ტერმინ „სექსიზმის" განმარტება საქართველოში ბევრმა არ იცის. კლასიკური განმარტების მიხედვით, „სექსიზმი" არის ადამიანის დისკრიმინაცია სქესისა და გენდერული იდენტურობის მიხედვით. ის საზოგადოებაში შეიძლება იყოს წარმოდგენილი სტეროტიპების სისტემით, ოფიციალურად დამკვიდრებული მდგომარეობებისა და იდეოლოგიების მიხედვით". სექსიზმის შესახებ ჩვენში ბევრს არ სმენია, თუმცა, ქართულ ბლოგოსფეროსა და ინტერნეტ ინტელექტუალურ საზოგადოებაში მის წინააღმდეგ „თავდაუზოგავი ბრძოლა" დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ეს ბრძოლა, უფრო მოდურ, ფასადურ ხასიათს რომ ატარებს და არა რეალურად პრობლემის სიღრმისეულ გაცნობიერებას, ეს ფაქტი დღევანდელის მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში ნათლად გამოჩნდება-ხოლმე.
მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მომხდარ ფაქტს, რომელმაც ქართული სოცქსელები და მედია შემოიარა, დღის სკანდალად იქცა და თვით ვანო მერაბიშვილის დაკითხვაც კი გადაფარა. მოვლენის ქრონოლოგია ასეთია: დეპუტატმა ქანთარიამ მოწინააღმდეგე ბანაკში რამდენიმე ახალგაზრდა ქალბატონის ყოფნასთან დაკავშირებით ტერმინი „სუტენიორობა" გამოიყენა და უხეში „ხუმრობაც" მოაყოლა. ქანთარიას ქმედება, ბუნებრივია, კორექტულად ვერ ჩაითვლება, თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში ეს ინციდენტი სხვა კუთხით გვაინტერესებს. გაირკვა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები აღაშფოთა არა იმ ფაქტმა, რომ მათი კოლეგა მოწინააღმდეგე ბანაკიდან ეჭვის ქვეშ აყენებდა საკითხს, თუ რამდენად კომპეტენტურები არიან ეს დეპუტატები საიმისოდ, რომ ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ, არამედ, იმან, რომ „მათ გოგონებს" სხვა მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მთელი რიგი აღშფოთებული კომენტარები „ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების თუ მხარდამჭერებისა, სადაც ქანთარია სათანადო ეპითეტებით შეამკეს, მათ შორის, მრავლად იყო წარმოდგენილი ისეთი ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად: „ამორალური", „სულიერი სიბინძურე", „ბინძური სულის პიროვნება" და „იმპოტენტიც" კი. სიტუაციის გასამძაფრებლად დაიწერა ისიც, რომ თურმე ბატონმა ქანთარიამ ეს არაკაცური განცხადება "გრუზინული ღიმილით" გააკეთა. საინტერესოა, რომ ამ გნიასში მონაწილეობა იმ საზოგადოებამაც მიიღო, ვინც წლების მანძილზე ევროპულ ღირებულებებზე და მენტალიტეტზე მთელი მონდომებით აპელირებს და „აზიატ" საზოგადოებას კვარცხლბეკიდან უმზერს.
კურიოზული გაგრძელება ჰქონდა ფაქტს: ოპონენტებს ბოდიში თვით პარლამენტის თავმჯდომარემ მოუხადა.. კოლეგა ქალების შეურაცხყოფისათვის. რა მოხდა რეალურად? და საერთოდ, რა მოვლენები ვითარდება ქართულ პოლიტიკაში? რატომ ხდებიან ქართველი პოლიტიკოსი ქალები მუდმივად ასეთი სექსისტური სიტუაცების მსხვერპლნი და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ ამაზე პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ? რა დამოკიდებულებაა დიდ, სერიოზულ პოლიტიკაში ასეთი მიდგომა, რომ თურმე პოლიტიკოს ქალზე პოლიტიკოსმა მამაკაცმა „ამის თქმა არ უნდა აკადროს თავს", რომ ქალმა თავი თვითონ კი არა, მისი კოლეგა მამაკაცების მიერ უნდა დაიცვას, ოპონენტებისადმი მორალის კითხვით და რელიგიური ტექსტებით შეზავებული ძველბიჭური გამონათქვამებით და ზოგჯერ მუშტებითაც? და საერთოდ რა შუაშია ქალი? განა დეპუტატ მარიამ საჯაიას შეურაცხყოფაზე ნაკლები შეურაცხყოფაა ის, რომ მავანმა ოდესღაც ჯონდი ბაღათურიას „პოლიტიკური მეძავი" უწოდა? რას ნიშნავს „გოგონა" დეპუტატის „ხმალ-ხანჯლით" ვაჟკაცურად დაცვა? ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა რაზეა ლაპარაკი, უბრალოდ წარმოიდგინოს მსგავსი სიტუაცია რომელიმე ევროპული, განვითარებული ქვეყნის ხელისუფლებაში და იმედია, გაიაზრებს სიტუაციის კომიკურობას.
ერთ-ერთი სოციალურ ქსელში აქტიური დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან" რამდენიმე კვირის წინ ირონიულად შენიშნავდა, რომ თურმე გარემოს დაცვის სამინისტროში „სულ ქალები მიიყვანეს და კაცები გადაშენდნენ". დღეს ეს დეპუტატი მეორე დეპუტატს „კავკასიურ-რაინდულად", ვირტუალურად „ურჩევდა საქმეს" და ზნეობისაკენ მოუწოდებდა. როგორც ჩანს, ქართველმა პოლიტიკოსებმა ვერაფრით გაიგეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება: პოლიტიკაში „ქალი კი არ უნდა მოიყვანო", არამედ თვითონ უნდა მოვიდეს ადამიანი, პიროვნება, სქესის მიუხედავად, რომელიც, თუ ამის საჭიროება აღმოჩნდება, უნდა დაიცვან კიდეც კოლეგებმა მსგავს სიტუაციაში, ასევე სქესის მიუხედავად და ეს აბსტრაქტული რიტორიკა მორალზე, ზნეობაზე, კაცობაზე, „მანდილოსანზე ამას როგორ ამბობ, ბიჭო, თავ-პირს დაგინგრევ" და მსგავსი ტექტები და მიდგომები, უბრალოდ ჩვენი დაბალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეგნების, კულტურის და ნაკლები განვითარების მაჩვენებელია მხოლოდ.
ამ კონტექსტში კიდევ ერთი ფაქტი გვინდა განვიხილოთ: რამდენიმე დღის წინ, თანამდებობიდან კულტურის მინისტრის მოადგილეები, იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე გადააყენეს. თუ მეჩითოვის თანამდებობიდან გადაყენებას შეიძლება ჰქონოდა ლოგიკური საფუძველი, მისი რუსეთთან დაკავშირებული განცხადებების გამო (იმედია, ცნობილი ფოტოგრაფი შიშველი ნატურებისათვის გადაღებული ფოტოების გამო არ გაუთავისუფლებიათ და მთლად ასე მძიმედაც არ გვაქვს საქმე), დღემდე მართლა გაუგებარი დარჩა ხათუნა ხუნდაძის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი. ის ისტერია, რომელიც მისი გამონათქვამების გამო ატყდა, რომელიც ხუნდაძემ სოციალურ ქსელში, პირად პროფილში, პრივატულ სივრცეში, ჯერ კიდევ მინისტრობამდე გაავრცელა, უბრალოდ წარმოუდგენელი აბსურდი რომ იყო, ამაზე შეუძლებელია სხვა აზრი ჰქონდეს ადამიანს, მით უმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინასაარჩევნო უსაზღვროდ დაძაბულ პერიოდში საკმაოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსი თუ მედიის წარმომადგენელი ქალები, ასევე, არ აკლებდნენ იგივე სოცქსელებში სკაბრეზული ლექსიკით მეტყველებას. მაგრამ რატომ უნდა გამხდარიყო მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ეს კონკრეტული ფაქტი, სრულიად გაუგებარი და მეტიც, სრული მარაზმია, რომელიც რატომღაც ასევე არავინ გააპროტესტა. საინტერესოა, იგივე დამოკიდებულება ექნებოდა თუ არა საზოგადოებას ფაქტის მიმართ, თუ ქალის მაგივრად მამაკაცი გამოთქვამდა მოსაზრებებს იმავე ფორმით? კარგია ხელისუფლება, რომელიც საზოგადოების აზრს ითვალისწინებს, მაგრამ ყოველ ისტერიაზე ამგვარი არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება უკვე სულ სხვა დასკვნების და ეჭვების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ეს ყველაფერი ისეთივე დიდი ტრაგიკურიოზია, როგორიც დღის მეორე „სკანდალი", კანონპრექტი სექსუალური ხასიათის პროდუქციის გაყიდვის რეგულირების შესახებ, რომელიც სრულიად ქართული ინტერნეტის ქილიკის და მხიარულების მიზეზი გახდა. ამ დროს, რეალურად, საუბარი იყო, სად უნდა გაიყიდოს მსგავსი პროდუქცია და სად არა, რაც ყველა ნორმალურ, განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებში რეგულირებულია. თუმცა, ჯერ კიდევ რამდენი საფეხურის გავლა გვიკლია საიმისოდ, რომ დასავლური აზროვნება მცირედ უკეთესად გავიგოთ და გავითავისოთ, ზემოხსენებული ერთი დღის პოლიტიკური ქრონიკისათვის თვალის გადავლებაც სრულიად საკმარისია.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ლელა კედელაშვილი