ENG / RUS       12+

საქართველო და პალესტინის სტატუსი - არასწორი ნაბიჯი თუ "ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი"?

ქართულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების მსხვილ პოლიტიკურ სკანდალად გადაქცევა, უკანასკნელი წინასაარჩევნო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთ მახასიათებელ ნიშნად იქცა. პოლიტიკურმა ძალებმა, როგორც ჩანს, მშვენივრად აუღეს ალღო თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ამ ტენდენციას და ტრადიციადაც დანერგეს, რომელიც არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. გუშინ, ერთ-ერთ კერძო ქართულ ბლოგზე გამოქვეყნებული მასალა, მყვირალა სათაურით: "მოშე: ისრაელის საელჩომ საქართველოში მისია ამოწურა", ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სრული ისტერიის საფუძველი გახდა.

ძნელი სათქმელია, რატომ ვერ შენიშნა ქართულმა პუბლიკამ სათაურსა და ტექსტის შინაარსს შორის სრული შესაბამობა, მაგრამ ფაქტია, რომ სათაურის ეფექტმა მკითხველზე იმუშავა. პუბლიკამ ჩათვალა, რომ ინტერნეტ-მედიამ ისრაელის საელჩოს ოფიციალური პოზიცია გაახმოვანა და ისრაელის დიმპლომატიური უწყება საქართველოში თავის ფუნქციონირებას წყვეტს. რეალურად კი, კერძო ბლოგზე მოყვანილ მასალაში, რომელსაც წარმომავლობა და პირველწყარო არ აწერია, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ქართულ-ებრაული ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე აკეთებს და საკუთარ, პირად პოზიციას ახმოვანებს. კერძოდ, მოშეს განცხადებაში ნათქვამია: "მე რომ ვყოფილიყავი ისრაელის ელჩი საქართველოში, დაუყოვნებლივ დავტოვებდი თანამდებობას, ვინაიდან ჩავთვლიდი, რომ საქართველოში ჩემი მისია ამოწურულია. იმის ნაცვლად რომ ორ ქვეყანას შორის კეთილგანწყობა შენარჩუნებულიყო, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა".
ამ კომენტარს კი ერთვის ბლოგერის კერძო მოსაზრება: "მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ საქართველოს მთავრობას არც აფხაზეთის და სამაჩაბლოს „ახალი სტატუსის" აღიარება გაუჭირდება. ისრაელის მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ასე „დიპლომატიურად" აპირებს სახალხო დიპლომატიის მშენებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა".
დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი აზრი დააფიქსიროს ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საქმე ასეთ პრინციპულ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე თემას ეხება, ალბათ, აუცილებლია საზოგადოებისათვის ვრცელი განმარტება ოფიციალურმა პირებმა და კომპეტენტურმა ექსპერტებმა გააკეთონ, ხოლო ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტები მივაწოდოთ და ვარაუდები, გარკვეულწილად, სისტემაში მოვიყვანოთ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გადაწყვეტილება პალესტინისთვის ავტონომიის გაფართოების და სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე მიიღო. გაერო -ს მიერ პალესტინისთვის ახალი სტატუსის მინიჭებას 138 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, 41 სახელმწიფომ თავი შეიკავა, ხოლო 9 -მ წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს ქვეყნებია: აშშ, ისრაელი, კანადა, ჩეხეთი, პანამა, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ და პალაუ.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიცია „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით: საქართველომ პალესტინის ახალ სტატუსზე რეზოლუციას მხარი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაუჭირა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის ინფორმაციით, საქართველომ პალესტინის დამოუკიდებლობა 1992 წლის 25 აპრილს აღიარა. ასე რომ, მცირე ხნის წინ საქართველოს პრემიერის მიერ ისრაელის ელჩთან შეხვედრისას პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებას ლოგიკური საფუძველი ჰქონდა. საქართველოს პოზიცია, პალესტინის ავტონომიასთან მიმართებაში, ყოველთვის თანამიმდევრული იყო. ივანიშვილის განცხადების კრიტიკოსებს, ინფორმაცია არ ჰქონიათ იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ პალესტინას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე მოიხსენიებდა. მაგალითად, "ჯი-ეიჩ-ენის" 2011 წლის 14 ივლისის ახალ ამბებში, სათაურით, "გრიგოლ ვაშაძე დიპლომატებთან შეხვედრაზე პალესტინის რეზოლუციის საკითხით დაინტერესდა", მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ასეთ განცხადებას აკეთებს: " არცერთ სახელმწიფოს არ დაუფიქსირებია რაიმე პოზიცია გარდა პრინციპებისა, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ არის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ისრაელი და პალესტინა. ისრაელს უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს დაცული, ხოლო პალესტინას დამოუკიდებლობა, სუვერენტიტეტი და საზღვრები".
საქართველომ ამ ეტაპზე მხარი არა პალესტინის აღიარებას, რომელიც ისედაც აღიარებული გვაქვს, არამედ, პალესტინის სტატუსის ამაღლებას მისცა გაეროში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პალესტინას, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, ასე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო მაღალ დონეზე, მათ შორის, პარტნიორ სახელმწიფოებთანაც.
მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობამ, ევროპულმა სახელმწიფოებმა, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. დიპლომატიაში არსებობს ასეთი ტენდენცია, როცა ძლიერი სახელმწიფო, გარკვეულ ფაქტორთა გათვალისწინებით, მაშინ როცა საკუთარი ოფიციალურად გაცხადებული პოლიტიკის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ ვერ წავა, თავად არ აფიქსირებს პოზიციას, ხოლო მისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მასთან შეთანხმებით, გარკვეულ დიპლომატიურ სვლებს ახორციელებენ, თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.
ინტერნეტ პოლიტაქტივისტების ისტერია ერთია და საერთაშორისო დიპლომატიური თამაშები მეორე. რეალურად, საქართველოს მოგება ამ სიტუაციაში შესაძლოა ისიც იყო, რომ მაშინ, როცა რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ, საქართველო მუდმივად დენთის კასრზე ზის. ამ ხმის მიცემით კი, ჩვენმა სახელმწიფომ მოიგო იმ ქვეყნების გული, რომელთაგანაც მსგავსი საშიშროება მომდინარეობს. ცნობილია, რომ თავის დროზე გრიგოლ ვაშაძის უწყებამ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ურთიერთობის გაუმჯობესებით, სირიის მხრიდან აფხაზეთ-ცხინვალის აღიარება შეაჩერა.
ასე რომ, ერთი მხრივ პანიკა, თითქოს საქართველომ ისრაელი გააბრაზა და მეორეს მხრივ, ის რომ ლომაიამ და სააკაშვილმა ივანიშვილს დივერსია მოუწყვეს, სრული აბსურდია, ხოლო აგორებული ისტერია - ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მეორე პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ მიმართული "შავი პიარი", რომელიც ადექვატურობისგან შორს დგას. რეალურად, ეს ყველაფერი ქართული დიპლომატიის წლების მანძილზე წარმოებული პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის შედეგებიც საქართველოსთვის, დროთა განმავლობაში წარმოჩინდება.


"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

 

ავტორი: . .