რესპოდენტის შესახებ
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ გაუარესებულია ეს ისედაც ნათელი იყო, თუმცა ვარაუდი „საქსტატმაც" დაადასტურა. კალანდაძე მიიჩნევს, რომ გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლები, „ნაციონალური მოძრაობის" არასწორი პოლიტიკის ნაწილია.
ლევან კალანდაძე: ამ შემთხვევაში მტყუან მართლის დადგენა საკითხისადმი არ არის სწორი მიდგომა, იმიტომ, რომ ფაქტი არის ერთი და პოლიტიკური ინტერესები მხარეების არის - მეორე. ფაქტია ის რასაც „საქსტატი" აქვეყნებს, ანუ ის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიობა არის შენელებული, მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები არის გაუარესებული, და დავა ერთი ან მერე მხარის მიერ არის არასწორი.
- ანუ ფინანსთა მინისტრის და ზოგადად ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემები ფაქტად არ უნდა მივიჩნიოთ?
_ ფინანსთა მინისტრი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, „საქსტატი" არის ფაქტის დამადასტურებელი ორგანო, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური აქტიობისა და სხვადასხვა მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებს აფასებს. ერთია რას იძახის ფინანსთა მინისტრი, რომლის განცხადებები არის ყოველთვის პოლიტიკური და მეორეა რას იძახის „საქსტატი". შესაბამისად ანალიზი და დასკვნები, უნდა გაკეთდეს „საქსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით. ეს არის სახელმწიფო ოფიციალური ორგანო, და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. შესაბამისად ამაზე არავინ არ დავობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის გაუარესებული და მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები ნეგატიური. მთავარი არის ის, რა არის ამ დაბალი მონაცემების მიზეზი და რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ.
- მაშინ ფინანსთა მინისტრს თავისთვის წამგებიანი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება რატომ უნდა სჭირდებოდეს, თუ კი იცის რომ ხვალ და ზეგ საპირისპორო ციფრები დაიდება?
_ ფინანსთა მინისტრს პოლიტიკურად წამგებიანი განცხადებების გაკეთება არ უნდა აწყობდეს, მაგრამ ფინანსთა მინისტრი ამ შემთხვევაში თავს იცავს და ცდილობს სხვა კუთხით დაანახოს საზოგადოებას ის პრობლემები, რაც ქვეყანაში ეკონომიკური მაშვენებლების გაუარესების კუთხით არის.
_ წინა მთავრობის დროს ოპონენტებისგან იყო უკმაყოფილება, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთში აღრეული არ უნდა იყოს. დღეს როდესაც მოვიდა ახალი მთავრობა, როგორ მიგაჩნიათ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთს არ უნდა დაშორებოდა?
_ ფინანსები, ეკონომიკა ზოგადად არის ყველაზე მთავარი პოლიტიკა. მაგრამ პოლიტიკოსები ზოგჯერ ერთმანეთის ოპონირებისას ხშირად იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, რომელიც იმ რეალობას ხშირად შორდება და შესაბამისად ამა თუ იმ მოვლენის თუ ტენდენციის გარკვეული ანუ სხვა კუთხით წარმოდგენა არის ხოლმე გარკვეული პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური დებატებისა და პოლიტიკური ოპონირების დროს. თუმცა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ციფრებზე უნდა ვისარგებლოთ იმ მონაცემებით რაც არის ოფიციალური ან ამ ციფრებით და სხვა მონაცემებით, რომელიც არის სანდო. ამ შემთხვევაში ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ „საქსტატის" მონაცემებით, კომენტარებიც ასეთი იყო გაკეთებული, მხარეების მიერ ერთმანეთის ოპონირებისას, რომ დაველოდოთ რას გამოაქვეყნებს „საქსტატი". მხარეებმა მიუთითეს ერთმანეთს, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და კონკრეტული შეფასებები ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის აქტიობის შესახებ გავაკეთოთ მას შემდეგ რაც გამოქვეყნდება ოფიციალური ინფორმაცია. დღეს უკვე წინასწარი ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ გვაქვს.
_ ის ცნობილი დებატები რომ შემდგარიყო ფინანსთა მინისტრსა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს შორის, დღეს გამოქვეყნებული მონაცემების ფონზე, როგორ ფიქრობთ ამ დებატებს ფინანსთა მინისტრი წააგებდა?
_ არა. მე ვერ ვიტყვი, რომ ფინანსთა მინისტრი დებატებიდან წაგებული დარჩებოდა. მე პირიქით მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩებოდა წაგებული, იმიტომ რომ ის ციფრები რაც დღეს გვაქვს ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა რა პოლიტიკაც ქვეყანაში გატარებული იქნა სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს. ის რომ ეკონომიკური აქტიობა ქვეყანაში არის დაცემული ამას ახალ ხელისუფლებას მაინცადამაინც ნუ დავაბრალებთ. ის რომ ინვესტიციების მაჩვენებელია შემცირებული, ის რომ მშპ-ს ზრდა არის დაბალი ამას ერთი და ორი თვის მონაცემები არ განსაზღვრავს, არამედ მოდით ასე ვთქვათ - ის დათესილია რასაც ახლა ვიმკით. თითის გაშვერა რომ რადგან ახალი ხელისუფლება მოვიდა ამიტომ მშპ-ს ბოლო კვარტლის მონაცემით უცბად დავარდა, ეს სწორი არ არის. მთავარი ახლა ციფრებით მანიპულურება არ არის.
_ რა უნდა გაკეთდეს მაშინ ახალი ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური აქტიობა გაიზარდოს?
_ ამისათვის ხელისუფლებას ორ ძირითად სახითხზე აქვს ყურადღება გასამახვილებელი. ეს არის ქვეყანაში შიდა ფაქტორების გაძლიერება, საგადასახადო წნეხის შემცირება, საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაცია, ანუ ბიზნესის მთლიანად განთავისუფლება სახელმწიფო მარწუხებისაგან და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სწორი საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებაა იმისათვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. თუ ამ ორ კომპონენტში ხელისუფლება აქტიობას ვერ გამოამჟღავნებს ის მონაცემები რაც გვაქვს და ეს ჩემი შეფასებით ნაციონალური მოძრაობის არასწორი პოლიტიკის შედეგია, კიდევ უფრო გაუარესდება და გაღრმავდება. საუკეთესო შემთხვევაში არ გაუმჯობესდება.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე