ქართული საზოგადოება, ბოლო დღეებია, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლებს, ძველი ტრადიციისამებრ, პირდაპირ ეთერში, მონოლოგის სახით ისმენს. არჩევნების შემდეგ ხანმოკლე დროით მიყუჩებული პრეზიდენტი სააკაშვილი პუბლიკის წინაშე ჩვეული შემართებით წარსდგა. საქართველო უკვე 9 წელია მიეჩვია სახელმწიფოს ექსცენტრული მეთაურის სპეციფიკურ გამონათქვამებს, თუმცა, ახლა, დეკლარირებული კოჰაბიტაციის პირობებში, ამ გამოსვლებმა და რიტორიკამ სულ სხვა ელფერი შეიძინა.
ვიდრე ძირითად სათქმელზე გადავიდოდეთ, უვერტურის სახით, ახლო წარსულს გადავხედოთ: ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში არ იყო სექსი, სახელმწიფოს მართავდა პროლეტარიატი, ხოლო დიდი ბელადი ლენინი სამარადისოდ ცოცხალი იყო ჩვენს გულებში - მსგავსი მითები მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალისტური სახელმწიფოს ყოველმა მოქალაქემ ზეპირად იცოდა, თუმცა, ეს მაშინ, როცა პლანეტის პოლიტიკური რუკა ორ, მკვეთრად პოლარიზებულ იდეოლოგიურ ბანაკად იყოფოდა.
საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქემ ასევე კარგად იცოდა, რომ სადღაც შორს, მაღალი, გადაულახავი კედლის მიღმა, სულ სხვა სამყაროში, „კაციჭამია" კაპიტალისტ-იმპერიალისტები ცხოვრობდნენ, რომლებიც ექსპლუატაციას უწევდნენ მშრომელ მასებს. ვინც ხსენებულ ეპოქას კარგად იცნობს, ანდაც სულაც თავად არის პირველწყარო მაშინდელი მოვლენებისა, ალბათ გაახსენდება, თუ როგორ გამოსახავდნენ საბჭოელი კომუნისტები, სხვადასხვა გაზეთებსა და წიგნებში, დასავლელი „ბურჟუას" შარჟს: ეს იყო ფეხი ფეხზე გადადებული მსუქანი მამაკაცი, გაბღენძილი, თვითკმაყოფილი ფიზიონომიით და მიზანთროპული გამოხედვით.
საბჭოთა სახელმწიფო მედგრად ებრძოდა კაპიტალიზმის გამოვლინებებს სოციალისტურ სამოთხეში, ჩანასახშივე კლავდა „პირად ინიციატივას", ყოველი რეციდივი კი, საკუთარი წარმოების შექმნისა, კლასობრივი ბრძოლის დიადი იდეალების სახელით, სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის მომენტალური მსხვერპლი ხდებოდა. ამ პროცესში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: სპეკულიანტი, ბარიგა, ვაჭარი, რომლის უარყოფითი კონტექსტიც მთლიანად იდეოლოგიზირებული იყო და ლამის მთელ სოციალისტურ-კომუნისტურ სტერეოტიპებს იტევდა. საბჭოთა კავშირში ვაჭრობა, ბიზნესი სირცხვილი იყო, მეტიც, ის ადამიანის მორალს და ზნეობას, მთელი თავისი ყოვლისმომცველობით, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სსრკ უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, საქართველომ კი საბჭოთა გადმონაშთებთან ბრძოლის კეთილშობილური და აგრესიული ლოზუნგებით გაჯერებული „მენტალური რევოლუციის" 9 წელი გადაიტანა, როგორც ჩანს, ეს მსოფლმხედველობა ქართველებისთვის მთლად დაძლეული ვერ აღმოჩნდა. მეტიც, დღეს ამის დემონსტირირების მოწმეები, ქვეყნის ყველაზე მაღალი და სსრკ-ს გადმონაშთებთან ყველაზე აგრესიულად მებრძოლი ტრიბუნიდან ვხდებით.
ზემოთ პრეზიდენტის გამოსვლები ვახსენეთ. ამ გამოსვლებში, პირველი პირის რიტორიკაში რამდენიმე ისეთმა ეპიზოდმა გაიჟღერა, რამაც საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია, თუმცა, ამჯერად, ჩვენ მხოლოდ ერთ გამონათქვამს მივაქცევთ ყურადღებას: პრეზიდენტმა ბოლო ორ გამოსვლაში, სხვადასხვა სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ფაქტობრივად, ერთ კონტექსტში ახსენა ტერმინი „ბარიგა". სააკაშვილის გუშინდელ საჯარო სიტყვაში კი, კერძოდ, ასეთმა ფრაზამ გაიჟღერა: „პროკურატურის ახლანდელი მთავარი სახე, რომელიც ყველაზე მეტს ლაპარაკობს, მანქანების ბარიგა იყო გერმანიიდან". უფრო ადრე კი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიპყრო ხალხმა, რომლებიც „მხოლოდ დოლარის ნიშნულს ცნობენ".
მსგავსი რიტორიკა, ალბათ, არავის გაუკვირდებოდა, მაგალითად, 60-70-იან წლებში, რომელიმე ახალგაზრდა კომკავშირელი ლიდერისაგან, მაგრამ ლიბერალური კაპიტალიზმის მაშენებელი სახელმწიფოს პირველი პირისაგან, ადამიანის დაძრახვა ვაჭრობისათვის, შრომისათვის, საოცარი ნონსენსია, რომელიც ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება.
საბჭოთა კავშირის მომსწრეთაგან გაიგონებთ: მუშაობა, თანამდებობის პირების განებივრებული ვაჟიშვილებისათვის, სირცხვილად ითვლებოდა და ხშირად ისინი დემონსტირებას ახდენდნენ, რომ არ მუშაობდნენ, რადგან მდიდარი მამები ჰყავდათ და ამის საჭიროება არ ჰქონდათ. ასეთი მენტალიტეტის საბჭოელებისათვის, სსრკ-ს დანგრევის მერე დიდი შოკი იყო „კაციჭამია" დასავლეთის ცნობიერებასთან შეჯახება, ე.წ. ამერიკული ოცნება, როცა ყველა, მდიდარი და ღარიბი მუშაობს, სადაც ვაჭრობა, ინიციატივა, წარმოება, დილერობა, ყიდვა-გაყიდვა, კაპიტალის საკუთარი შრომით შექმნა-დაგროვება აყვავებული სისტემის ნიშანია და ამ სისტემაში ინდივიდები ამგვარად ქმნიან საკუთარ მომავალს, სადაც წარმატებულად ითვლება ადამიანი, ვინც სწორედაც რომ დოლარის ნიშნულს კარგად ცნობს და კარგადვე ფლობს მისი მართვის, დაგეგმვის, გადანაწილების, დაგროვების სტრატეგიებს.
თუმცა, როგორც ჩანს, ეს მავანს დღემდე ვერ გაუცნობიერებია და ყიდვა-გაყიდვა, სამარცხვინო საქმედ, „ბარიგობად" მიაჩნია, ძველი საბჭოთა იდეოლოგიზირებული ჩინოვნიკების მსგავსად, რომლებიც ფულს არა შრომით, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტის ძარცვით შოულობდნენ, რადგან ეს სახელმწიფო „მეწველი ძროხა" ეგონათ.
პრეზიდენტის ამ გამონათქვამმა იმდენად გააკვირვა პუბლიკა, რომ თვით ერთ-ერთი ნაციონალი მაღალჩინოსნის ჟურნალისტმა მეუღლემაც კი ვერ დაფარა აღშფოთება და სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის მესიჯი გაავრცელა: „მანქანის „ბარიგობა" ტეხავს ბატონო პრეზიდენტო?".
ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ, თუ შესაბამის მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოს ექსპორტის დიდი წილი სწორედ მანქანების გაყიდვაზე მოდის. გამოდის, რომ ამ სეგმენტში მომუშავე ადამიანები, და არა მხოლოდ ისინი, არამედ ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ყველა პირი, ვინც ყიდულობს და ყიდის, ანუ არის თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენელი, პრეზიდენტის ხედვით, კორუფციონერი და სამარცხვინო საქმის მიმდევარი, ბიზნესმენი კი არა, „ბარიგაა". სააკაშვილის ლოგიკას თუ მივყვებით, ყველანაირი ბიზნესი, ეს იქნება მანქანებით ვაჭრობა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანა და მისი გაყიდვა, სამარცხვინოა. ამავე ლოგიკით კი გამოდის, რომ მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებული პერსონები ითვლებიან წარმატებულებად.
ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა თავისი წარსული გაიხსენა და განაცხადა, დამლაგებლად ვმუშაობდი და საპირფარეშოც კი დამილაგებიაო. რომც არ იყოს ეს სიმართლე, ყველამ იცის, თუ ფსიქოლოგიურად რამხელა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის ასეთ ისტორიებს, იმას, რომ წარმატებული ადამიანი სხვებს არ უყურებს ზემოდან და საზოგადოება ხედავს კაცს, რომელმაც ამ წარმატებას შრომით მიაღწია და არა მემკვიდრეობით მიღებული ქონებით, ან იგივე ბიუჯეტის ძარცვით. თუმცა, თუ იმას გავითვალიწინებთ, თუ როგორ ეჭვიანობს ქვეყნის ერთი უმაღლესი პირი მეორეზე, შეიძლება ეს გამონათქვამებიც აღარ გაგვიკვირდეს, ანუ, როგორც სადღაც იხუმრეს, ყოფილ ხელისუფლებას ისეთი ფობია დაეწყო, რომ ბიზნესის „ბარიგობად" გამოცხადება კი არა, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, საქართველოში ფულსაც კი გააუქმებდაო.
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი