ხუთშაბათს, 22 ნოემბერს, 12 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება რეჟისორ ირაკლი კვირიკაძის მასტერკლასი.
საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაღებული აქვს ფილმები: "ქვევრი" (1970), "პამირის მთებში"(1971), "კონცერტი-72" (1972), "სადღეგრძელო" (1973).
1975 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გადაიღო მხატვრული ფილმები: "ქალაქი ანარა" (1976), "მოცურავე" (1981), "ამხანაგი სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" (1990) და სხვა.
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია 20-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის: რეჟისორ ნანა ჯორჯაძის თითქმის ყველა მხატვრული ფილმი „მეტეოიდიოტის" (2008) ჩათვლით, "ურჩხული ანუ ვიღაც სხვა" (1988, რეჟ. ალიასკარ ფატხულინი), „ლიმიტა" (1994, რეჟ. დენის ევსტიგნეევი), „ლუნა პაპა" (1999, რეჟ. ბახტიარ ხუდოინაზაროვი), „ბერძნული არდადეგები" (2005, რეჟ. ვერა სტოროჟევა), „ჩვენი დროის გმირი" (2006, რეჟ. ალექსანდრ კოტი), „მამა" (2007, რეჟ. ივან სოლოვიოვი) და სხვა. ირაკლი კვირიკაძის სცენარით შეიქმნა რამდენიმე ქართული მულტიპლიკაციური ფილმიც: "ტალანტი" (1981), "ახლა გამოფრინდება ჩიტი" (1983), "ჟანგიანი რაინდი" (1984), "ბო-ბო" (1985), "ლოკოკინა" (1986) და სხვა.
1989 წელს საფრანგეთის სცენარების ყოველწლიურ კონკურსზე უმაღლესი პრემია - გრან-პრი მიენიჭა კინოსცენარს "ლოყებღაჟღაჟა დონ ჟუანის ცრემლები", თვითონ კვირიკაძე კი აღიარეს "საფრანგეთის 1989 წლის საუკეთესო სცენარისტად". 1989 ამერიკაში ჩატარებულ სასცენარო კონკურსში პრიზი - "ჰარტლი-მერილი" - საუკეთესო სცენარისათვის მოიპოვა მისმა სცენარმა "ამერიკელი მეძავი".
რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გამოცემული რომანების, მრავალი მოთხრობის, ესეებისა და კინოსცენარების ავტორი ირაკლი კვირიკაძე საკუთარ თავს ხშირად უწოდებს „გრაფომანს" და თავის მოწოდებადაც, რეჟისურაზე მეტად, ამბების შეთხზვას თვლის.
ამჟამად მუშაობს ამერიკაში, გერმანიასა და რუსეთში.