"არჩევნების შედეგად საქართველოში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი რეჟიმის რიგი მაღალი თანამდებობის პირების დაკავებამ დასავლეთში შეშფოთებისა და კრიტიკის ტალღა გამოიწვია. თუმცა, კრიტიკოსთა სულსწრაფი ამხედრება ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებს ფარავს და გზას უღობავს სათანადო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას", - ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და რიგი სხვა ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების შემდეგ დასავლურ პრესაში მომრავლდა სტატიები, რომლებშიც საუბარია საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ.
"ბუნებრივია, ვერც მედიასაშუალებებში ატეხილმა აყალმაყალმა და ვერც დასავლელი ლიდერების მკაცრმა გამოსვლებმა ვერ შეაჩერა დაკავებების ტალღა. უკვე გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ დიდი ხნის მანძილზე შინაგან საქმეთა მინისტრი და მცირე დროით პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ასევე დაიბარეს დაკითხვაზე. დამკვირვებელთა უმრავლესობის თვალსაზრისით, დაკავებების კამპანია კარგს არაფერს უქადის ამ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც ყოფილი მმართველი და დღეს ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად (და, როგორც ჩანს, უსამართლოდ) უწოდებდა რუსეთის მარიონეტს. თუმცა, საჯაროდ გამოთქმული აღშფოთებისა და პროტესტის მიუხედავად, სახეზეა გასაოცარი უგლებელყოფა იმისა, ვინ და რატომ დააკავეს. ამ საკითხის ინგლისურენოვანი გაშუქების უდიდესი ნაწილი სიტუაციას აფასებს, როგორც ალყაში მოქცეული პროდასავლური ადმინისტრაციის პოლიტიკურად მოტივირებულ წმენდას, თუმცა რეალობა ბევრად უფრო რთულია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახალაიას, მერაბიშვილისა და მსგავსთა შერაცხვა უსამართლოდ ბრალდებულ, თავდაცვით პოზიციაში მდგომ დემოკრატებად, საფუძველს მოკლებულია. ახლა ამის შესახებ იშვიათად თუ საუბრობენ, მაგრამ ესოდენ მრისხანე ახალაია და მერაბიშვილი არიან პასუხისმგებელნი მასშტაბური და არანაკლებ უკანონო თვალთვალისა და უსაფრთხოების აპარატის შექმნაზე საქართველოში, მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი ხელისუფალთა დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნას, რამაც ბიძგი მისცა "ქართული ოცნების" მოულოდნელ გამარჯვებას 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში", - აღნიშნულია სტატიაში.
„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე და ერთ დროს ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი ახალაია, მას შემდეგ გადადგა, რაც "საქართველოს ციხეებში არსებული სისტემატური ბოროტმოქმედების ამსახველმა შემაძრწუნებელმა კადრებმა გაჟონა... მიუხედავად იმისა, რომ ამ სკანდალური კადრების გამოქვეყნებისას ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ მის, როგორც ციხეების დე-ფაქტო ხელმძღვანელის გადადგომას. თავდაპირველი წინააღმდეგობის შემდეგ ის დაემორჩილა ამ მოთხოვნას (ასევე გადადგა სასჯელაღსრულების ფაქტობრივი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, რომელსაც, ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, არც თუ ისე დიდი ძალაუფლება ჰქონდა სინამდვილეში). თითქოსდა წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ სკანდალს უპასუხა საკუთარი ჩანაწერების გამოქვეყნებით და ოპოზიციის წევრთა დაპატიმრებით, რითაც გაგრძელდა შინაგან სამინისტროს ხანგრძლივი და უცნაური ტრადიცია - მამხილებელი აუდიო თუ ვიდეომასალების გამოქვეყნება, რომლებიც, როგორც ჩანს, მას ნებისმიერი შემთხვევისათვის მოეპოვებოდა. ის, რომ თავად ახალაიას დაცემა სწორედ გაჟონილმა ვიდეოჩანაწერებმა დააჩქარა, უბრალო ირონიაზე ოდნავ მეტია", - წერს ავტორი.
მაიკლ ჩეჩირე ვანო მერაბიშვილს "სააკაშვილის კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრად და ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა მინისტრად" მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მას დამსახურებად ხან ქვეყნის პოლიციაში წარმატებული რეფორმის თაოსნობას უთვლიდნენ, ხან კი - ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების თავკაცობაში ადანაშაულებდნენ.
"გარდა პასუხისმგებლობისა, რომელიც მას აკისრია ეროვნული ყოვლისმომცველი შიშის ატმოსფეროს შექმნაზე, მერაბიშვილი, ისევე, როგორც ახალაიას ძმა, დათა, დაკავშირებულია 28 წლის სანდრო გვირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა მიერ, რომელიც, როგორც იტყობინებიან, მოჰყვა ცხარე შეხლა-შემოხლას თბილისის ერთ-ერთ კაფეში 2006 წელს, სადაც მერაბიშვილის მეუღლეც იმყოფებოდა. ეს საქმე, რომელიც ოფიციალური დაუსჯელობისა და დამყოლი სასამართლო სისტემის სიმბოლოდ იქცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაპატიმრებით დასრულდა, ხოლო მერაბიშვილის როლი თითქმის მთლიანად იგნორირებული იყო. ამ საქმესთან დაკავშირებულმა განწყობებმა გამოძახილი ჰპოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნაში, რომლის თანახმადაც, ეს საქმე განზრახ არასწორად იყო გამოძიებული. კიდევ უფრო ავისმომასწავებელი იყო გაეროს გამოძიება, რომელმაც მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო 2008 წელს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რეგიონის ეთნიკურად ქართველი მცხოვრებლებით დატვირთულ 2 ავტობუსზე თავდასხმის ფაქტს დაუკავშირა, რომელშიც თბილისმა თავდაპირველად სეპარატისტული ძალები დაადანაშაულა", - ნათქვამია წერილში.
ავტორი მიიჩნევს, რომ სამწუხარო სინამდვილე ის არის, რომ წინა ხელისუფლებამ საკუთარი მაღალფარდოვანი პროდემოკრატიული რიტორიკა საქმით ვერ დაამტკიცა. "მიუხედავად იმისა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ენთუზიაზმმა დასავლეთის მიმართ და მეტ-ნაკლებმა წარმატებამ საქართველოს მოდერნიზაციის კუთხით კოლეგებზე ვაშინგტონსა და ბრიუსელში უდავო შთაბეჭდილება მოახდინა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უდავოდ პროდასავლური იმიჯი არ უნდა გავაიგივოთ თავად დემოკრატიზაციასთან, რასაც მოწმობს ვრცელი ანგარიშები ანტიდემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. საერთაშორისო ინდექსებისა და რეიტინგების მიმართ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიდრეკილების მიუხედავად, დემოკრატიული საზომების უმრავლესობა გვიხატავს სურათს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირეები, როგორც წესი, იუწყებოდნენ. Freedom House-ის თანახმად, დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველოში არ შეინიშნება არავითარი პროგრესი 2005 წლის შემდეგ, ხოლო პრესის თავისუფლება დაახლოებით იმავე დონეზეა, როგორც "ვარდების რევოლუციამდე", ედუარდ შევარდნაძის კლეპტოკრატიული პრეზიდენტობის დროს. სხვა შეფასებები კიდევ უფრო უიმედოდ გამოიყურება. ჟურნალ "ეკონომისტის" ინფორმაციის ჯგუფის (the Economist Intelligence Unit) დემოკრატიის იდექსის თანახმად, საქართველომ უკან დაიხია 2006-2011 წლებში, ხოლო"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ საქართველოში შეიმჩნევა მძაფრი უკუსვლა პრესის თავისუფლების კუთხით 2003 წლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით, ქვეყანა დღეს სამარცხვინო 104-ე ადგილს იკავებს და ჩამორჩება თავისუფლების ისეთ "ეტალონებს", როგორებიცაა არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსი, ჩადი და ეკვადორი. საქართველოს ეკონომიკური რეფორმებიც კი, რომლებსაც საყოველთაო ხოტბას ასხამენ პრობიზნესორიენტაციის გამო, ახლო დაკვირვების შემდეგ შინაგან სიცარიელეს ამჟღავნებს. მართლაც, მილიარდერი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, როგორც ვიქტორ იანუკოვიჩის ყაიდის ანტიდემოკრატიული კონტრრევოლუციის სულისჩამდგმელის წარმოჩენის მცდელობას თავად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის ისტორიაც ვერ უმაგრებს ზურგს. დაუსჯელობის ატმოსფეროს გათვალისწინებით, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის თითქმის მთელი დროის განმავლობაში სუფევდა, ახალი ხელისუფლება პოლიტიკურადაც და მორალურადაც ვალდებულია, გამოიძიოს და უპასუხოს წარსულის ამ დანაშაულებს... არც ერთი კარგი მრჩეველი არ უნდა იყოს გაკვირვებული დაკავებებზე რეაქციით, თუმცა, დასავლეთის აღშფოთება მაინც აშკარად ნაჩქარევი იყო. საბოლოო ჯამში, ახალი ხელისუფლების ერთგულების გამოცდა დემოკრატული იდეალებისა და კანონის უზენაესობისადმი იქნება არა თავად ეს დაკავებები, არამედ საქართველოს სასამართლო სისტემის ერთგულება გამჭვირვალობისა და სათანადო სამართლებრივი პროცესისადმი. აქედან გამომდინარე, მკაცრი დასკვნების გამოტანა ახლა ნაჩქარევი იქნებოდა და ისედაც დაძაბულ ატმოსფეროს კიდევ უფრო გაამძაფრებდა თბილისში, სადაც ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ზედმეტად დაახლოებული იყო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და ხშირად თვალს ხუჭავდა მათ ხარვეზებზე. ახალი ხელისუფლების (რომელმაც მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაბრკოლებები დაძლია არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად) ასეთი საჯარო გაკიცხვა და დაგმობა იოლად შეიძლება განიმარტოს "ქართული ოცნების" მიერ, როგორც დასაბუთება იმისა, რომ დასავლეური მედიისა და მთავრობების გარკვეული ნაწილი კვლავინდებურად გაჟღენთილია პრო "ნაციონალური მოძრაობისეული" განწყობებით რეფლექსების დონეზე. "ქართული ოცნების" აზრით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ თითის დაქნევა თუ მიუღია საკუთარი ძალაუფლების გადამეტებით აღსავსე მმართველობის პერიოდში, სულ რომ არაფერი ვთქვათ რუსეთთან ომის შესახებ, თუმცა ახალი ხელისუფლების მხრიდან დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მცდელობა იწვევს წივილ-კივილს პროტესტის ნიშნად. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოა", - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა გრძელია.
"თავი რომ დავანებოთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" არასათანადო მმართველობას, ახალი ხელისუფლების რეაქციასა და რიტორიკაში არ ჩანს საფუძვლიანი შეშფოთების გაცნობიერება, რომ საქართველო ერთი ავტოკრატიიდან მეორისკენ იხრება. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული მომწიფების პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა საქართველოს ექვსი კვირის ასაკის მთავრობას ან მის ახალბედა პრემიერ-მინისტრს, არამედ - დასავლეთს. რასაკვირველია, საჭიროა თბილისის მოქმედებების თვალყურის დევნა და მოწოდება კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებისკენ, მაგრამ მაინც ზედმეტად ნაადრევი იქნება, თუკი ძალაუფლების კონსტიტუციური გზით გადაცემის პირველ შემთხვევას საქართველოს უახლეს ისტორიაში მარცხსა და რისკს ვუწოდებდთ, რითაც გამოვიწვევთ ქართული ხელმძღვანელობის გაუცხოებას, რომელიც ისედაც მეტად მგრძნობიარეა დასავლეთის მიკერძოების გამოვლენის მიმართ. თუკი დასავლეთი გულწრფელად შეშფოთებულია საქართველოს პოლიტიკური განვითარების ბედით, მაშინ მნიშვნელოვანია, თბილისს მიეცეს დრო და სივრცე სათანადო სამართლებრივი პროცესისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად", - წერს მაიკლ ჩეჩირე.