ივანიშვილის პირველი ვიზიტი დასავლეთში შედგა: რასმუსენის განცხადების შემდეგ, მეორე ბანაკში არსებული მოლოდინები, რომ ახალბედა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სერიოზული კრახით დასრულდებოდა და გლობალური პოლიტიკის მამები, მას მაღალი ტრიბუნიდან, დაპატიმრებული ქართველი ექსჩინოვნიკების გამოშვებას კატეგორიულად მოსთხოვდნენ, არ გამართლდა. ივანიშვილი ევროპელ-ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა კარგად, მეტიც, ზედმეტად თბილად მიიღეს. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ქართველებისათვის საოცნებოდ გამხდარი სცენარი, ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა, დასავლეთის დიდი ხელშეწყობით, რეალობა გახდა, ახლა ამ უკანასკნელისთვის მთავარია ახალმა ხელისუფლებამ მთავარ სტრატეგიულ გეზს არ გადაუხვიოს.
თუმცა, ახალ მთავრობას მსგავსი არც არაფერი ეტყობა. საგარეო პოლიტიკური ვექტორები, რაც ამ მოკლე ხანში გამოიკვეთა, დასავლეთს უკმაყოფილების საფუძველს ნამდვილად არ აძლევს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხის დაყენებაც, მისთვის, როგორც ჩანს, სრულიად მისაღებია. გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში, ამ კონტექსტში სრულიად ჯდება: ობამამ გაიმარჯვა, ირანის საკითხის გადაჭრა სტარტზეა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა შენარჩუნებულია.
შესაბამისად, ამ ფონზე, თბილისში მიმდინარე დაპატიმრებების სერია დასავლეთს ნაკლებად აღელვებს. ჩინოვნიკებმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მთავარია ეს ყველაფერი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში არ გადაიზარდოს. თუმცა, ვინც საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების ანა-ბანა იცის, მისთვის ნათელია, რომ ეს უბრალოდ დიპლომატიური პასუხია იმ პრეტენზიებზე, რომელიც პრეზიდენტის მომხრეებმა წამოაყენეს, ახალი ხელისუფლების მიმართ და ზრდილობიანი უარი ქართული სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობაში ჩარევაზე. ფაქტია, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებში ეჭვმიტანილი წარმომადგენლების დაპატიმრებები არანაკლებ აქტიურად გრძელდება და როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლების დასჯას უცხოეთიდან არავინ აპირებს.
არჩევნებამდე მწერალმა ლაშა ბუღაძემ ქართველ საზოგადოებას არჩევნების შემდგომი სიტუაციის განვითარების სამი სცენარი შემოგვთავაზა. თუმცა, ალბათ მაინც ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც დღეს ხდება: ახალაია და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეში სხედან, ნაციონალები მიტინგებს ლეიბორისტების სტილში მართავენ, სააკაშვილ-ივანიშვილი ტანდემში უძღვებიან ქვეყანას, ყოფილი გენპროკურორი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, „რუსთავი2"-ის შეფი ხდება, ახლანდელი გენპროკურორი ყოფილი ყოვლისშემძლე "ვანოს კადრებს" აპატიმრებს.
ოდნავ კურიოზული სიტუაციები იქმნება ზოგადადაც: მორიგი დაკავებულის სასამართლოს მიერ გირაოთი გათავისუფლებას "ნაციონალები" საკუთარ გამარჯვებად აცხადებენ, ხოლო თეა თუთბერიძე და მისი ჯგუფი აპროტესტებს, რომ ბაჩო ახალაიასთვის პირადი ნივთების მიწოდებაზე, უკვე მთელი ნახევარი საათია მათთვის პასუხი არავის გაუცია.
ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, საქართველოში დაპატიმრებები არავის უკვირს, თუმცა ფორმები რომ კარდინალურად შეიცვალა, ამაზეც არავინ დავობს: მაგალითად, მინისტრმა თეა წულუკიანმა უარი თქვა ადრიანი დილით დაკავებულის ოჯახის ჩხრეკაზე, თუ ადრე ციხეში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა, ახლა ყოფილი მინისტრი და ამჟამად პრობაციონერი, ბაჩო ახალაია ციხიდან ინტერვიუებს დღეში სამჯერ იძლევა, იქმნება პრეცედენტი, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეს სასამართლო ათავისუფლებს და უცხო ქვეყნის აგენტიას ბრალდებითაც არავის აკავებენ. მოკლედ, ჯერჯერობით, თითქოს ყველაფერი რიგზეა.
რაც შეეხება, დღევანდელი ქართული პოლიტიკის ყველაზე გავლენიან პერსონას, ივანიშვილს, მისი სტრატეგია და დიპლომატია სრულიად არ ჯდება იმ სტილში, რაც წლების განმავლობაში საქართველოში დამკვიდრდა. მშვიდი, ევროპული მართვის სტილი თვით იმ ისტერიის ფონზეც კი არ იცვლება, რომელიც დამატიმრებებს ახლავს თან. სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებს, ოპოზიცია თავისას ცდილობს, საზოგადოება უკეთეს მომავალს მოთმინებით ელოდება, პრიორიტეტები გამოიკვეთა, მოკლედ, საქართველოში, ამ მოკლე ხანში, სიტუაცია მართლაც რადიკალურად შეიცვალა. ივანიშვილის შემდეგი ვიზიტი აშშ-შია დაგეგმილი. ამ მდგომარეობამ და დასავლეთის დამოკიდებულებამ გამოაჩინა, რომ საქართველოში დასავლეთს აინტერესებს ორი რამ: ერთი, არ გაფუჭდეს მისი იმიჯი ქართველების თვალში, რაც შესაძლოა, ქვეყნის ორიენტაციაზე უარყოფითად აისახოს და მეორე, ხელისუფლებამ, სტაბილურობის პირობებში, მკვეთრი იდეოლოგიური გადახვევა არ გააკეთოს. დანარჩენი კი, უკვე ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა, რომელში მკვეთრ ჩარევასაც აშკარად არავინ აპირებს.
რაც შეეხება ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთი, როგორც ჩანს, მიმდინარე პროცესებით მთლად კმაყოფილი არ არის. არჩევნების წინ გავრცელებული ხმები, რომ გიგა ბოკერია კრემლს სააკაშვილის თანადგომას სთხოვდა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეეფერება სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილის გამარჯვებით კრემლი დიდად მოხიბლული არ არის. მილიარდერი, რომელიც თავის დროზე რუსეთიდან პუტინს გამოექცა, ახლა ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირი და მკვეთრად პროდასავლური სტრატეგიის გამტარებელია, ამიტომაც რუსეთი ამ ეტაპზე პასიური მოთვალთვალის როლს უფრო იფერებს, ვიდრე პროცესების უშუალო მონაწილის. ეს განწყობები რუსულ ინტერნეტ-მედიაზეც აისახა, სადაც ერთის მხრივ, ივანიშვილის საწინააღმდეგო სტატიები გამოჩნდა, ხოლო მეორეს მხრივ იმაზეც, რომ ავტორები და იუზერები ქართველებისადმი დაუფარავი შურით ალაპარაკდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ახალი ტიპის დიპლომატიამ და ცვლილებებმა, ქვეყანას გარკვეული შედეგი უკვე მოუტანა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, თუ ამ დინამიკით განვითარდა მოვლენები, წესით, საქართველომ ის "დაკარგული ფორმა" უნდა დაიბრუნოს, რომელზეც უკვე ათწლეულებია ოცნებობს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ლელა კედელაშვილი