სოხუმში ჩასული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორმა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებათა მნიშვნელობა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარი ამოცანა ეს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის გამყარებაა.
ფილიპ ლეფორი იმედს იტოვებს, რომ დისკუსიების მორიგი რაუნდი წარმატებული იქნება. დიპლომატი ჟენევის პროცესის ყველა მონაწილისაგან მოთბინებასა და კომპრომისს ელოდება.
თავის მხრივ, თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ანტი ტურუნენმა რეგიონში არსებული სიტუაცია "სტაბილურად და მშვიდად" შეაფასა. ამასთან ერთად მან სინანულით აღნიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გალის შეხვედრები აღარ ტარდება.
"მიმაჩნია, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ საკითხები რომლებიც საზღვარზე ადამიანთა თავისუფლად გადაადგილებას ეხება", _ განაცხადა მან.