რესპოდენტის შესახებ
- აფხაზი და ოსი სეპარატისტები და რუსეთი კვლავ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებას და მის საექსპერტო დონიდან დელეგაციების დონემდე მიყვანას მოითხოვენ. რა საფრთხის შემცველია ეს მოთხოვნა საქართველოსთვის?
- ჟენევის მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომელიც ფუნდამენტურ ქვაკუთხედს ეფუძნება. სამუშაო ჯგუფებში ყველა მონაწილე მონაწილეობს თავის ინდივიდუალურ საფუძველზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ჯგუფებში როდესაც მონაწილეობ, იქ წარმოდგენილი ადამიანი იყო არა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, არამედ იყო - სერგი კაპანაძე. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წინ არ ედო ბეჯი და არანაირი განმსაზღვრელი თუ რომელი ქვეყნიდან იყო და ა.შ. ეს იყო ერთადერთი გამოავალი, რომელიც ჩვენ მაშინ ვიპოვეთ, იმიტომ, რომ ყველა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ მივდიოდით სტატუსამდე.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის აფხაზეთი და საქართველო - მივედით სტატუსამდე. ასევე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის აფხაზური მხარე და ქართული მხარე - მივედით სტატუსამდე. თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის ქართულ-რუსული მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფში სადაც, საქართველო-რუსეთი არიან და ისინი (აფხაზები და ოსები) არიან ოკუპირებული რეგიონებიდან და არ უნდა იყვნენ მოლაპაკებებზე და არ უნდა ისხდნენ მაგიდასთან - მივედით სტატუსამდე. ნემისმიერი სხვა კონფიგურაცია - არის სტატუსი.
- ანუ საექსპერტო დონიდან დელეგაციების დონეზე გადასვლა ყველა შემთხვევაში არის სტატუსი?
- აღვნიშნავ, სამუშაო ჯგუფებში, საექსპერტო დონიდან დელეგაციების დონეზე გადასვლა - არის სტატუსი. თუ არის საუბარი იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა იყოს არა ინდივიდუალური არამედ დელეგაციების - მივედით სტატუსამდე. გამოსავალი არ არსებობს. ქართული მხარე ამას ვერ დასთანხმდება ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში.
ეს ნიშნავს, იმას, რომ აფხაზური მხარე ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს არის მოსკოვი და სოხუმი არის უბრალოდ გამჟღერებელი იმისა რაც მოსკოვს უნდა - მოკლას ჟენევის მოლაპარაკებები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მიეცემა სწორედ ასეთი შეფასება ქართული მხარის მიერ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ იმისა გამო, რომ თავს ვიკავებთ რაღაც შეფასებებისგან და არ გვინდა, რომ გამოვჩნდეთ რაღაც ნეგატიური, ამის გამო შეიძლება დავაზიანოთ უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები, რომლებიც გაგვაჩნია და ფორმატი, რომელსაც ქმნის ევროკავშირი და ეს არის საერთაშორისო მედიაცია საქართველოსა და რუსეთს შორის.
ამიტომაც ეს შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მაღალი დონიდან, რომ მოქმედება მოხდეს პირველ რიგში მოსკოვზე და შემდეგ უკვე ოკუპირებული რეჟიმების წარმომადგენლებზე და ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომ არ დაუშვან ჟენევის მოლაპარაკებების მოკვლა. აქ კომპრომისის საშუალება არ არის. მოითხოვენ დელეგაციების ფორმატის დანერგვას - ამ საკითხით დამთავრდება, ჟენევა მოკვდა.
ფორმატის შეცვლის მოთხოვნა ნიშნავს ფორმატის დასამარებას. არავინ არ ამბობს ისე, რომ მე ამ ფორმატს ვკლავ და ამიტომ მე დღეიდან არ მივიღებ მონაწილეობას. როგორც წესი, ფორმატის მოკვლა თუ გინდა იწყებ მისი ცვლილების მოთხოვნას, რომელიც არის მეორე მხარისათვის მიუღებელი. ამას აუცილებლად თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც კარგი იქნება, თუ ეს განცხადებები და შეფასებები გაკეთდება ახლა, როდესაც თანათავმჯდომარეები თბილისში იმყოფებიან. ამისი დაშვება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში - ეს არის ფუნდამენტური საკითხი ჩვენთვის.
- გარდა ამისა, სეპარატისტები და მოსკოვი ასევე საუბრობენ ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებაზე...
- ჟენევის მოლაპარაკებას ორი ფორმატი აქვს - ერთი არის პლენარული სხდომა და მეორე არის სამუშაო ჯგუფები. პლენარული სხდომის ფორმატი არის შემუშავებული თანათავმჯდომარეების მიერ. მას მხარეები მაშინ დაეთანხმნენ და არავის ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. პლენარულ სხდომაში მონაწილეობენ - საქართველო, რუსეთი, ამერიკა, ეუთო გაერო, ევროკავშირი. სამუშაო ჯგუფებში კი ყველა მონაწილეობს ინდივიდუალურად.
ახლა თუ საუბარია იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფები შეერთდეს საქმე იგივე მდგომარეობასთან გვაქვს. სამუშაო ჯგუფი არის ორი - უსაფრთხოების საკითხებზე და დევნილების საკითხებზე. ამათი გაერთიანება ნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფები აღარ არის და მარტივად რომ ვთქვათ ეს ნიშნავს, პლენარული სხდომის ფორმატის შემოტანას სადაც აფხაზეთი და საქართველო არიან თანაბარი სტატუსის. ეს კი ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის სრულიად მიუღებელი.
თუმცა არ გამოვრიხავ, რომ თუ ამ საკითხს კრეატიულად მივუდგებით ისე, რომ ამით ქვეყანას არ დავაზარალებთ, რაღაცა გამოსავალი იყოს შესაძლებელი და იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება. ხოლო, თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ შეფასებები უნდა მიეცეს აუცილებლად. აქამდე ეს შეფასებები არ კეთდებოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ მარტო მე მიწევს და სამოქალაქო საზოგადოებიდან რამდენიმე ადამიანს ამ პრობლემაზე თქმა, რომ ეს არის პრობლემა. ამას ცოტა უფრო მეტი სერიოზული ყურადღების მიღწევა სჭირდება.
- დავუშვათ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები შეწყდა...
- თუ შეწყდა მოლაპარაკებები ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ დაკარგა ევროკავშირი როგორც მედიატორი ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა, რომელი ჩვენ გვქონდა. ევროკავშირი, ეუთო გაერო გავააქტიურეთ როგორც მედიატორები ჩვენსა და რუსეთს შორის და აშშ მონაწილეობდა ამ პროცესსა და მოლაპარაკებებში და ეს თუ დავკარგეთ ეს არის უდიდესი დიპლომატიური მარცხი.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე