თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ნეგატიურ სტატიათა ასეთი „ნიაღვარის" ახსნა მხოლოდ „მიშას ლობიზმით" ან ძველ ელჩთა ინტრიგებით, „მეოცნებეთა მასისთვის" შესაძლოა მისაღებიც იყოს და ხელისუფლებამ მის გასაგონად სწორედ ასე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, ამგვარი ინტერპრეტაცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. The Washington Post არ არის ტაბლოდი, არ არის USA today! The New York Times-თან და The Wall Street Journal-თან ერთად იგი ამერიკის ყველაზე გავლენიან, სოლიდურ და სერიოზულ გაზეთთა სამეულშია. აქ სარედაქციო (Editorial) სტატიის „ჩაწყობა" აბსოლუტურად გამორიცხულია.
სულ სხვა საქმეა, როდესაც სტატია ქვეყნდება სარეკლამო ფართზე. უამრავი ამგვარი სტატია გამოუქვეყნებიათ მიშას და ბიძინას ლობისტებს, მაგრამ Editorial არის რედაქციის, ზოგჯერ კი თვით გამომცემელთა აზრი, ანუ იმ ჯგუფისა, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკული ისტებლიშმენტის ძალიან გავლენიანი დაჯგუფების ინტერესებს გამოხატავს. სწორედ The Washington Post-ის სარედაქციო სტატიამ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმადე რამდენიმე თვით ადრე, გადაწყვიტა ბარაკ ობამას საბოლოო ლეგიტიმაციის საკითხი და წერტილი დაუსვა დისკუსიებს იმავე ისტებლიშმენტში პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მიზანშეწონილობის შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუ ყურადღებით წავიკითხავთ, ამ სტატიაში, ისევე როგორც სხვა უამრავ ოპუსში, რაც ბოლო დროს ქვეყნდება ამერიკულ და ევროპულ პრესაში, სტერეოტიპულ წარმოდგენათა რამდენიმე „კვანძი" მჟღავნდება. ეს ჩვენ მიგვაჩნია დასავლეთი და დასავლური საზოგადოება ყოვლისმცოდნედ და ყოვლისშემძლედ, თორემ სინამდვილეში იმ რეგიონებზე, სადაც დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესები სულაც არ იკვეთება (მაგალითად კავკასიაში - განსხვავებით ახლო აღმოსავლეთისაგან) წარმოდგენები მეტისმეტად გამარტივებული და არადიფერენცირებულია.
მაგრამ თუ პოლიტიკოსი ხარ, ეს უნდა გაითვალისწინო და ისეთი შეცდომები არ დაუშვა, პრიმიტიული წარმოდგენები კიდევ უფრო გაძლიერდეს. მაგალითად, არა მხოლოდ ამ სტატიის არამედ სხვა უამრავი ოპუსის ლაიტმოტივია შედარება უკრაინის სიტუაციასთან. სტერეოტიპული წარმოდგენა კი ასეთია: უკრაინაში არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო წინა, დემოკრატიული ხელისუფლების დაჭერა - დაიჭირა „დემოკრატი" იულია ტიმოშენკო! საქართველოში ხდება იგივე: „დემოკრატმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა" პატიოსნად აღიარა დამარცხება არჩევნებში, გადააბარა ხელისუფლება ივანიშვილს, მან კი პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო მისი მომხრეების მიმართ, შეაგზავნა ფინანსური ინსპექცია საზოგადოებრივ მაუწყებელში, - რომელიც ევროპელი ექსპერტების დასკვნით ყველაზე დაბალანსებული ტელევიზიაა, - დაიწყო ოპოზიციური მუნიციპალიტეტების ბლოკირება, „შერჩევითი სამართლით" იჭერს პრეზიდენტის მომხრეებს, ემუქრება დაპატიმრებით ოპოზიციური პარტიის ლიდერს (ვანო მერაბიშვილს) აგრეთვე თბილისელების მიერ არჩეულ ქალაქის მერს და ა.შ. და ა.შ.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ სინამდვილეში რეალობა უფრო რთულია, უფრო რაფინირებულია და ამ მარტივ სქემებზე არ დაიყვანება, ვერ შევცვლით მთავარს და ახალი ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიშს: დასავლეთში ყალიბდება წარმოდგენები, რომლებიც პოლიტიკური დომინანტის მნიშვნელობას იძენენ. სწორედ ეს განასხვავებს იმ ცივილიზაციას (პირობითად) „რუსულ-საბჭოთა" ცივილიზაციისაგან. „ჰომოსოვიეტიკუსისთვის" ძნელი გასაგები და ასახსნელია, რაოდენ კოლოსალური მნიშვნელობა აქვს იმ სამყაროში საზოგადოებრივ აზრს, რომელიც სწორედ ისეთი Opinion maker-ების მიერ ყალიბდება, როგორიც The Washington Post და მის მიღმა მდგომი მძლავრი სოციალური ჯგუფია.
ასმეერთედ კითხულობენ: რატომ არ მოჰყვა დასავლეთში ასეთივე რეაქცია 2004-2005 წლების „დაჭერებს"? თანაც ირაკლი ოქრუაშვილი იმ დაჭერებს ელემენტარული ადამიანურობის ნორმათა დარღვევით ახორციელებდა! ასმეერთედ შეიძლება ვუპასუხოთ: იმიტომ, რომ მაშინ ხელისუფლება შეიცვალა არა არჩევნებით, არამედ რევოლუციით და იმ რევოლუციას დასავლეთმა მხარი დაუჭირა! საქართველოში ბევრისთვის „გადატრიალება" იყო, მაგრამ CNN-მა შექმნა ლამაზი სურათი, ხოლო ცნობილი გამოთქმაა, რომ „რევოლუცია სხვა არაფერია, თუ არა წარმატებული გადატრიალება" და პირიქით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აბსოლუტურად გაუგებარია, რას აძლევს ეს ყოველივე დღევანდელ ხელისუფლებას, გარდა დასავლეთში მოარული პრიმიტიული სტერეოტიპის გაძლიერებისა? „ხალხი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვსო". ესე იგი, რაკი ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფების შემცირება ვერ ხერხდება, ერთადერთი შესრულებული დაპირება „დაჭერებია?!".
მაგრამ საქმეც ისაა, რომ ე.წ. „სამართლიანობის აღდგენაც" სულ მალე საპნის ბუშტივით გასკდება: როგორც კი პირველი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, პრეზიდენტი დაუყოვნებლივ შეიწყალებს ყველას! დღეს მიშას არ შეუძლია შეწყალოს ბაჩო ახალაია, რადგან სასამართოს ვერდიქტი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ როგორც კი მიუსჯიან (თუ მიუსაჯეს საერთოდ) მაშინვე შეიწყალებს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ პრეზიდენტი ამ პრეროგატივას გამოიყენებს? ჰოდა ძნელი წარმოსადგენი არ არის იმავე მასის იმედგაცრუება, როდესაც მთელი ამ გნიასის შემდეგ, მაქსიმუმ 3 თვეში (სასამართლო მეტად ვერ გაიწელება) იგივე ბაჩო ახალაია თვალდაუხამხამებლად, ამაყად ყელმოღერებული გამოვა გარეთ და ყურებზე ხახვსაც ვერავინ დააჭრის!
ღირდა ამად დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება?
მეორე მიზეზი დასავლური წარმოდგენებისა თვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური და ვერბალური შეცდომებია. კატასტროფული შეცდომა იყო მოწოდება (იქ გაიგეს როგორც ულტიმატუმი) პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. ასევე მისი ზოგიერთი გამონათქვამი.
მარტივი მაგალითი: რატომ არ მოჰყვა დასავლეთში მწვავე რეაქცია სააკაშვილის უხეირო და უხიაგ (ყველაზე რბილად თუ ვიტყვით) წამოცდენას „ჩვენ რა ზანგები ვართ", მაშინ როდესაც ივანიშვილის განცხადება სომხებზე ყველამ გადაბეჭდა და მის ეთნოტოლერანტობაშიც კი შეიტანეს ეჭვი? იმიტომ, რომ სააკაშვილის განცხადება „ზანგებზე" არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო „ადრესირებული" - ზანგები საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ არსებით უმცირესობას ანუ არ არიან პოლიტიკური Entity. ამიტომ მიშას სიტყვები შეიძლება კიდეც ეწყინათ, მაგრამ პოლიტიკური დემარშისთვის ან შორსმიმავალი დაკვნებისთვის საკმარისად არ მიიჩიეს. აი ივანიშვილის, ასევე რბილად თუ ვიტყვით, „უხერხული" განცხადება სომხებზე უფრო სერიოზულად აღიქვეს, რაკი სომხები (ზანგებისაგან განსხვავებით) საქართველოში არსებითი უმცირესობაა, ანუ ეს განცხადება „ადრესირებულად" მიიჩნიეს და არა იდიომატურად. მით უმეტეს, რომ იგი „პაზლის" სიზუსტით თავსდება გარემოცვის წევრთა არანაკლებ „საინტერესო" განცხადებათა მოზაიკაში „ქართული გენების" და „ქართველი ცოლების" შესახებ.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 21 წლის წინ ჩვენ უკვე გვყავდა ლიდერი, რომლის ვერბალურმა შეცდომებმა იგი თავადაც დაღუპა და ქვეყანაც ლამის გადაიყოლა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა ესეც არ არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ უყურებენ დასავლეთში ივანიშვილს ესოდენ ეჭვის თვალით. უმთავრესი მაინც ისაა, რომ მათ ვერ გაიგეს, რა უნდა ამ პოლიტიკოსს, რაში მდგომარეობს მისი „პროექტი" და, მთლიანობაში, რას წარმოადგენს იგი როგორც პოლიტიკური ფენომენი! დასავლური საზოგადოებისთვის (მისი იმ ნაწილისთვის, ვინც საერთოდ იცის, რომელ კონტინენტზეა საქართველო) ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ფაქტორია: მიშა იქ აღიქმებოდა, როგორც მკაფიო პროექტის მატარებელი პოლიტიკოსი, ვინც იცის რა უნდა. აი, ბიძინა ივანიშვილს რა უნდა ან რა პროექტი გააჩია, - ვერაფრით მიხვდნენ.
აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ თითქოს მისი „პრორუსულობის" ეჭვი აქვთ და თურმე იმდენად აღელვებთ საქართველოს საგარეო ორიენტაცია, რომ ამის გამო აკრიტიკებენ მთავრობას. სინამდვილეში ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი კი არა, ხვალ რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეთ, ესეც კი არ ააღელვებთ მაინცდამაინც. უბრალოდ, დასავლური აღქმის თავისებურებაა (მით უმეტეს, როცა საქმე გაპოლიტიკოსებულ „მაგნატს" ეხება), რომ როცა ისინი ვერ ახერხებენ პოლიტიკოსის და მისი პროექტის ზუსტ დეტერმინირებას, ინსტიქტურად მიმართავენ უპირატესად ნეგატიურ სტერეოტიპებს, ვიდრე პოზიტიურს, რომლებიც მიშას სასარგებლოდ ამუშავდნენ 2003 წლის ნოემბრიდან.
ამ მომენტებს თუ ახალმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია და ჯიუტად განაგრძო სრულიად უსარგებლო და, საბოლოო ანგარიშით, წამგებიანი სვლების კეთება, იგი ძალიან ცუდად დაამთავრებს! ვაშინგტონში ვიზიტის გადადების მიზეზად პრემიერ-მინისტრის „მოუცლელობა" კი დასახელდა (თანაც ძალიან უცნაური არგუმენტაციით, რომ თურმე, რამდენიმე დღით საქართველოს დატოვებისას „გუნდში ერთმანეთს დაჭამენ"), მაგრამ არსებობს „დასაბუთებული ეჭვი", რომ ვიზიტი სულაც არ გადადებულა. იგი გაუქმდა. თანაც სწორედ ამერიკული მხარის ინიციატივით! ოღონდ ამერიკელებს ჯერ ჯერობით (!) არ აწყობთ ამ გადაწყვეტილებისთვის დიპლომატიური დემარშის ფორმის მიცემა.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი