1-ელ თებერვალს, 17:00, საათზე კინომსახიობთა თეატრში, გერმანულ-ქართული პრემია გივი მარგველაშვილს გადაეცემა. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა და კავკასიის და თურქეთის რეგიონალურმა ოფისმა ერთობლივად დააწესა პრემია, რომელიც გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ყოველწლიურად გადაეცემა კულტურის ქართველ მოღვაწეებს.
აღნიშნული პრემიის პირველი ლაურეატი ქართველ-გერმანელი მწერალი, ფილოსოფოსი და ენათმეცნიერი, გივი მარგველაშვილია, რომლის სახელიც პრიზს მომავალში მიენიჭება.
ღონისძიებას თეატრალურად გააფორმებს ნინო ბურდული სცენებით მისივე დადგმული სპექტაკლიდან "მაყურებელთა დარბაზები" გივი მარგველაშვილის ისტორიული ზღაპრის მიხედვით. ხოლო, საღამოს დაასრულებს მარიკა ლაფაური-ბურკის და ნიკო ტარიელაშვილის ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმის "მაყურებელთა დარბაზები" პრემიერა გივი მარგველაშვილზე.
გივი მარგველაშვილი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების სიმბოლოდ იქცა გასულ საუკუნეში. ის დაიბადა და აღიზარდა ბერლინში, გასული საუკუნის 20-იან წლებში, ქართველი ემიგრანტის, ფილოსოფოსისა და ისტორიკოსის ტიტე მარგველაშვილის ოჯახში, რომელიც საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დასახლდა გერმანიაში. 1945 წელს გივი მარგველაშვილი მამასთან ერთად კგბ-ს მიერ იქნა გატაცებული ბერლინის საბჭოთა სექტორში და შემდეგ საქართველოში, სადაც ტიტე მარგველაშვილი ციხეშივე იქნა დახვრეტილი. გივი მარგველაშვილმა მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული "პერესტროიკის" შედეგად, შესძლო დაბრუნებულიყო ბერლინში, ხოლო 2011 წელს იგი კვლავ დაუბრუნდა საცხოვრებლად თბილისს.