საქართველოში, არჩევნების წინ მომხდარი "ციხის სკანდალის" შემდეგ, როდესაც ქუჩაში გამოსული, აღშფოთებული ქართველები ხელისუფლების პასუხისმგებლობის მოთხოვნებს აყენებდნენ, რუსული საზოგადოება მოვლენებს აკვირებოდა და დაუფარავი შურით მისჩერებოდა მეზობელი, პატარა ქვეყნის საზოგადოების რეაქციებს. ჩვენთან ამ მიზეზით ქუჩაში არავინ გამოვიდოდა - აცხადებდნენ რუსები, რომლებიც მინისტრების გადადგომასა და შემდგომ, ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლაზე მეტად, ქართველების აქტიურობამ, პროტესტის გამოხატვისას გამოჩენილმა პრინციპულობამ და ბრძოლისუნარიანობამ გააკვირვა.
შიდა პოლიტიკური ვითარება დღევანდელ რუსეთში საიმისო საფუძველს არ იძლევა, რომ ახლო მომავალში რაიმე მკვეთრი, რადიკალური ცვლილებების პროგნოზი გავაკეთოთ, რაც შეეხება საგარეო მიმართულებას, აქ უკვე საინტერესო რეალიების მოწმენი შეიძლება გავხდეთ. კარგავს თუ არა რუსეთი მოკავშირეებს? - ამ თემას დასავლური პრესა სტატიებს უძღვნის და სირღმისეულ ანალიზს წარმოგვიდგენს. სპეციალისტების აზრით, რუსეთი პარტნიორებს და მოკავშირეებს კარგავს. აზიის ის ქვეყნები, რომლებიც გეოპოლიტიკურ ფრონტზე რუსეთის ყველაზე აქტიურ თანამდგომებად ითვლებოდნენ, მის ორბიტას ნელ-ნელა შორდებიან და დამოუკიდებელ მოთამაშეებად ყალიბდებიან. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარია ინდოეთი.
რუსეთ-ინდოეთის გეოპოლიტიკურ მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც, ეს ორი სახელმწიფო აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობდა. მათი ინტერესები არასდროს ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს და ამიტომ, ბუნებრივად, საერთო მოწინააღმდეგეები ჰყავდათ. ამას გარდა, ქვეყნებისთვის მთავარი იყო სტაბილურობა ცენტრალურ აზიაში და ჩინეთის მზარდი გავლენის შეკავება. ამ ყველაფერს ემატებოდა ორი ქვეყნის საერთო ეკონომიკური პროექტები და ინტერესები, ისინი ერთმანეთთან რეგულარულ კონსულტაციებს მართავდნენ კრიზისების და ვითარების გამწვავების პერიოდებში. თუმცა, გლობალურ კონფიგურაციაში, რიგი ცვლილებების შემდეგ, ეს ურთიერთობა, შესაძლოა, სულ სხვა გზით წავიდეს და ორი სახელმწიფოს გზებიც გაიყაროს. ინდოეთისთვის, რუსეთთან კავშირი ისეთი სამომავლო ღირებული კაპიტალი აღარ არის, როგორც ეს მანამდე იყო - წერს უცხოური პრესა.
უკანასკნელ ხანს, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და აშშ-ის სხვა კრიტიკოსებმა, ახალი რეალობის გათვალისწინებით, სტრატეგიების და ვექტორების ცვლილებები დაიწყეს. ისინი პარტნიორების მიმართ, ძველებურ ლოიალობას აღარ იჩენენ. გლობალური თამაში ახალი წესებით და ახალი გადანაწილებებით მიმდინარეობს და მსოფლიო მოთამაშეებიც სულ სხვა მაგიდასთან სხედან. რუსეთს კი მეტად ცუდი პოზიცია აღმოაჩნდა ამ სიტუაციაში.
როგორც დასავლელი ექსპერტები აცხადებენ, ძალთა ახალი ბალანსის გათვალისწინებით, ინდოეთი გეოპოლიტიკის ძველი პრინციპებით ამოქმედდა. მას უკვე ხელს აძლევს პარტნიორობა და მეკავშირეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც, ობიექტური ლოგიკის მიხედვით, ჩინეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ, მის თანამდგომობას უკეთ შეძლებს, ვიდრე ამას გაურკვევლი მომავლის მქონე რუსეთი ახერხებს. ინდოეთს, ამერიკის მსგავსად, ეშინია ჩინეთის აღმავალი გავლენის და ეძებს გავლენიან მოკავშირეს, რათა პეკინის სვლა როგორმე შეზღუდოს და მისი იმპერიული მადის რეალიზაციას ხელი შეუშალოს. ამ სიტუაციაში, "მსოფლიო დემოკრატიის ჟანდარმი" მისთვის ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა შეიძლება აღმოჩნდეს "სამეგობროდ".
ამ მდგომარეობას დაემთხვა აშშ-სა და პაკისტანს შორის ვითარების გაუარესება. თუ აქამდე, ინდოეთის დაუძინებელი მტერი, პაკისტანი, რომელსაც მეზობლის შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი ზიანი მოჰქონდა, აშშ-სათვის პარტნიორი იყო, ამ უკანასკნელსა და პაკისტანს შორის ავღანეთში ინტერესების შეჯახების შემდეგ, პირიქით, მისი მტერი გახდა, რამაც აშშ და ინდოეთი ერთმანეთს კიდევ უფრო დაახლოვა. ეს ყველაფერი კი რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე უკვე უარყოფითად აისახა. სტრატეგიული პარტნიორების ცვლილება კრემლისათვის ამ ეტაპზე უკიდურესად წამგებიანი იქნება, მით უმეტეს, გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად უარესდება...
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი