ისე, ცოტა უცნაური განცხადებაა და კვლავ ნიშანდობლივია, რომ მას არავინ მიაქცია ყურადღება: საიდან იცოდა მთავარმა პროკურორმა, რას აპირებდა ან რას არ აპირებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური? პროკურატურა, კანონით, მხოლოდ ზედამხედველობას ახორციელებს გამოძიებაზე და სხვა ორგანოთა გადაწყვეტილებების კანონიერებას ამოწმებს. მაგრამ უშუალოდ გამოძიებას იგი არ ხელმძღვანელობს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმეს თვითონ იძიებს. მაშასადამე, ამ განცხადებით დასტურდება, რომ ყველაფერი, რაც უგულავას და სხვა გახმაურებულ საქმეებზე ხდებოდა, წინასწარ იყო მოლაპარაკებული და „მიზანშეწონილობის" მიხედვით გადაწყვეტილი: უგულავას დაჭერა ამჯერად არ აწყობდათ სწორედ პოლიტიკური მიზეზების გამო.
მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მთელი ეს ისტორია კიდევ უფრო უცნაურ იერს იძენს და შეიძლება სერიოზული ზიანიც მიაყენოს მოქმედ ხელისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. მარტივი მაგალითი: პირის ბრალდებულად მიჩნევა ნიშნავს, რომ იგი ლამის ყოველდღე უნდა დაიკითხოს. მით უმეტეს, როდესაც ბრალი ესოდენ მძიმე მუხლებით აქვს წაყენებული. საეჭვოა უგულავამ ყოველდღე იაროს საგამოძიებო სამსახურში. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ გამომძიებლები მერიაში დაპატიჟოს ისევ. თუ მივლენ, განმეორდება სიტუაცია, რის შემდეგაც ხელისუფლებას „დოყლაპია" უწოდეს მისმა მომხრეებმა. თუ არ მივლენ, მაშინ უნდა დააპატიმრონ, თუმცა ამ შემთხვევაში, იგივე რისკები წარმოიშობა, რაც პირველი დაკითხვის წინ და ეს ყოველივე კიდევ უფრო დაემსგავსება ტაკიმასხარაობას.
ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით კი არ აძლიერებს, არამედ ასუსტებს უგულავას პოზიციებს 19 აპრილის აქცის წინ, როდესაც, სავარადოდ, „ნაციონალები" სწორედ მისი კანდიდატურის დასახელებას აპირებდნენ პრეზიდენტის პოსტზე? გიგი უგულავა ერთადერთი ფიგურაა „ნაციონალურ მოძრაობაში", რომლის ვერც მარგინალიზება „მოხერხდა" დღემდე და ვერც დემონიზება (განსხვავებით მერაბიშვილისგან), ამიტომ „ნაციონალთა" ელიტაში აშკარად მწიფდებოდა ეს გადაწყვეტილება.
„ეჭვმიტანილობა" ჯერ კიდევ არ ნიშნავს დადასტურებულ ბრალს. ხოლო ორომტრიალი გიგი უგულავას გარშემო მხოლოდ მის ქარიზმას გააძლიერებს მომხრეთა თვალში და აქვე უნდა ითქვას, რომ აშკარა ტყუილია, თითქოს მას მომხრეები არ ჰყავს: უგულავამ ბოლო 6 წლის განმავლობაში თავისი პარტია ძალიან ფრთხილად და საკმაოდ ოსტატურად ითამაშა. შედეგად, 2010 წლის არჩევნებზე მას იმ კატეგორიამაც მისცა ხმა, რომელიც მიშას ვერ იტანდა. „გაუმჯობესებული მიშა" - სლოგანი, რომელიც უგულავამ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გააჟღერა, არც ისე უსაფუძვლო და უპერსპექტივო იყო ელექტორალური თვალსაზრისით როგორც ზოგიერთ ზედაპირულ დამკვირვებელს მოეჩვენა. აქედან გამომდინარე, უგულავას საპრეზიდენტო შანსები, ოქტომბრის საყოველთაო არჩევნებზე (სულ სხვა საქმეა თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს) მიზერული სულაც არ არის. მით უმეტეს, თუ ახალი ხელისუფლებით იმედგაცრუება და დაღლილობა ოქტომბრამდე კიდევ უფრო გაძლეირდება.
რაც შეეხება „ტელეიმედთან" დაკავშირებულ ბრალდებებს: აქ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც ზოგიერთს სურს წარმოაჩინოს. საოცარია, მაგრამ ზუსტად ის ხალხი, ვინც რამდენიმე წლის წინ სოსო კაკალაშვილს (იმავე ჯოზეფ კეის) „თაღლითსა" და „მოროდიორს" უწოდებდა, ამჟამად უპირობოდ იჯერებს მის ვერსიას, რომლის თანახმად, მან თვითონ კი არ შესთავაზა ჯერ კეზერაშვილს, მისი მეშვეობით კი პრეზიდენტ სააკაშვილს ძალზე სარფიანი ფინანსური გარიგება ვალებში ჩაფლული „იმედის" სანაცვლოდ, არამედ იმათ აიძულეს საბრალო, რომ ვალებიც დაეფარა და 10 მილიონიც ჯიბეში ჩაედო.
ყველაზე საინტერესო აქ ის ინფორმაციაა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჯოზეფ კეის „იმედი" იმ მიზანით გადაუფორმა (ხაზს ვუსვამ: არა ანდერძით, არამედ ანდერძისგან დამოუკიდებლად), რათა მას თვითონ შეეთავაზებინა გარიგება ხელისუფლებისთვის და „ტელეიმედის" სანაცვლოდ სხვა აქტივები მიეღო. მაგალითად, დადებულიყო გარიგება, რასაც ხელისუფლება პატარკაციშვილს ჯერ კიდევ 2006 წელს სთავაზობდა - „საქართველს რკინიგზის" თაობაზე. იმ გარიგებაზე ბადრიმ თვითონ თქვა უარი, ხოლო 2008 წლის იანვარში უკვე გვიან იყო, თუმცა ეს სხვა თემაა. მთავარი მაინც ის არის, თუ რატომ გაუჩნდა (ან შეიძლებოდა თუ არა გასჩენოდა) პატარკაციშილს ასეთი სურვილი 2007-2008 წლის მოვლენათა შემდეგ? იგი ხომ იმედს „შვილს" უწოდებდა?
საქმეც ისაა, რომ ბადრი აშკარად გულგატეხილი იყო „იმედის" იმდროინდელი ჟურნალისტური კორპუსის საქციელის გამო, რაც მას უსინდისობად და უმადურობად მიაჩნდა. პატარკაციშვილი პირდაპირ ამბობდა: „თქვე უნამუსოებო, ხელისუფლება სწორედ თქვენს გამო გადამეკიდა და ახლა, როცა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში აღმოვჩნდი, მხარსაც აღარ მიჭერთო?". „ჟურნალისტურ ობიქტურობასა და მიუკერძოებლობაზე" ლაპარაკი მისთვის, რასაკვირველია, მიუღებელი იქნებოდა.
ამდენად, ის ვერსია, რომ ბადრიმ (იგი სიკვდილს, რასაკვირველია არ აპირებდა) ჯერ კიდევ ანდერძის შედგენამდე დაავალა თავის „მარჯვენა ხელს" - ჯოზეფ კეის „იმედის" საკითხის გადაწყვეტა, საკმაოდ სერიოზულია. ყოველ შემთხვევაში, რაიმე კონტრარგუმენტი ჯერ ჯერობით არავის მოუტანია.
გიგი უგულავას „ვერდაპატიმრებასთან" და საპრეზიდენტო პოსტის თაოაბაზე ატეხილ ბრძოლასთან ამას თითქოს პირდაპირი კავშირი არა აქვს, თუმცა წარსულ „ჯახთა" ექო მასშიც ისმის.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი