მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ყველა დროსა და ეპოქაში, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სწორედ ერთი პოლიტიკური ერის დასრულება და მეორის დაწყება ყველაზე სარისკოდ ითვლება, მით უმეტეს, ისეთ სენსიტიურ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რომელიც უკვე, ფაქტობრივად, წლებია დენთის კასრზე ზის. სააკაშვილის მმართველოს დასასრულმა და ახალი მთავრობის სტრატმა, ბევრს სწორედ ის ეპოქა გაახსენა, რომელიც საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა. პოლიტიკური ოპონენტები, დღეს, ერთმანეთს ადანაშაულებენ "წარსულში დაბრუნებაში". ეს ურთიერთბრძოლა კი უკანასკნელ ხანს ლამის უსაგნო ისტერიაში გადაიზარდა.
რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს ახალი გარდამავალი პერიოდი საქართველოში, როცა, რეალურად, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა და პრეზიდენტი და პრემიერი ურთიერთის რადიკალური ოპონენტები არიან? მიუხედავად იმისა, რომ ორი პოლიტიკური ძალა, სახელმწიფოს მართვაში, საქართველოსთვის უჩვეულო პირობებში, ერთმანეთის გვერდით თანაარსებობას ასე თუ ისე იტანს და ერთმანეთს ქვემეხებით არ დასდევს თბილისის ქუჩებში, "აფეთქების" რისკები რომ მაინც არსებობს, ამაზე სხვადასხვა ფაქტორი მეტყველებს. "აფეთქებაში" კი აუცილებლად არ შეიძლება ვიგულისხმოთ მაინცდამაინც სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება.
დღეს, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით, საამისო რეალური საფრთხე არ არსებობს. განსხვავებით ზემონახსენები პოსტსაბჭოთა პერიოდისაგან, დღევანდელ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო ბევრად მეტად აინტერესებს, მთელი რიგი ლოკალური და გლობალური ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისად, სიტუაციის კონტროლს ბევრად ეფექტურად ახერხებს. ამასთან, პოლიტიკური ძალებიც გაცილებით პროგრესულნი და განვითარებულნი არიან იმ კუთხით, რომ მსგავსი საფრთხე საქართველოში დღეს მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ფორმებმა გაცილებით ცივილიზებული სახე მიიღო, შესაძლოა, ამ ურთიერთკინკლაობის პროცესმა, ქვეყანის ზოგადი ინტერესები მნიშვნელოვნად დააზარალოს.
გუშინ თბილისში მორიგი მკვლელობა მოხდა - ბოლო კვირებია ამ ფრაზით იწყებს ქართული მედიის ნაწილი ახალ ამბებს, რომელსაც სოციალური მედია ავტომატურ რეჟიმში იმეორებს. ამ ფრაზაში აქცენტი სწორედ ამ სიტყვაზეა - მორიგი, რაც, გარკვეულწილად, იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ქვეყანაში მკვლელობების მთელი სერია წარიმართა და ამ "განგსტერულ ქალაქში", აი, "მორიგი მკვლელობა" მოხდა.
რეალურად, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულების სტატისტიკას გადავხედავთ, ამ ეტაპზე, განგაშის ზარების შემოკვრისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს: მაგალითად, მშრალი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ერთ თვეში, 2011 წლის დეკემბერში მოხდა განზრახ მკვლელობის 18 ფაქტი, აქედან გაიხსნა მხოლოდ 9, ქურდობის 1162 ფაქტი და აქედან გახნილია მხოლოდ 225, ძარცვის (მათ შორის, ავტომობილების და მობილური ტელეფონების) 46 ფაქტი, აქედან გახნილია მხოლოდ 14, ყაჩაღობის 27 ფაქტი, მათგან გახსნილია მხოლოდ 9 და ასე შემდეგ, დაინტერესებულებს ეს სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ იხილონ. ქართველ პუბლიკას შეუძლია წარმოდიგინოს სიტუაცია, თუ რა მოჰყვებოდა ამ თითოეულ ფაქტს, თუ მთელი ქართული მედია ყოველდღიურად გააშუქებდა იმ კონტექსტით, რაც დღეს ახლავს ყოველ ამგვარ კრიმინალურ ქრონიკას.
თუმცა, თუნდაც ზემომოყვანილი კონკრეტული ფაქტები არ მეტყველებს იმას, რომ მაშინდელი შსს არაეფექტურად მუშაობდა. რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით ბევრი რამ გამოსწორდა, დაიხვეწა, მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, მაგრამ იგივე სტატისტიკა იმაზეც მეტყველებს, რომ დღევანდელ მდგომარეობაში საგანგაშო არაფერია და სიტუაცია, მით უმეტეს, გარდამავალი პერიოდის რისკების გათვალისწინებით, კონტროლს ექვემდებარება. თუმცა, რატომღაც მაინც ყველა "კრიმინალური ფონის გაუარესებაზე" საუბრობს, რამაც უსაფუძვლო ისტერიის მდგომარეობაც კი მიიღო. ისიც ფაქტია, რომ პროპაგანდამ ამ მიმართულებით დამნაშავეთა გარკვეულ კატეგორიაში მართლაც შეიძლება მოახდინოს დანაშაულის პროვოცირება და წახალისება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას, ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მოუწევს.
რაც შეეხება დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკებს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ იდეოლოგიური და სტრატეგიული დისბალანსი, ძირეულ საკითხებთან მიმართებაში, ფაქტობრივად, არ წარმოქმნილაა, წესით, სახელმწიფოს ძირითადი სტრუქტურების "ხელში აყვანა", ახალ ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ შეეხება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა უმრავლესობას, რომელთანაც მიმართებაში ივანიშვილის მთავრობა საქართველოს ისტორიაში ცივილიზებული მსოფლიოსათვის დამახასიათებელი იმ პრეცედენტის შექმნას ცდილობს, რასაც ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისათვის, თანამდებობის პირთა მხრიდან, სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობა ჰქვია.
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი