თვით პროცესების ლოგიკა მოითხოვდა, რომ საკითხი აუცილებლად დაისმებოდა და ხელისუფლება მოინდომებდა ვანოსთვის მისი მეგობრების გვერდით მიეჩინა ადგილი. სხვაგვარად არ გამოვიდოდა, რადგან როცა აპატიმრებ მინისტრის მოადგილეებს, მის უახლოეს თანამშრომლებს, ვისთან ერთადაც ხელმძღვანელობდა იგი სამინისტროს 8 წლის განმავლობაში და არ აპატიმრებ თვით მინისტრს - ეს უკვე სისუსტის და გაუბედავობის გამოვლინებად აღიქმება იმავე „სეირის მაყურებლის" თვალში.
არადა, ბოლო პრეს-კონფერენციამ დაადასტურა, რომ ამ მომენტებს ბიძინა ივანიშვილი სერიოზულ ყურადღებას აქცევს. მეტისმეტად ემოციური იყო „დაჭერებზე„ საუბრისას და არა იმდენად დასავლეთს მიმართავდა, რამდენადაც საკუთარ ამომრჩევლებს, ვისაც სამართლიანობის აღდგენას დაპირდა. მართალია იქვე თქვა, „მთავარ პროკურორ კბილაშვილს სულაც არ ვიბარებ და არასდროს ვეუბნები ვინ დაიჭიროს და ვინ არაო", მაგრამ დავაკვირდეთ საინტერესო ნიუანსს: ვანო მერაბიშვილის საქმეს არა პროკურატურა, არამედ თვით შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობდა. არა მთავარმა პროკურორმა კბილაშვილმა, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერის „მარჯვენა ხელმა", - ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ამ საქმის ინიციირება. და სწორედ ის ბრალდება შეარჩია (სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით), რომელიც ყველაზე ხშირად ჟღერდა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ: რომ მან ხელი დააფარა ნამდვილ მკვლელებს, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, დათა ახლაია, ვინც უდანაშაულო ახალგაზარდის მკვლელობაში თანამონაწილეობასთან კავშირში იმხილებიოდა, მხოლოდ ფორმალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან, რეალურად კი კვლავ აგრძლებდა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.
ეს რომ სწორედ ასე იყო და არა სხვაგვარად - უამრავი ფაქტით მტკიცდება. თუმდაც იმავე „ფარული მოსმენების" საქმით, რომლის ფიგურანტები ახსენებენ ვინმე დ.ა.-ს, ვინც მთლიანად საქმის ყურში იყო და ხელმძღვანელობდა კიდეც ოპერაციას. ძნელი დასამტკიცებელი მხოლოდ ის იქნება, რომ ასეთი რწმუნება დათა ახალაიას სწორედ ვანო მერაბიშვილისგან ჰქონდა. თუმცა, ამ შემთხვევაში „თანამდებობის ბოროტად გამოყენება" იურიდიულად იქნება ძნელი დასადასტურებელი, თორემ სინამდვილეში რომ ასე იყო, - არავის ეპარება ეჭვი. მით უმეტეს, თავად დათა ახალაია საქართველოში არ იმყოფება და, ძმისგან განსხვავებით, დაბრუნებას არ აპირებს. მაგრამ არსებობს მეორე მუხლი: „სამსახურეობრივი გულგრილობა", რომელიც შეიძლება გამოიყენოს პროკურატურამ. ჯერ-ჯერობით კბილაშვილი ფრთხილ კომენტარებს აკეთებს, თუმცა ესმის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უმაღლეს (მისთვის უმაღლეს) დონეზე უკვე მიღეულია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას სააკაშვილი სწორედ იმ „წითელი ხაზის" გადაკვეთად აღიქვამს, რომელიც თავად გაავლო, როცა იძულებული გახდა, ხელისუფლების გადაბარებისას მთავრობისათვის ძალოვანი სტრუქტურებიც დაეთმო. მათ შორის პროკურატურა და შინაგან საქმეტა სამინისტრო. კონკრეტულად რას მოიმოქმედებს - ძნელი სათქმელია. თუმცა ნურავის ეგონება, რომ მას არანაირი შესაძლებლობები არა აქვს. ასე რომ ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილი იმავე პრეს-კონფერენციაზე არ ილაპარაკებდა კონსტიტუციური რეფორმის დაჩქარების თაობაზე. მაშასადამე, არსებობს ასეთი „დაჩქარების" აუცილებლობა - იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს და მომავალი წლის ბოლომდე ექნება. ერთი წელი კი ქართული პოლიტიკისთვის ძალიან ბევრია.
სააკაშვილს იურიდიულად სრული უფლება და შესაძლებლობა რჩება, ნებისმიერ მომენტში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადააყენოს მთავრობა და „მოვალეობის შემსრულებლად" დანიშნოს რომელიმე თანაგუნდელი. მართალია ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი არ დაეთანხმება ხოლო სახელმწიფოს მეთაურს ზაფხულამდე მისი დაშლის უფლებაც არ გააჩნია, მაგრამ სიტუაცია დაეკიდება ჰაერში, როცა ძალაუფლების ერთადერთი რეალური წყარო ისევ პრეზიდენტი იქნება.
ივანიშვილის გუნდმა პოლიტიკურად ამას შეიძლება დაუპირისპიროს მხოლოდ მიტინგები და დემონსტრაციები, ავლაბრის სასახლის ალყა და ა.შ. მაგრამ ძალიან (მეტისმეტად) ბევრი რამ დამოკიდებული იქნება დასავლეთის პოზიციაზე: თუ ბაჩო ახალაიას დაპატიმრებაც კი „ნატო" - ს გენერალურმა მდივანმა პოლიტიკურ დევნად შეაფასა, მაშინ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერას საერთოდ „დიქტატურის დამყარებად" გამოაცხადებს. ბიძინა ივანიშვილისთვის აქ ყველაზე უსიამოვნო და საშიში ის არის, რომ იგი ხდება ობიექტურად მიმადინარე პროცესთა მძევალი, ანუ ექცევა ცუგცვანგის მდომარეობაში, როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია, თუმცა უმოქმედობაც არ გამოდის. სწორედ მოვლენათა ლოგიკამ იგი საბოლოოდ და გარდაუვალად შეიძლება მიიყვანოს დასავლეთთან მწვავე დაპირისპირებამდე. ამის ნიშნები უკვე არის. თუნდაც ვაშინგტონში ვიზიტის გადადება ძალიან უცნაური მოტივაციით. ხოლო იმ პირობებში, როცა რუსეთთან ურთიერთობა კვლავაც „დაულაგებელია" და საეჭვოა საერთოდ დალაგდეს, დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვა კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს არა მხოლოდ დღვანდელი მმართველი გუნდის, არამედ ქვეყნისათვის.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი