რა თქმა უნდა ვერ გაბედავდენენ! როგორ მოიქცეოდა „მიშას ხელისუფლება" ასეთ შემთხვევაში? დაუყოვნებლივ დააპატიმრებდა მოთავეებს „საბოტაჟის" ბრალდებით (ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში კვლავინდებურად არსებობს) ან, როგორც მინიმუმ, არ მისცემდა გაფიცულებს საშუალებას, „შტრაიკბრეხერებისთვის" მუქარით ან ძალადობით ხელი შეეშალათ, რათა მათ ნაცვლად მიჯდომოდნენ საჭეს.
ზუსტად ასე მოიქცა წინა ხელისუფლება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშათა გაფიცვის დროს: სამი მოთავე დააპატიმრეს და „საბოტაჟიც" დაუყოვნებლივ შეწყდა. ინვესტორებმა კი მიიღეს სიგნალი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება გაფიცულებს აპატიმრებს. განსხვავებით ბელგიისგან ან ჩეხეთისგან. იქ გაფიცულებს ნამდვილად არავინ აპატიმრებს, თუმცა არც მტრის ჯარი უდგათ დედაქალაქიდან ორმოციოდე კილომეტრში, ანუ ინვესტორი იქ ფულის ჩადებაზე თუ დაფიქრდება, ეს რისკი მაინც არ შეაწუხებს. შეიძლება სოციალისტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ თუ შეაფერხოს - 75 პროცენტიანი დაბეგვრის შესახებ.
მაგრამ რა ქნას პატარა, ღატაკმა ურესურსო ქვეყანამ, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია ბირთვული ზესახელმწიფოს მიერ, ხოლო დედაქალაქი შორსმსროლელი არტილერიის წვდომის არეალშია მოქცეული, ისკანდერებზე რომ აღარაფერი ვთქვათ? თეორიულად არსებობს ორი საშუალება, თუ რა უნდა იღონოს ინვესტორების მოსაზიდად.
პირველი: მოუხსნას ინვესტორებს პოლიტიკური რისკი იმით, რომ შევიდეს პუტინის „ევრაზიულ კავშირში". მორჩა და მოსვენება!
მეორე: შეუქმნას შიდა თუ გარე ინვესტორებს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები იმით, რომ მათ ცნება „სოციალური აგენტის" მნიშვნელობაც ვერ გაიგონ. ანუ მონოპოლიური სტატუსიდან - დაქირავებული მუშაკის ნებისმიერ მომენტში ანაზღაურების გარეშე დათხოვის უფლებამდე. ამას აკეთებდა მიშა.
მესამე „გამოსავალი" კი ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ შემოგვთავაზა: დაანგრიოს წყეული „სინგაპურული სისტემა", რომელიც სააკაშვილ-ბენდუქიძის რეფორმათა დროს შეიქმნა, ანუ გაურთულოს ინვესტორს დაქირავებულის სამსახურიდან დათხოვნა, ყველანაირად დაიცვას დასაქმებული დამსაქმებელთან მიმართებაში, ადმინისტრაციული ზეწოლით აიძულოს კომპანია გააიაფოს პროდუქცია (ვთქვათ ელექტროენერგიაზე) და ამით მოიზიდოს ინვესტიციები.
გენიალურია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიშას „სინგაპური" სწორედ იმიტომ იტაცებდა, რომ იქაურ ანტიდემოკრატიულ ხელისუფლებას აქვს საშუალება, შექმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი კლიმატი შიდა თუ გარე ინვესტორისთვის, ვისაც, სინამდვილეში, არაფერი აინტერესებს სტაბილურობის და სოციალური თვალსაზრისით ბიზნესის შეუზღუდავობის გარდა.
რამდენიც არ უნდა იმჭერმეტყველონ ჩვენში დემოკრატიაზე, როგორც ვითომდაც ეკონომიკის აღმძრავ მექანიზმზე, ფაქტია, რომ ანტიდემოკრატიული და ტოტალიტარული ჩინეთი ბიზნეს-აქტივობის და ინვესტიციების ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სწორედ იმიტომ და იმის შედეგად, რომ ბიზნესმენმა, რომელიც იქ ფულს დებს (ვთქვათ Ipad-ის წარმოება გადააქვს ამერიკიდან) იცის, რომ ყველა ყველა, მაგრამ სოციალური და პოლიტიკური რისკებისგან დაცული იქნება.
კარგია თუ ცუდია, მოგვწონს თუ არა - ეს არის რეალობა, ხოლო კედელზე თავის ხეთქვით ჯერ პრობლემა არავის გადაუწყვეტია.
თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ „მარშრუტკებს". მთავრობა ოლიმპიურ დუმილს ინარჩუნებს. პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი კი ბოლო დროს შემაშფოთებელი სიხშირით იმეორებს სხვადასხვა თემაზე: „ამ საკითხში არ ჩავერევი" „ნეტავ გენახათ როგორ ავარიდე პასუხის გაცემას თავი", „ეს ჩემი საქმე არ არის" „სხვის კომპეტენციაში არ ვერევი", „ჩემი გადასაწყვეტი არ არის" და ა.შ. ამ დროს ადამიანი, რომელივ უახლოეს მეტრომდე ძლივს მილასლასებს, ცდილობს მოიგერიოს აბეზარი ფიქრი, რომ „ცოცხების კადრებმა" კონკრეტულად მისი და მისი ოჯახის ცხოვრებაში არაფერი შეცვალა, აი, მარშრუტკების გაფიცვა კი ძალიან ბევრს ცვლის!
ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები, (მათ შორის ბიძინა ივანიშვილის „გენერალური მრჩეველი") ისევ ცდილობენ თავს მოგვახვიონ პრიმიტიული სტერეოტიპები. ერთი მათგანი ასე ხსნის ყველაფერს: „წინა ხელისუფლების დროს მთავრობამ აიღო „ატკატი" მონოპოლისტისგან, რომელსაც „მარშრუტკების ბიზნესის" ხელში ჩაგდება სურდა, შეუქმნა მას სასათბურე პირობები, გააფორმებინა კაბალური ხელშეკრულებები საბრალო მძღოლებთან და ეს უკანასკნელნიც სწორედ ამას აპროტესტებენ".
დავაკვირდეთ პრიმიტიულ „ტეგებს", რასაც თავს გვახვევენ: „ქრთამი" „წილი" და „ატკატი". მორჩა და გათავდა. ამაზე იოლი გასაგები რა არის ჩვენი ხალხისთვის? არადა, ხსენებულ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ელემენტარული სინდისი რომ ჰქონდეთ, ისინი გვეტყოდნენ, რომ სინამდვილეში პრობლემა ბევრად უფრო რთულია და რომ ზემოთხსენებული რისკების გასაბათილებად, ანუ ინვესტორის დაინტერესებისას (მისთვის მონოპოლიური უფლებების მიკუთვნებით) ხელისუფლებას შეიძლება სულ სხვა მოტივი ჰქონოდა. რა იყო ეს მოტივი?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
2002 წელს, რუსთაველის გამზირზე სეირნობისას ნაცნობმა ინგლისელმა მითხრა: „თქვენ აფრიკული ქვეყანა ხართო"
- „შენ . . . ხომ არ გაქვს, გეოგრაფია არ გისწავლია" - მეთქი
- „გეოგრაფია არაფერ შუაშია, სხვა ნიშნები არსებობსო"
- „რა ნიშანი?"
- „აი მაგალითად ეს" - მომიგო და ოპერის თეატრთან ღრჭიალით გაჩერებულ ჩაოხრებულ, ჩაბინძურებულ „მარშრუტკაზე" მიმითითა. „აი, ამიტომ ხართ აფრიკული ქვეყანა!"
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ყვითელი მარშრუტკების" პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში განხორციელებულ ერთერთი უდიდესი შიდა ინვესტიციაა! თუ ოდნავ უფრო „რთულად ვიაზროვნებთ", ვიდრე შინნაზარდი ექსპერტების, ტელემოლაყბეებისა და პოლიტიკანების ლეგიონი, დავრწმუნდებით, რომ ყველა იმ პრივილეგიის მიზანი, რაც ინვესტორებს და მათ უკან მდგომ ადგილობრივ ბანკებს (!) წინა ხელისუფლებამ მიანიჭა, სინამდვილეში იმ მიზანს ისახავდა, რომ თბილისში დამთავრებულიყო ჩაბინძურებულ-ჩაოხრებული „მარშრუტკების" სამარცხვინო ეპოქა და იგი ცივილიზებულ ქალაქს დამსგავსებოდა.
„რა, სხვაგვარად არ გამოვიდოდაო?"
არა, არ გამოვიდოდა! არ გჯერათ? თუ არ გჯერათ, ახლა ხომ თქვენ ხართ ხელისუფლება? ჰოდა აბა ერთი სცადეთ, თქვენს ხელში არაა? გააუქმოს ახალმა მთავრობამ კაბალური ხელშეკრულებები მძღოლებსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის, შეასრულოს გაფიცულთა ყველა მოთხოვნა, დაანგრიოს მონოპოლია, დაუშვას ამ სფეროში კონკურენცია და ნახავთ, რა მალე დავბრუნდებით ისევ ჩანეხვებულ-ჩაბინძურებული „მარშრუტკების" ხანაში.
აქვე „ფრთხილად" იმასაც შევნიშნავ, რომ მტკნარი სისულელეა ჩვენებურ ლიბერალთა „რწმენის სიმბოლო", თითქოს თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია ბაზრის სტიქიამ და კერძო ინტერესმა შექმნეს. სინამდვილეში საქმე აქაც „ოდნავ უფრო რთულადაა": ჩაბინძურებული „მარშრუტკის" მძღოლს, ისევე როგორც ე.წ. „ხაზის მეპატრონეს" სულ ფეხებზე ეკიდათ, თუ ვიღაც ინგლისელი თბილისს აფრიკულ ქალაქად მიიჩნევდა. მათი კერძო ინტერესი და მათი ბიზნესი ამ პრიორიტეტს სულაც არ ცნობდა. ხოლო ევროპულ ცივილიზაციას რაც შეხება, - საითკენაც ვითომ ვისწრაფვით, - სინამდვილეში მე-16, მე-17 საუკუნიდან მისი წარმატება არა ბაზრის სტიქიამ ან თუნდაც მხოლოდ კერძო საკუთრებამ და კერძო ინტერესმა, არამედ, ძლიერმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა და „თამაშის" მტკიცე წესებმა უზრუნველყვეს.
თუმცა ამ ჭეშმარიტების აღსაქმელად, როგორც ჩანს, 2002 წლის თბილისში დაბრუნება იქნება საჭირო.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი