ENG / RUS       12+

მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთიდან დაიწყება?

მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბარი, წლებია გრძელდება. ექსპერტების უმრავლესობას, ამ თემაზე მსჯელობისას, უპირველესად, ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის ირგვლივ განვითარებული პროცესები ახსენდება. როგორც მსოფლიო მედია იუწყებოდა, ისლამური რესპუბლიკის მესვეურებმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებაზე მზადყოფნა გამოთქვეს, მხოლოდ არჩევნების შემდეგ. აშშ-ში არჩევნები ჩატარდა, თუმცა, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

თავად ირანის ხელისუფლების შიგნითაც განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება და შესაბამისად, წინააღმდეგობრივი განცხადებებიც კეთდება. უფრო ორთოდოქს-რადიკალებმა აიათოლა ალი ხამენეის ირგვლივ მოიყარეს თავი (აღსანიშნავია, რომ აიათოლა ერთადერთი რელიგიური ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც ჯარი ემორჩილება), შედარებით ლოიალურები კი პრეზიდენტ აჰმადინეჯადის გარშემო დაჯგუფდნენ. ხელისუფლებას ირანში ჰყავს ოპოზიციაც, რომელსაც მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების არცთუ მცირე ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგომი ცნობილი აქციების დარბევების შემდეგ, მიჩუმებულია და ძირითადად, უცხოეთში არსებული დიაპორის ფარგლებში იბრძვის.

რაც შეეხება უკანასკნელ განცხადებებს და სიტუაციას, ირანის აეროკოსმოსური ძალების მეთაური, გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე დარწმუნებულია, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რეალურია. გენერლის განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისრაელი თავს დაესხმება ირანს, რაც სიტუაციას სწორედ მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს. გენერალმა ინტერვიუ ტელეკოპანია „ალ-ალამს" მისცა და აღნიშნა, რომ ირანს არ აქვს სურვილი თავდასხმა პირველმა განახორციელოს, მაგრამ სავარაუდო აგრესორს საპასუხო დარტყმას აუცილებლად მიაყენებს. „ისრაელს წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორი შეიძლება იყოს ირანის პასუხი" - დაიმუქრა ჰაჯიზადე.

ოფიციალური თელ-ავივი და მთელი რიგი დასავლური სახელმწიფოები კი კვლავ აგრძელებენ თეირანის ჩვეულ რეჟიმში დადანაშაულებას, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. აჰმადინეჯადი კვლავ ძველებურად კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და ურანის გამდიდრების პროცესს მშვიდობიან მიზნებს უკავშირებს...
პალესტინა-ისრაელი კონფლიქტმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეს თემა, თუმცა, ახლო აღმოსავლეთში, მსგავსი სიტუაცია, არც პირველია და არც უკანასკნელი. არაბული ქვეყნები ისრაელს ჩვეულ სტილში აკრიტიკებენ, დასავლეთი კი, უბრალოდ, ძალადობის შეწყვეტას ითხოვს.

ფაქტია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში „ჰამასმა" მკვეთრად გაზარდა ისრაელის ინტენსიური დაბომბვა. უკანასკნელ კვირებში კი უკვე 110 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. „ჰამასის" მხრიდან საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება, ირანისგან ლობირებული „ჰეზბოლას" განცხადებებს დაემთხვა, ბაშარ ასადის მხარდასაჭერად, მოქმედებების დაწყებასტან დაკავშირებით.

ექსპერტებს, ამ სიტუაციასთან მიმართებაში, ორი ვერსია აქვთ: ერთის მიხედვით, ისრაელ-პალესტინის მორიგი კონფლიქტი, ეს იქნება ჩვეულებრივი პატარა ომი, რომელიც ღაზას სექტორს არ გასცდება და იანვარში დანიშნულ ქნესეთის არჩევნებამდე გაგრძელდება და მეორე, რომ ისრაელი, სავარაუდოდ, ამით მეორე ფრონტს გახსნის, ირანის სავარაუდო დაბომბვის დაწყების შემთხვევაში, თუმცა, სპეციალისტები მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან დაკავშირებით რადიკალური პროგნოზების გაკეთებისაგან, ამ ეტაპზე, მაინც თავის შეკავებას ამჯობინებენ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი

 

ავტორი: . .