რა მოხდა და რა შეიცვალა სულ რამდენიმე თვის განმავლოაბში? ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს: „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა არჩევნებში, ხოლო ნაციონალები დამარცხდნენ! აქ თითქოს მიზეზ-შედეგობრვი კავშირი აღრეულია, მაგრამ სინამდვილეში, საქართველოს რეალობა ასეთ პარადოქსს უშვებს: საქართველოში „ხალხი" ტრადიციულად მას ემხრობა, ვინც ძლიერია, ვინც „მაგარია" და, ასევე ტრადიციულად, სულ მალე უარყოფს მათ, ვინც დამარცხებულად და „დაჩმორებულად" აღიქმება. რეიტინგი კი ორივე მოცემულობის ზუსტად პროპორციულია.
ამიტომაც, სრულებით უადგილოა დისკურსი, თუ რამდენად შეესაბამება „63 პროცენტი" ოცნების მიერ შესრულებულ ან შეუსრულებელ დაპირებებს. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი იზრდება (ხოლო ყოფილი ხელისუფლებისა კლებულობს) არა იმიტომ, რომ იგი ასრულებს ან არ ასრულებს დანაპირებს, არამედ იმის შედეგად, რომ ქართული ოცნება აღიქმება (!) როგორც გამარჯვებული, აღმავალი ძალა, ხოლო ნაციონალიური მოძრაობა - დამარცხებული და წარმავალი. აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია „პროგრამები", „სოფლის მეურნების განვითარების ფონდი", „ჯანდაცვა", „დაზღვევა" „უმაღლესი განათლება" და თქვენ წარმოიდგინეთ „ტარიფებიც" კი. ყოველივე ამას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ელექტორატის იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც შედარებით რთულად აზროვნებს ან თუნდაც ამჩნევს კავშირს მის მიერ ყუთში ჩაგდებულ ბიულეტენსა და საკუთარ მდგომარეობას შორის. სხვათა გული კი ძლიერსა და გამარჯვებულს ეკუთვნის ნებისმიერ შემთხვევაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ახალი ხელისუფლებისთვის ის „დაჭერები", რაც ახლა ხორციელდება: არა სანახაობითი თვალსაზრისით (როგორც პროკურორ ოქრუაშვილის დროს), არამედ იმიტომ, რომ ამ გზით ხდება მოსახლეობის თვალში ხელისუფლების ძალისმიერი ლეგიტიმაცია. ანუ დადასტურება, რომ ეს ხელისუფლება „ნამდვილია", „გამკეთებელია", „რეალურია", „უკანარდამხევია", მთლიანობაში „მაგარია" და რიდსაც ამიტომ იწვევს. საქართველოში რიდი და პატივისცემა უმჭიდროესად დაკავშირებული ცნებებია. ყველგან ასე არ არის. განსაკუთრებით იქ, სადაც ელექტორატი ხელისუფლებისაგან „სიმაგრისა" და „გამკეთებლობის" გარდა კიდევ რაიმეს მოითხოვს თავისი პატივისცემისა და მხარდაჭერის საფასურად.
ოღონდ ამ მოცემულობას „განახლებული ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც ამჩნევენ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ოსტატურად აყენებენ ხელისუფლებას არასასურველი არჩევანის წინაშე. კლასიკური მაგალითია ვანო მერაბიშვილის (aka ლევან მაისურაძის) პასპორტი.
ის, რომ ვანო მერაბიშვილს ასეთი პასპორტი ჰქონდა, ფორმალურად არანაირი დარღვევა არ არის: პასპორი ლევან მაისურაძის სახელზე სრულიად ლეგალურად გასცა იმავე იუსტიციის სამინისტრომ, რომელიღაც ნორმატიული, კანონქვემდებარე აქტის ან უნდაც პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. ეს აქტები სპეცსასმსახურებს და მათ წარმომადგენლებს უფლებას ანიჭებს, განსაკუთრებული ოპერაციებისათვის აიღონ ასეთი დოკუმენტები. სხვა საქმეა, თუ კონკრეტულად რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს კონსპირაცია. აგრეთვე სულ სხვა საკითხია, როდესაც ამგვარი პასპორტი საზღვრის გადასაკვეთად გამოიყენება.
თითქოსდა, თუ სპეცოპერაციაა, როგორც მინიმუმ, შესაბამისი უწყება საქმის ყურში უნდა ყოფილიყო, რადგან „საგანგებო პასპორტი" მხოლოდ სპეციალური ოპერაციისთვის გაიცემა. ამგვარ ოპერაციად კი ერევანში გამართულ სამიტში მონაწილეობა ნამდვილად ვერ ჩაითვლება. მაშ რაში დასჭირდა ყოფილ პრემიერს, ექს-მინისტრსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერს მაინცდამაინც ამ „საგანგებო" პასპორტით საზღვრის გადაკვეთა?
ახსნა პირველი: იგი საქართველოს დატოვებას აპირებდა, რაკი დაპატიმრებას ელის. ზოგჯერ ამ ახსნას არაკომპეტენტურად პასუხობენ: „თავისი პასპორტით რა, ვერ გადაკვეთდა საზღვარს? საქართველოში ხომ ყველა იცნობს სახეზე?" კი, საქართველოში ყველა იცნობს. მაგრამ ამ არგუმენტის ავტორები ივიწყებენ მთავარს: „სპეციალური პასპორტი" გამოსადეგი იქნებოდა არა იმის დასაფარად, გაემგზავრა თუ არა საქართველოდან, არამედ იმისა, თუ სად გაემგზავრა შემდეგ - ვთქვათ ერევნიდან.
განსხვავებით „ყველა ქართველი მესაზღვრისა და პოლციელისგან", „ყველა სომეხი მესაზღვრე" არ იცნობს სახეზე ვანო მერაბიშვილს. მით უმეტეს ყველა ავსტრიელი, გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი ან ბრიტანელი მესაზღვრე. ამიტომ, ჟურნალისტების მხრიდან ელემენტარული პროფესიონალიზმის გამოვლინება იქნებოდა, პირველ რიგში ის ეკითხათ, იყო თუ არა ლევან მაისურაძის პაპსორტში რომელიმე ქვეყნის მოქმედი ვიზა. ან რა ტიპის პასორტია ეს: ჩვეულებრივი, - საერთო-მოქალაქეობრივი, სამსახურეობრივი თუ დიპლომატიური?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ბევრად უფრო დამაჯერებელია ვერსია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთისას ლევან მაისურაძის პასპორტის გამოყენება იყო ძალიან ეშმაკური სვლა, რომელმაც ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშე დაააყენა: თუ ვერ დააპატიმრებენ, მაშინ ჯერ ერთი, ზემოთხსენებული რეიტინგის საფუძველს შეუყენებენ წყალს (რაკი „სისუსტედ" და „გაუბედავობად" აღიქმება „ხალხის" თვალში) და, მეორეც: ამიერიდან რა ბრალდებითაც არ უნდა დააკავონ („გირგვლიანის საქმე", „გელაშვილის საქმე", „პატარკაციშვილ-მასტერას" საქმე და ა.შ) დასავლეთში უკვე ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი „რაღაც სისულელის გამო" დაიბარეს დაკითხვაზე! ამიერიდან, რა მძიმე ბრალდებაც არ უნდა წაუყენონ ვანოს, იმოქმედებს „პირველი შთაბეჭდილების" სინდრომი, რომლის დაშლაც ძალიან ძნელი იქნება. ალბათ შეუძლებელიც. ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა, ვილფრედ მარტენსმა უკვე ატეხა ერთი ვაი-უშველებელი ამის გამო.
მეორეს მხრივ, როგორ უნდა მოქცეულიყო მესაზღვრე და მის მიერ იქვე გამოძახებული პოლიციელი, როდესაც ხელში ვანო მერაბიშვილის ფოტოსურათიანი და ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი ეჭირა? გაეტარებინა ისე, როგორც და ვითომც არაფერი? ეს ერთი უკიდურესობა იქნებოდა. მეორე უკიდურესობა კი - დაეკავებინა აეროპორტშივე და ამით შეეფერხებინა სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტი! ვერც ერთი გაბედეს და ვერც მეორე. თუმცა „ოქროს შუალედი" აქ მაინც არ არსებობს, რადგან ასეთი ბრალდებით მერაბიშვილის დაპატიმრება სათუოა და აი რატომ: როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პაპსორტი არ არის ყალბი. ეს სპეციალური დანიშნულების დოკუმენტია, რომელიც ლეგალურად გასცა ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის სამინისტრომ. მერედა, წერია სადმე, რომ თანამდებობის პირი ვალდებულია ასეთი დოკუმენტი მაშინვე ჩააბაროს ან არ გამოიყენოს (ვთქვათ საზღვრის გადაკვეთისას), როგორც კი თანამდებობაზე აღარ არის ან ხელისუფლება არჩევნებით შეიცვლება?
დაწმუნებული ვარ, ვანო მერაბიშვილმა ისიც გათვალა, რომ კანონი მას ასეთ ვალდებულებას არ აკისრებდა და ამგვარ აკრძალვასაც არ უწესებდა! „თეთრ ლაქებს" რა დალევს, ზოგადად, ჩვენს კანონმდებლობაში? სწორედ მათ მისცეს საშუალება ვანოს ეს დიდოსტატური სვლა გაეკეთებინა ისე, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, - ვისთანაც რთულ საჭადრაკო პარტიას აგრძელებს და ვის გასაგონადაც ლაპარაკობს „განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაზე", - მომგებიანი საპასუხო სვლა აღარ დარჩა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი