ENG / RUS       12+

პატრიოტთა თამაშები

„ხომ არ შეცდა ირაკლიო" - რომ ვკითხულობდით, არა, მაინც არ შემცდარა. ოთხი სისხლის სამართლის საქმიდან სამი უკვე გაუქმებულია თვით პროკურატურის მიერ. პირდაპირ გული აგიჩუყდება, ადამიანის უფლებებისადმი ზრუნვით გამთბარ ამ ფრაზებს რომ მოისმენ პროკურატურის წარმომადგენლისგან: „არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და შეთითხნილია". ანუ არც „ატკატებს" იღებდა სამშენებლო ფირმებისგან და არც გორელებს არწმუნებდა 2011 წლის მაისში (ოღონდ არა პირადად, არამედ იმათი „პირით", ვინც ახლა საქართველოში არ არის და ვერ დაკითხავ): „ვლადიკავკაზში ვარ, პუტინთან ყველაფერი „გაიასნებულია" და მიშა დამთავრებულიაო".

მეოთხე საქმეც რომ სულ მალე დაიხურება - ასევე ნათელია. „მთავარმა მოწმე დიმიტრი ქიტოშვილმა ჩვენება შეცვალა და საქმეში არანაირი მტკიცებულება აღარ დარჩაო" - გვამცნეს. კი მაგრამ დაზარალებული? დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ სვანიძეს, ვისაც ჯეოსელის წილი „აახიეს" ხომ არ შეუცვლია ჩვენება? მერე რა, - ის დაზარალებულია და არა მოწმე.

ალბათ დედოფალ კლეოპატრასაც კი, რომელსაც ტახტი მემკვიდრეობით ერგო, ასე უცბად და იოლად არ „შეუფერებია" იგი, როგორც ახალმა იუსტიციის მინისტრმა შეიფერა თანამდებობა. „ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეშინია ოპოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის გარეთ გამოსვლა და ქუჩაში თავისუფლად სიარული" - განაცხადა ბრიფინგზე ქალბატონმა თეა წულუკიანმა.

ჩემთვის კი გაუგებარია, რა შუაშია აქ ოპოზიცია? კობა დავითაშვილი ოპოზიციაა? რაღაც არ მახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება გაეკეთებინოთ ოქრუაშვილის დაბრუნების შემდეგ. სამაგიეროდ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა სახემ და ტრიბუნმა, კობა დავითაშვილმა თქვა: „ბაჩო ახალაია ბერიაა, ხოლო ოქრუაშვილი - ეჟოვი. ის, რომ ბერია ციხეში უნდა იჯდეს, სულაც არ ნიშნავს, ეჟოვი გარეთ თავისუფლად დადიოდესო".

„სინამდვილეში, ოქრუაშვილის დევნა იმისთვის კი არ აღძრეს, რაც ფორმალურად წაუყენეს, არამედ პოლიტიკური მოტივით" - იკითხება და ისმინება ყველა განცხადებაში ამ თემაზე. და ბაჩო ახალაია „სინამდვილეში" იმიტომ ზის ციხეში, რომ ჯარისკაცებს თავში უთაქა ან ყინვაში არბენინა? სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ ასეთი ბოღმანარევი „თამაშების" საუკუნოვანი გამოცდილების მქონე დასავლელი მეგობრები, რომ „კოაბიტაციის" საფუძველი შერჩევითი მართლმსაჯულების დაუშვებლობაა: ან ყველა უნდა გყავდეს ციხეში, ვინც დასაჭერია, ან არავინ!

„ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა დანაშაული კოდორის ხეობაში" - აცხადებს ქალბატონი მინისტრი. მერედა ვინ იყო ის „ნაციონალური მოძრაობა?" იქ და მაშინ მას კონკრეტული სახე ჰქონდა: ირაკლი ოქრუაშვილი! რომელმაც, სხვათა შორის, კოდორიდან დაბრუნების შემდეგ სიტყვა სიტყვით თქვა: „ტელეფონი გამოვრთე, რადგან მიშას ამ ოპერაციისადმი არაერთგვაროვანი და ორჭოფული დამოკიდებულება ჰქონდაო". ისევე, ალბათ, როგორც 2006 წლის ცხინვალში აღნიშვნის თაობაზე.

რასაკვირველია პრეზინდენტი პასუხისმგებლობისგან ვერც პირველ და ვერც მეორე შემთხვევაში თავს ვერ დაიძვრენს და მხოლოდ განცხადებები „ოქრუაშვილი ჩემი მთავარი პოლიტიკური შეცდომააო" საქმეს ვეღარ უშველის. მიშა სააკაშვილი ისევე აგებს პასუხს ამ სუბიექტის პოლიტიკაში მოყვანისთვის, როგორც ზვიად გამსახურდია - თენგიზ კიტოვანის გვარდიის სარდლად დანიშვნის გამო. მერე რომ უკვირდა: დავნიშნე და რა მიყოო. აბა სხვას რას ელოდი? კაცმა რომ თქვას ახიცაა!

მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, უკვე ახალი ხელისუფლებისთვის არაკომფორტული კითხვები აღარ დავსვათ. მაგალითად, დედოფალ კლეოპატრას ღვთაება ამონისაგან ჰქონდა მინიჭებული უფლება, გადაეწყვიტა ადამიანის ბედი თუ უბედობა. ეს თუ მისაღები არა, იმ ეპოქისთვის გასაგებია. მაგრამ . . . . . . ამჟამად რომელი „მზე" წყვეტს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება თავის დროზე „სააკაშვილის რეჟიმის პირსისხლიან ჯალათს" უწოდებდა, ქუჩაში თავისუფლად უნდა დადიოდეს, ხოლო, მაგალითად ლევან მამალაძე - არა? როგორც ჩანს მიაჩნიათ, რომ ამ უკანასკნელს ბევრად უარესი საზოგადოებრივი იმიჯი აქვს, თუმცა თავის დროზე მისი დევნა ზურაბ ჟვანიასთან არათუ პოლიტიკური, არამედ (ბევრად უარესი) პიროვნული დაპირისპირების გამო დაიწყო, ზუსტად ასეთივე თითიდან გამოწოვილი კორუფციული ბრალდებებით, როგორც ოქრუაშვილს წაუყენეს, როცა მეტისმეტად დამოუკიდებელი გახდა. ისევე, როგორც ლევან პირველის საგა, „სინამდვილეში" არა მხოლოდ და არა იმდენად „რაიფაიზენბანკის "ენერგეტიკულ კონტრაქტს, რამდენადაც გივი თარგამაძესთან რესტორანში მომხდარ რევოლუციამდელ ინციდენტს უკავშირდება.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ოქრუშვილის „გამოშვება" უკვე გადაწყვეტილია და ამას ქალბატონი იუსტიციის მინისტრი ვერ გადაწყვეტდა. და რომ ეს სვლმა იმ პარტიის ნაწილია, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება. უბრალოდ, მომავალი დაპირისპირების პროცესში, ამგვარი „ალფა-დოგის" გარეთ ყოფნა საპარლამენტო უმცირესობისთვის შემაფიქრიანებელი ფაქტორი მაინც იქნება, რათა კიდევ უფრო „შემცირდნენ" და საკონსტიტუციო უმრავლესობა უზრუნველყონ. მით უმეტეს, როცა მთავარი საკითხი, „სინამდვილეში" არა მთავარობა-პარლამენტის დათხოვის პარამეტრები, არამედ პრეზიდენტის არჩევის წესია! მმართველ კოალიციაში მწიფდება აზრი, რომ სახელმწიფოს მეთაური პარლამენტმა უნდა აირჩიოს და არა ხალხმა, თორემ „ნინო ბურჯანაძეს 5 ან 10 წელი რა გაუძლებს?"

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .