ENG / RUS       12+

როგორი იქნება ახალი ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკა?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გადადო, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ახლო მომავალში, ის მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანს ეწვევა. ექსპერტების ვარაუდით, მთავრობის მეთაური ბაქოში რიგ კონკრეტულ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით გამართავს მოლაპარაკებებს, რაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ, ძალიან მოკლედ გადავავლოთ თვალი უკანასკნელ წლებში, ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს და ზოგადად, საქართველოს კავკასიურ პოლიტიკას და გავიხსენოთ ის გეგმები და სურვილები, რომელიც ურთიერთობების განვითარების პერპექტივების განსაზღვრისას, პრიორიტეტებად ითვლებოდა.

უკანასკნელ წლებში, გარდა მთელი რიგი ეკონომიკური ურთიერთობებისა, რეზონანსული იყო ინიციატივა, რომელიც საქართველოში, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის დროს გახმიანდა: საქმე ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის იდეას. "ამ ინიციატივის ფორმა დიპლომატების მოლაპარაკებების შემდეგ შეირჩევა. მოლაპარაკებები კი უკვე მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს მომავალში გამოიკვეთება" - დაბეჯითებით ირწმუნებოდა მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე.
სადჰკლსჯაფჯსლდკფჯსლდ
საქართველოს ინიციატივას სასწრაფოდ გამოეხმაურნენ სამეზობლოში. სპეციალისტების ნაწილმა მას შეუძლებელიც კი უწოდა. მეზობელ რუსეთსა და სომხეთში კი იგივე ექსპერტების მხრიდან პესიმისტური პროგნოზები გაკეთდა. ერევანმა იმთავითვე განაცხადა, რომ ასეთ კავშირს კატეგორიულად არ მიესალმებოდა და ის მთელი რეგიონის განვითარებაზე დადებითად ვერ აისახებოდა.

იდეა აზერბაიჯანელმა ექსპერტებმაც შეაფასეს. მაგალითად, პოლიტოლოგი ნიაზ ნიაზოვი ერთ-ერთ პლიუსად მიიჩნევდა იმას, რომ სომხეთი სახმელეთო გზების საშუალებით რუსეთს ძველებურად ვეღარ დაუკავშირდებოდა. შესაბამისად, ნაკლები საფრთხე იქნებოდა ტექნიკისა და შეიარაღების გადატანისა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, რომელიც შემდეგ ყარაბაღის ფრონტზე გამოიყენება-ხოლმე.
თუმცა, ოფიციალურ ბაქოს ამ მიმართულებით დიდი აქტიურობა არ გამოუჩენია. სპეციალისტების უმრავლესობამ, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ეს ინიციატივა უტოპიურად ჩათვალა, ისევე, როგორც ხელისუფლების რეგიონული, კავკასიური პოლიტიკის სხვა მიმართულებები, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიასთან მცირედ დაუბალანსებელი და "სპეციფიკური" ურთიერთობა, რომელიც, როგორც მაშინდელი სტატიები მეტყველებს, თვით დასავლეთისთვისაც მთლად გასაგები არ იყო. ჩერქეზების გენოციდის აღიარების თემამაც, თვით ჩერქეზებშიც გარკვეული წინააღმდეგობრივი მოსაზრებები წარმოშვა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უცხოეთში მცხოვრებ ეთნიკურ ჩერქეზებში, "გაურკვეველმა ძალებმა", თვით ამ ფაქტის შემდეგაც კი, მკვეთრად ანტიქართული კამპანია გააჩაღეს.
კვლავ აზერბაიჯანის თემას რომ დავუბრუნდეთ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემური საკითხები, დავით გარეჯის მოვლენების დროს გამოჩნდა და ეს სენსიტიური საკითხი დღემდე მოუგვარებელია. ახალ ხელისუფლებას, ამ მიმართულებითაც სერიოზული მუშაობა მოუწევს. ზოგადად კი, დიდი პრობლემაა საქართველოს საზღვრების დემარკაცია-დემილიტაციის საკითხი, რომელიც გადაჭრილი არ არის, გარდა თურქეთისა და შესაძლოა, პრობლემები სხვა მეზობლების საზღვრებზეც გამოჩნდეს, რომლის ნიშნები პერიოდულად იკვეთება-ხოლმე. ამიტომ აშკარაა, რომ რეგიონის მასშტაბებში, ახალი ხელისუფლება უახლოეს მომავალში ბევრი ისეთი თემის წინაშე აღმოჩნდება, რომელთა მოგვარებაც დროის და დიდი მუშაობის საკითხია.
როგორი იქნება ახალი ხელისუფლების კავკასიური პოლიტიკა, ამ კითხვას ბიძინა ივანიშვილს არცთუ ისე ხშირად უსვამენ, ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მას ამის შესახებ პირველ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერმა, პასუხისას სიფრთხილე გამოიჩინა. ამ დროს კი ეს ერთ-ერთი ყველაზე საშური საკითხია, სადაც პრიორიტეტების გამოკვეთა ძალზედ მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ჩვენი სახელმწიფოს მომავლისა და განვითარებისათვის. თუმცა, თუნდაც ის რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე რუსეთის მოქალაქეს, დიდი ალბათობით, მოსკოვს არ გადასცემენ, უკვე შეიძლება გარკვეულ მესიჯად ჩავთვალოთ, რაც საინტერესო და მისასალმებელია.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

ავტორი: . .