ამ ორიოდე წუთშიც კი, ტელეკამერამ ცივად დააფიქსირა ძალიან საინტერესო ეპიზოდი: ყოფილი გენპროკურორი და ექს - შინაგან საქემთა მინისტრი ასანთის ჩხირებით ფიგურებს აწყობდა მცირე ბარიერზე, რომელიც განსასჯელებს დარბაზისგან ჰყოფს. პირველ რიგში გამახსენდა ჯაბა იოსელიანისა და მხედრიონელების სასამართლო პროცესი 1997 წელს - სამარცხვინო გალიებით, რომლებიც არა იმდენად განსასჯელებს ამცირებდა, რამდენადაც სახელმწიფოს უსუსურობას და არშემდგარობას უსვამდა ხაზს. რაც შეეხება ოქრუაშვილის მცირე პასიანსს (ბანქო, რა თქმა უნდა არ ექნებოდა) ამან სხვა ასოციაცია აღძრა: ოდესღაც, საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო ფილმი «გაზაფხულის 17 გაელვება». ერთ ეპიზოდში, საბჭოთა მზვერავი მაქსიმ მაქსისმის ძე ისაევი (შტირლიცი) ასევე აწყობდა ჩხირებს, როდესაც ნაცისტურმა კონტრდაზვერვამ გამოიჭირა და სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეც დაემუქრა.
«ჭკვიანურად მოიქცა თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი, როდესაც საქართველოში დაბრუნდა?» - უკვე რიტორიკული კითხვაა. ფაქტია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად მისი გათავისუფლება სულაც აღარ არის გარანტირებული იმ ფარული, თუმცა გააფთრებული ბრძოლის ფონზე, რომელიც არა უმცირესობასა და უმრავლესობას, არამედ სწორედ მმართველი კოალიციის შიგნით მიმდინარეობს. კობა დავითაშვილმა ოქრუაშვილი ეჟოვს შეადარა; მისი ყოფილი ადვოკატი და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი საფრანგეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე მიუთითებდა, რომელმაც ექს-თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ დევნილად აღიარა და თავშესაფარიც მისცა. «კი მაგრამ, რა გამოვიდა? - კითხულობს GHN-ის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი - საფრანგეთმა ამ ადამიანს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, რადგან იგი ძველი ხელისუფლების მიერ იდევნებოდა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ იგი მაინც დააპატიმრა, რითაც საფრანგეთის სახელმწიფოს იგნორირება მოახდინა».
ნამდვილად ასეა, მაგრამ აქ იგივე ლოგიკა მოქმედებდა, როგორც იმ გადაწყვეტილებაში, როცა ოქრუაშვილის სახელი და გვარი პოლიტევნილთა სიიდან ამოიღეს, თუმცა არც პოლიტპატიმართა სიაში ჩაწერეს. არა მგონია ამის მიზეზი ქალბატონ ეკა ბესელიას «ინეტრესთა კონფლიქტი» ყოფილიყო. ეს ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილის კრიტიკას როგორმე აიტანდა, მაგრამ ოქრუაშვილის პოლიტპატიმრობა და პოლიტდევნილობა ელემენტარულ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა და ახალ ხელისუფლებას სერიოზულ პროლემებს უქმნიდა. მართლაც: თუ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილის წოდებას შეინარჩუნდებდა, მით უმეტეს, პოლიტპატიმართა სიაში ჩაეწერებოდა, მაშინ საერთოდ გაუგებარი ხდებოდა, რატომ უნდა დარჩენილიყო იგი ციხეში? შეგახსენებთ: საფრანგეთმა ოქრუაშვილი პოლიტდევნილად სცნო არა 26 მაისის კომიკური «ამბოხის» და რუსულ ГРУ-სთან ერთად თბილისის აღების მცდელობის, არამედ სწორედ იმ საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ, რომლითაც მას 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს! ანუ ბიზნესმენისთვის ჯეოსელის წილის წართმევის გამო.
მაშასადამე, მისი პოლიტდევნილთა სიიდან ამოღებით, ახალმა ხელისუფლებამ (უნდოდა თუ არა ამის ასე აშკარად გაცხადება) აღიარა, რომ ოქრუაშვილს 11 წელი სამართლიანად მიუსაჯეს! სხვა ლოგიკა აქ უბრალოდ არ არსებობს, ხოლო ის ახსნა, რომ რაკი ოქრუაშვილი დაბრუნდა, ამის გამო პოლიტიკური მოტივით დევნილი აღარ არის - მეტისმეტად მარტივი ეშმაკობაა, რათა დაიფაროს მთავარი მოტივი: ახალ ხელისუფლებას არ აწყობს მისი გათავისუფლება, რაკი ოქრუაშვილი წინა ხელისუფლების «სახედ» რჩებოდა ყოველთვის. მას შემდეგაც კი, რაც ოპოზიციაში გადავიდა.
მან ნამდვილად უხეხრულ მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლება თავისი მოულოდნელი დაბრუნებით, რადგან ივანიშვილს და მის გუნდს ახლა უწევს ორი არასასურველიდან ნაკლების არჩევა. და, როგორც ჩანს, ოქრუაშვილი ციხეში დარჩენა სწორედაც ნაკლებ ბოროტებადაა მიჩნეული, ვიდრე მისი გამოსვლა.
ერთადერთი კოზირი, რაც ოქრუაშვილს ამ თამაშში რჩება, არის რაიმე სენსაციური კომპრომატის გამოქვეყნება პირადად პრეზიდენტ სააკაშვილზე: «არ დაგავიწყდეთ, რომ ნაციონალურმა ხელისუფლებამ შექმნა ისეთი ეშმაკური ინსტრუმენტი, როგორიცაა პროცესუალური შეთანხმება - ამბობს ნანა დევდარიანი - ამიტომ ოქრუაშვილს შეუძლია გათავისუფლდეს, თუ მისცემს ჩვენებას უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ესე იგი პრეზიდენტის დანაშაულთა შესახებ».
გასაგებია, რომ იგულისხმება ჟვანიას საქმე, პატარკაციშვილის საქმე და მრავალი სხვა, რაც თითქოს ხიდაშელის კომისიას უნად გამოეძია, მაგრამ რატომღაც პროკურატურა იძიებს, მაგრამ რამდენად ქვის გამხეთქავი იქნება ის, რასაც ოქრუაშვილი იტყვის? «თუ რამე აქვს სათქმელი ჟვანის საქმეზე, რატომ აქამდე არ თქვა, რაღას ელოდება? - კითხულობს ექსპერტი გიორგი ხუციშვილი - ჟვანიას საქმე ხომ ყველაზე მწვავე თემაა. თუ ამის შესახებ არაფერი აქვს სათქმელი, გამოდის, ციხეში მოსასვენებლად ჩამოვიდა, რაც არ მჯერა, რაკი უჭკუო არ ჩანს».
უჭკუო არ არის. ყველაფერი შეიძლება დააბრალო ამის გარდა. მაგრამ როდესაც მოვლენათა მხოლოდ რაციონალურ ახსნას ვცდილობთ, ზოგჯერ ადამიანის ბუნებას არ ვითვალისწინებთ. კერძოდ იმ მძვინვარე ვნებას, რომელიც წვავს მის ინტელექტს და ხშირად არარაციონალური ნაბიჯებისკენაც უბიძგებს. ოქრუაშვილის ვნება დაუდგრომლობა და პატივმოყვარეობაა. ამას ვერანაირი ინტელექტი და რაციონალური გათვლა ვერ გადასძალავდა. დღესაც კი, როცა სვლებს თითქოს ზუსტად ითვლის.
არადა, პასიანსის ირონია ისაა, რომ იგი მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს ნიშნავს. როცა შენი უძლეველი მეტოქე შენივე ვნებაა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი