყოფი საქართველოში და გყავთ თუ არა აქ მეგობრები? რა უსურვებდით ქართველ ხალხსა და საქართველოს ახალ მთავრობას? როგორი იქნება თქვენი გზავნილი საქართველოს მიმართ?
- თბილისში ძალიან ადრე ვარ ნამყოფი, 70-იანი წლების ბოლოს. 80-იან წლებში მე ვმეგობრობდი აღმოსავლეთმცოდნე ირაკლი მაჭავარიანთან, რომელიც მოგვიანებით ისევე როგორც მე, ვერ გაექცა ცდუნებას პოლიტიკაში ჩაბმულიყო. კარგი ურთიერთობები მქონდა პაატა ზაქარეიშვილთან და რიგ ქართველ პოლიტოლოგებთან, რომლებიც ისევე როგორც ზაქარეიშვილი პოლიტიკოსები გახდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩვენს ხალხებს შორის ურთერთობების აღდგენის გზები უნდა ვეძებოთ. ეს იოლი ამოიცანა არ არის. ძალიან ბერი ნეგატიური ასოციაციაა აფხაზეთში საქართველოსთან დაკავშირებული: ომი, რომელშიც დაიღუპა აფხაზი ერის საუკეთესო ნაწილი, შემდეგ ბლოკადა და საქართველოს ძალისხმევა რომელიც ამჟამადაც გრძელდება და რომელიც აფხაზეთის გარესამყაროდან საერთაშორისო იზოლაციას გულისხმობს და მრავალი სხვა რამ...
აუცილებელია ორი რამის გაგება. პირველი - დამოუკიდებლობაზე ჩვენ უარს არასოდეს არ ვიტყვით და ეს აქსიომა საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს და მეორე - საქართველოსა და აფხაზეთს შორის ბოლო ოცი წლის განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს შუქცევადი ხასიათი აქვთ და უკან ანტე ბელლუმ -ის სიტუაციაში დაბრუნება შეუძლებელია.
ამ ორი პოსტულატიდან გამომდინარე, უნდა ააგოს საქართველომ თავისი პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში, თუ მას მართლა უნდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს.
საქართველომ აფხაზეთი დე-ფაქტოდ აღიარა და ჩვენთან ჟენევაში მოლაპარაკებების წარმოებას დათანხმდა. ახლა კი უნდა გადაიდგას ფსიქოლოგიურად არამსუბუქი ნაბიჯი და ჩვენი ქვეყანა დე-იურე უნდა აღიაროს. მხოლოდ მაშინ მოხდება გარღვევა ჩვენს ურთიერთობებში, თუმცა მაშინაც დარჩება სხვა არც თუ ისე იოლი საკითხები, მაგალითად ომის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია.
და მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ ასეთი გზა მიგვიყვანს მყარ მშვიდობამდე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ამის ალტერნატივა კი მუდმივი შუღლი და უზარმაზარი დანაკარგები იქნება, მხედველობაში მაქვს მასშტაბურ რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობა. ეს არც აფხაზეთისა და არც საქართველოსთვის აბსოლუტურად არამომგებიანია. ასე რომ ამ ალტერნატივებისგან არჩევანის გაკეთება - ან მყარი მშვიდობის არჩევა ან მუდმივი შუღლისა ამჟამად უკვე საქართველოზეა.
"ჯი-ეიჩ-ენი" ეკატერინე მომცელიძე