ამ თვალსაზრისით, ის სცენები, რომლებიც კვირა დღეს ყველა ტელევიზიამ (მათ შორის პრეზიდენტისადმი ჯერ კიდევ მეტნაკლებად ლოიალურმა „რუსთავი 2" -მა) უჩვენა, დაახლოებით ისეთვე ძალისა და მნიშვნელობის იყო, როგორც 1 ოქტომბრის 21 საათზე ექსით-პოლების ცხრილი, მათი თანამდევი, შალვა რამიშვილისეული „დავაი დასვიდანია" ან ისტორიული ბრიფინგი ავლაბრის სასხლის წინ, როცა ივანიშვილმა თქვა: „სააკაშვილს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებს, არამედ ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრებაო". თვით მიშამ კი, საპასუხადხმა ვერ ამოიღო.
როდესაც ტელევიზიით აჩვენებენ, როგორ ხვდებიან მეუღლეები, შვილები, დედები, მამები, „ძმაკაცები" ციხის ჯოჯოხეთიდან გამარჯვებული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ადამიანების იერით გამოსულ ადამიანებს, ისინი კოცნიან პატარა ბავშვებს, ულოცავენ ერთმანეთს, ხალისით პასუხობენ ჟურნალისტთა კითხვებს, ამ სცენებს ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის ან დელეგიტიმაციის თვალსაზრისით ატომ-ბირთვული ძალა აქვთ! შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ლეგიტიმური (ანუ „მართლა ხელისუფლება") გახდა არა მაშინ, როდესაც პარლამენტმა ხმა მისცა და არც მაშინ, როცა იმავე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო გადალახა, არამედ სწორედ იმ მომენტში, როცა მიუხედავად პრეზიდენტის და აწ უკვე „ყოფილი ხელისუფლების" წინააღმდეგობისა, მან მაინც „გაიტანა თავისი" და ეს ადამიანები (ისევე, როგორც კიდევ ათასობით პატიმარი) ციხიდან გამოუშვა.
ახლა უკვე ვერანაირი გაფრთხილებები „კრიმინოგნეული ვითარების გაუარესების", ან შპიონაჟის „წახალისების" შესახებ ვეღარ გადასწონის შთამბეჭდავ კადრებს, როდესაც ადამიანები, ამაყად თავაწეულნი, საკუთარ სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებულები გამოდიან ციხიდან და მათ საზოგადოება აღფრთოვანებით, ტაშით, სიყვარულით ხვდება!
ეს ყოველივე ვეღარ აიხსნება ჩვეულ პარადიგმაში, რომ „ქართველები კრიმინალური მენტალობის ერი" ვართ და საერთოდაც „არ ვვარგივართ", არამედ უკვე თვით ხელისუფლების შეცდომათა შედეგია! არ შეიძლება შპიონაჟისა და ჯაშუშობის თემის ისეთი (ბოდიში ჟარგონსითვის ) „გადიშოვება", ანუ გაუფასურება და დევალვაცია, როგორც ეს ვანო მერაბიშვილის უწყებამ მოახერხა ბოლო 9 წლის განმავლობაში. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვითომ ძალიან „მაგარი" იყო და ზოგი მიმართლებით მართლა ჰქონდა წარმატებები, მაგრამ ზოგადად, შპიონომანიისა და ჯაშუშობის მიმართულებით აშკარად გადააჭარბა. იმდენად, რომ საპირისპირო შედეგი გამოიღო და უკვე აღარც ვინმეს სჯერა, რომ დაპატიმრებულები მართლა ჯაშუშები იყვნენ.
ეჭვები კი თავიდანვე ჩნდებოდა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომღაც, სრულიად გაუგებარი მიზეზებით, „ხურავდა", ასაიდუმლოებდა საქმეებს, ადვოკატებს ხელს აწერინებდა ვალდებულებაზე, რომ ინფორმაციას ჟურნალისტებს არ მიაწოდებდნენ. ყველაფერი დაიწყო სიმონ კილაძის საქმით. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ მის განაჩენში შავით თეთრზე წერია, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა რომელი ქვეყნის ჯაშუში იყო კილაძე. და, სხვათა შორის, გაჩნდა არც თუ მთლად უსაფუძვლო ეჭვი, რომ იმ კითხვებს პრეზიდენტის შეხვედრების შესახებ, რომელსაც იგი ვითომ პასუხობდა, კილაძეს თვით ქართული სპეცსამსახურები უგზავნიდნენ. ამ ხერხს, „პოტენციური ჯაშუშების" გამოსავლენად, ანუ მათი ცდუნებისა და პროვოცირებისათვის, საბჭოთა КГБ ხშირად იყენებდა. წავიკითხოთ თუნდაც ვიქტორ სუვოროვის მემუარები.
მოგვიანებით ასევე გაასაიდუმლოეს (აბსოლუტურად გაუგებარია რატომ) ვახტანგ მაისაიას საქმე. დღეს იგი თვითონ მოითხოვს გრიფი „საიდუმლოს" მოხსნას. მაგრამ თუ საქმეში ესოდენ უტყუარი საბუთები იყო მისი ღალატისა, რატომ უნდა ითხოვდეს? რატომ არ ეშინია მათი გამომზეურების? ამგვარი პოზიცია საზოგადოების თვალში მუდამ მომგებიანია, ხოლო ხელისუფლების მცდელობა, გაასაიდუმლოოს, დაფაროს, დაბლოკოს, დამალოს, არ გაამხილოს, ადვოკატებს „გაუთქმელობაზე" ხელი მოაწრინოს - ყოველთვის წამგებიანი. ამიტომ ახლა ნურავის უკვირს, რატომ ხვდებიან „ჯაშუშებს" ციხის კარიბჭეებთან ტაშით, ყვავილებითა და ხვევნა-კოცნით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შემდეგ - რუსი სამხედრო ჯაშუშების თეატრალიზებული დაპატიმრებები, მათი საჯარო დამცირება, რითაც ვითომ სამაგიეროს ვუხდიდით რუსეთს ცხინვალის ცენტრში ქართველი ჯარისკაცების ასევე თეატრალიზებული დაჩოქების გამო . . . . . .ან ეს ყბადაღებული „ენვერის" საქმე, რომელშიც ასევე მეტისმეტად ბევრი კითხვის ნიშანია ისევ და ისევ უცნაური გაიდუმალებისა და მხოლოდ ერთო ტელეკომპანიისათვის ექსკლუზივის მინიჭების შედეგად.
ბოლოს, კულმინაცია: „ფოტოგრაფების საქმე", რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა ზოგადად, ქართული სპეცსამსახურებისადმი ნდობას, რაც ნებისმიერი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების და თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი პირობაა. იმთავითვე აშკარა იყო, რომ არავითარი „ჯაშუშები" ეს ბიჭები არ ყოფილან და მათ სინამდვილეში სჯიდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ ფოტოების გავრცელებისთვის მსოფლიო მედიაში, რომელიც 26 მაისის ღამეს პრეზიდენტს პირადმა ფოტოგრაფმა (!), ირაკლი გედენიძემ გადაიღო. აქვე უნდა ითქვას, რომ 1999 წელს (თარიღს მივაქციოთ ყურადღება, თარიღს!) სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი დრაკონული დამატების შესაბამისად, ეს ქმედება (ფოტოების გავრცელება) ფორმალურად თურმე მართლა დასჯადი გამოდიოდა. მაგრამ რაკი ხელისუფლებას არ აწყობდა ეთქვა, რომ ფოტოგრაფებს მხოლოდ ამისთის სჯიდნენ, შეითხზა მითები „ერგნეთის ბაზრობაზე დავერბოვკების", საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის „ზეიდუმალ მასალათა" გადაცემის და სხვა ათასი სისულელის შესახებ, რაც საფუძვლად დაედო საპროცესო შეთანხმებას. (აქვე: ვნახოთ ერთი, ახალი ხელისუფლება თუ ამოიღებს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამ დრაკონულ ჩანაწერს, რომლითაც ნებისმიერი ჟურნალისტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დააპატიმრონ არა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, არამედ თუნდაც ღია წყაროებში საყოველთაოდ ხელმწისაწვდომი მასალისთვის, რაც უცხოეთში გადასცა - ავტ.)
სწორედ ამგვარმა სპექტაკლებმა, არაპროფესიონალიზმმა, საზოგადოებრივი აზრის უგულვებელყოფამ, ინფორმაციის დაბლოკვამ, საქმეების გასაიდუმლოებამ და აშკარა ფალსიფიკაციებმა გამოიწვია საბოლოოდ უნდობლობა ყველა სხვა ჯაშუშური საქმეების მიმართ მაშინაც კი, როცა ზოგიერთ შემთხვევაში მათ მართლა ჰქონდა საფუძველი. აბა რომელი იდიოტი უარყოფს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა, აქტიურად მუშაობდნენ და მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ?
მაგრამ როდესაც სამი შვილის დედას, მაია თოფურიას აპატიმრებ იმისთვის, რომ იგი თურმე სარდაფში იარაღის არსენალს ინახავდა და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა (სინამდვილეში კი მხოლოდ იგორ გიორგაძესთან ნათესაობის გამო, რათა ეს უკანასკნელი დააშანტაჟო) იკარგება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე არანაკლებ ძვირფასი რესურსი - საზოგადოების გაგება და ნდობა! ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლება ვალდებულია იცნობდეს იმ საზოგადოების მენტალობას, რომელსაც მართავს. ალექსანდე სოლჟენიცინისა და მერაბ მამარდაშვილის დარად ძალიან ბევრი ადამიანი ჩათვლის, რომ „თუ სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია სამი შვილის დედა, აშკარად ფალსიფიცირებული ბრალდებებით, იჯდეს ციხეში, მაშინ ასეთი სახელმწიფოებრიობისთვისაც მიმიფურთხებია და დამოუკიდებლობისთვისაც!"
საბოლოოდ კი, როგორც ვხედავთ, ამ სფეროში დაშვებულმა კატასტროფულმა შეცდომებმა წინა ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შედეგი გამოიღო. და, რაც მთავარია, არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყისთვისაც.
შედეგებს უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ და ვიხილავთ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი